Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნესტან მამაცაშვილი - სტუდენტი


23 აგვისტო, კვირა

ისეთი წვიმაა, ყველაფერზე ფიქრის დრო გაქვს, თუმცა დრო მაინც არ კმარა თითქოს. ხვალ თბილისში მივდივართ და მიხარია, რომ წლევანდელ ზღვაზე ზღვური წვიმაც ვნახე, აქამდე სულ მზე იყო ჩვენ გვერდით, დღეს კი ელვა და მისთანებია. ესეც კარგია. თანაც საბაბია, რომ ზღვაზე არ წახვიდე, იკითხო, ან იუსაქმურო, პინგ-პონგი ითამაშო, წერო, ხვეტო... იტალიის ბილეთები გადავწიეთ და 5 სექტემბერს ვბრუნდებით მილანში. ვწელავ დროს - ვგრძნობ, აქ კარგია, ლაღად ვართ, თითქოს უდარდელად, იქ კი ჩასვლისთანავე დაგვეწყება გიჟური გრაფიკი, ღელვა, მობილიზება, არცერთი წამი მოდუნება და ეტყობა მაგიტომაც არ ვჩქარობ დაბრუნებას, არადა სამსახურიდანაც იწერებიან და ტყუილების აბლაბუდაში ვარ გახვეული, ვიმიზეზებ ხან რას, ხან რას...

ერთადერთი, რაც მომენატრა, იტალიური ენაა, un caffè per favore...

ყავაზე გამახსენდა, მილანში ყოფნისას ერთერთი, რაც ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე - დედასთან ერთად საუზმეა, ტოსტის გახუხული პური, მრავალნაირი ყველი, ცხელი ლიმონიანი ჩაი და გათქვეფილი ჭორაობა ჩვენებური.

24 აგვისტო, ორშაბათი

ხვალ ზღვას ვემშვიდობებით და შედარებით შეგრილებულ თბილისს ვუბრუნდებით, როგორ არ მინდა წასვლა. დავიწყებ აქეთ-იქით სირბილს, მაინც როგორი არაორგანიზებული ვარ ხოლმე თბილისში, იტალიისგან განსხვავებით. თბილისის გარემოში რაღაცა მემართება, ვჯადოვდები ალბათ და სულ ყირაზე ვდგავარ, ვერასდროს ვერაფერს ვასწრებ თითქოს, სულ ტელეფონი მიჭირავს ხელში და სადაც კი კუთხეს ვიპოვი, ეგრევე ოფისს ვხსნი და ვიწყებ საქმეების მოგვარებას. ამდენი საქმეც რა მაქვს, მაგრამ ეტყობა მაქვს...

სადგურში ვიყავით და ბილეთების დეფიციტია, თუმცა აღმოვაჩინეთ, რომ ევროპის მსგავსად ჩვენთანაც არსებობს ე.წ. carsharing, საიტზე: damemgzavre.ge. აქაც ვცადოთ-მეთქი, რაკი იტალიაში მოგზაურობის ეს ფორმა კარგად გვაქვს დაცდილი და დავიწყეთ ბათუმი - თბილისის მიმართულებით წამსვლელთა განცხადებების კითხვა. აი, მაგალითად, არის ვინმე 33 წლის რატი, რომელიც სიამოვნებით დაიმგზავრებს ორ მხიარულ გოგონას, ფასი 5 ლარი. ვრეკავ და ვეუბნები, ორი გოგო ვერა, მაგრამ მხიარული გოგო-ბიჭი ვართ-მეთქი. არაა პრობლემაო, მერე ფასი გადავამოწმე, 5 ლარი ღირს-მეთქი? და არაო, აბა რამდენი-მეთქი, და ველოდები, რომ დააბრეხვებს სამნიშნა თანხას. უკვე აფერისტს ვუწოდებ გულში, რომ უცბად - უფასოაო. ისე წაგიყვანთ, უბრალოდ მარტო მგზავრობა არ მიყვარსო… ვაი, დავდნი, მაგრამ რატის ვერც გავყევით და ვერც გავიცანით, რაკი გამგზავრების დრო არ გვაწყობდა. მერე გადავაწყდი ვინმე 33 წლის ვაჟას განცხადებას. ფასი და გამგზავრების დრო მისაღები. ვრეკავ. ასე, ასე-მეთქი. პატიოსანი კაცის ხმა ჰქონდა, უქცევდა არააჭარულად. ერთადერთი, რაც ვიფიქრე, 33 წლის ხმას ნაღდად არ უგავს ხმა. შევთანხმდით და ხვალამდე... ვახ, როგორ არ მინდა წასვლა.

მე რვა ბიძაშვილი მყავს, ახლა სამი ჩემ გვერდითაა, დანარჩენები - მიმობნეულნი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მაგრამ ეს სამიც კარგია, ამომივსეს თითქმის ბოლომდე მონატრება, თუმცა მაინც არ მეყო. რა კარგია ერთად ყოფნა, საერთოდ რა მაგარია, როცა გიყვარს ბევრი ადამიანი და დროსთან ერთად კიდევ უფრო მეტად გიყვარდება.

კიდევ გადავწიოთ რა უკან დასაბრუნებელი ბილეთი...

ნესტან მამაცაშვილი - სტუდენტი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:56 0:00
გადმოწერა

25 აგვისტო, სამშაბათი

დილის 9 საათზე შევხვდით ბათუმში ჩვენს მძღოლს, ჩემმა ჟაჟამ ჩაგვაცილა მე და ალექსი ბათუმში, გადავეხვიე ბიძას, ჩავეხუტე გულიგულ და ვიცოდი, რომ არ ვიცოდი, კიდევ როდის ჩავეხუტებოდი ასე მაგრად...

მძღოლი არ აღმოჩნდა 33-ის, არც 53-ის, არამედ კიდევ უფრო მეტის, შეპირებული წინა ადგილებიც ვერ დამხვდა და დავსხედით მე და ალექსი უკან. სულ უკან. წინ მისი სიძე ზის სავარაუდოდ, უკან მისი მეუღლე, ქალიშვილი და შვილიშვილი. უძილო ვარ, მოვკალათდი და სავარძლის უკან გადაწევა თუ შეიძლება-მეთქი. არა, ეგ მხოლოდ წინა რიგებს შეუძლიათო, მანქანის დაძვრისთანავე ჩართო მუსიკა, აი, “მარშრუტკულ” მუსიკას რომ ეძახიან, ეგეთი სამი სიმღერა იმღერა მაგნიტოფონმა (დღემდე ვერ ვხვდები, სად შოულობენ ეს მძღოლები მაგ რეპერტუარების playlist-ს). ეტყობა, ხმა რომ არავინ ამოიღო, იფიქრა, დაევასათ ჩემი მუსიკაო და კიდევ უფრო მაგრად აუწია, მთელ ამ ჩვენს “მინი ვენში” ერთი დიდი დინამიკია და ისიც ჩემ გვერდით. შესაბამისად, ჩემთვის ნამეტანი ხმამაღალია და, საერთოდ, ხუთი საათი ამ მუსიკის მოსმენა უკვე მაშინებს, ამიტომ, ზრდილობიანად, უკაცრავად, თუ შეიძლება ცოტა დაუწიეთ-მეთქი. ეგრევე დამთანხმდნენ და ნანასავით გაიჩითა ეს ჩვენი ვაჟას შერჩეული playlist-ი.

“მინი ვენი” მიექანება. ბათუმს გავცდით, მერე კიდევ ერთ ზღვას, მეორესაც, მესამესაც, მიაქანებს საშიშად, აშკარად ცუდი მძღოლია. სულ გასწრებაზე და მერე უხეშად დამუხრუჭებაზეა გადასული. თან უკნიდან გზას ვერ ვხედავ, გზას რომ ვერ ვხედავ თავბრუც მეხვევა, ცუდად ვარ, გულის რევის შეგრძნებაც მაქვს. მოკლედ, რომ ვეღარ მოვითმინე, მანქანა გავაჩერებინე და, უკაცრავად და, ამ რყევისგან გული ამერია კიდევაც.

ძლივს შემომთავაზეს წინა ადგილი, უფრო სწორად, შუა, გადმოვინაცვლე ერთი რიგით წინ.

ვაშა.

ჩამეძინა.

ჩაგვეძინა.

უკვე უკეთ ვიყავი, თუმცა სუსტად, უჭმელი, კიდევ კარგი, რომ არ ცხელოდა მაინც…

მერე ამ დღიურებზე ფიქრით ვირთობდი თავს და კიდევ იმითი, რომ ყოველი ასეთი უსიამოვნო ამბის ცოტა მეტი ხალისით მბობა და დღიურად გადაქცევა შეიძლება-მეთქი და ნელ-ნელა უკვე იმ წინადადებების აწყობა დავიწყე, რომლებსაც ახლა ვწერ. ისე, დღიური თუკი ოდესმე დამიწერია, დამიწერია აუცილებლად ლამაზ, სქელყდიან დიდ ბლოკნოტში და პირველად ვწერ ამ ყველაფერს კომპიუტერში…

ცოტა გულის ამაჩუყებელიც კი იყო ჩემთვის ეს პატარა აღმოჩენა, დრო გავიდა, დრო შეიცვალა, წინ წავედით? ეგებ უფრო უკან, ვიდრე წინ… არ ვიცი.

მოკლედ, მიგდებულები ვართ. გზაზე სამჯერ გაჩერდნენ, რომ თიხის ქოთნები და დოქები ეყიდათ, კახელები იყვნენ და კახეთში მიდიოდნენ საქეიფოდ. ორჯერ კიდევ იმისთვის, რომ ბავშვს მოესაქმა და მოკლედ ჯამში ერთი რვაჯერ ნაღდად გავჩერდით.

ძილბურანში ვარ, რომ ერთმა ამბავმა მთლად გამომაფხიზლა ლამის თბილისამდე: ბავშვი ჭამს ნაყინს. დაასრულა ნაყინის ჭამა და ბებია (ჩემ გვერდზე მჯდომი) ეუბნება, - მოდი, ბები, ახლა გადავაგდოთ ეხლა ეს ქაღალდი, ხოო?

და წინა მჯდომ სიძეს ეკითხება, წინიდან მანქანა ხომ არ მოდის, გახედე, მიდი აბაო, ჩაწოლილი რომ ვიყავი სავარძელში, ამოვიწიე და მინდა დავრწმუნდე, რომ არ მეჩვენება ის, რაც შეიძლება ზუსტად მომდევნო ორ წამში მოხდეს.

უცბად ეს ქალი, წაიწია ფანჯრისკენ და მეც დავაწიე:

- ვაიმე, ქალბატონო, ახლა ეს აქედან უნდა გადააგდოთ?

- უი, არ გადავაგდო? - გაკვირვებული, მაგრამ თბილად ძალიან.

- უი, არა! - ასევე თბილად ძალიან.

- ნუ გადააგდებთ რა, ქალბატონო, თანაც ბავშვიც დაინახავს, რომ გარეთ გადაგდება არ შეიძლება, ნუ მისცემთ ამ მაგალითს, გთხოვთ, ისედაც ნახეთ, როგორი დაბინძურებულია აქაურობა…

არ ვიცი, შერცხვა, დაიბნა, გაბრაზდა, შემაგინა თუ რა ქნა, ფაქტია, რომ იქით გადადო ეს ნაყინის ქაღალდი და გავაგრძელეთ მგზავრობა, მერე მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, რამდენი ხანია ზოგადად, ჩემს თანამოქალაქეებთან ასე ახლოს აღარ ვყოფილვარ-მეთქი. როცა თბილისში ვცხოვრობდი, მაშინ საჯარო ადგილებსა და ტრანსპორტებში სულ მსგავსი სცენების მომსწრე ვიყავი და დღეს - იაფიან ტრანსპორტს მონატრებული - სულ ტაქსით ვმოძრაობ. მენტალურად მათგან ყოველთვის შორს ვიყავი, დღეს კი ფიზიკურადაც ძალიან შორს ვარ... მაგრამ იმავენაირად (თუ უფრო მეტად არა), მტკივა ეს საკითხი... ამ ქალზე გავბრაზდი, ისევე როგორც ბევრზე მანამდე, მაგიჟებს ასეთი დამოკიდებულება, არადა დარწმუნებული ვარ ამ ქალის ოჯახში დაწკრიალებულია სახლი და ეზოც მოვლილი აქვთ, და აი, ეზოს იქით რა ხდება უკვე აღარ აინტერესებთ... მძაგს.

მოკლედ, უკმაყოფილოებმა ამ საიტის გამოყენებითა და შიგ მსხდომთა შინაგანი კულტურით, როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ შეგრილებულ თბილისში და მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა აღელვებული ზღვის დატოვება, თბილისი მაინც თბილისია, რომ წვიმს მაშინ კიდევ უფრო უკეთესი, თითქოს განტვირთვას აკეთებს, ნიავდება, ირეცხება ნეგატიური ენერგიისგან და ცდილობს, ცუდზე აღარ იფიქროს,

დაბრუნება კი ყოველთვის კარგია...

26 აგვისტო, ოთხშაბათი

რინგო (ჩემი ძაღლი) პატარა რომ იყო, მახსოვს ერთხელ ავად ვიყავი და გვიან ღამით მომთხოვა გარეთ გაყვანა. მე სიცხიანმა ვთხოვე: ახლა ვერ ჩაგიყვან, გეხვეწები, შენ თვითონ ჩადი-მეთქი. გავუღე კარები და შურდულივით ჩაირბინა ოთხი სართული. მე აივნიდან ვადევნებდი თვალყურს, მოისაქმა და, იმიტომ რომ სახლში ეჩქარებოდა, ორ წამში უკან ამოვარდა კმაყოფილი და კიდევ უფრო ბედნიერი, რომ თხოვნა შემისრულა.

წუხელ წვიმდა, ციოდა და რინგო მაღვიძებს, მლოკავს სახეზე და თან წკმუტუნებს, თუ გამდის - თავს ვიკატუნებ ხოლმე და ვითომ არ მესმის მისი წკმუტუნი, მაგრამ ბოლოს რომ ამიკლო, მეც ავდექი და ალბათ წყალი უნდა-მეთქი, დავალევინე, მაგრამ აშკარად კიდევ რაღაცას ითხოვდა. რინგო, ეზოში გინდა? და დაიწყო კუდის ქიცინი, გავუღე კარი, ზღურბლთან გაჩერდა, ამომხედა, მიდი, მიდი, ჩადი-მეთქი, მიიღო ჩემგანაც დასტური და ზუსტად იმავენაირი სისწრაფით, როგორც ადრე, ლეკვობაში, ჩავარდა ეზოსკენ. მე აივნიდან ვადევნებდი თვალყურს, როგორც მაშინ, და ორ წუთში, არც კი, უკვე სადარბაზოსკენ დაიძრა...

ძაღლებს არაფერი ავიწყდებათ...

თბილისში წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი, სანამ მე და ალექსი არ გადავეყარეთ სამუდამოდ ერთმანეთს. მასთან ერთად წელს უკვე მეორეჯერ ვარ თბილისში და ეს ის კივილია, რომელიც შიგნით თავისთვის სიხარულით ღმუის, ჩემში არსებობს და ყველგან მიმყავს - ჩვენი ახლობლების გასაცნობად. არც ვარ ბოლომდე დარწმუნებული სიამოვნებს თუ არა ჩემი ოჯახის წევრების გარდა კიდევ ჩემი მეგობრების, ნათესავების წრეში ყოფნა, ყველა რომ ათვალიერებს, ადღეგრძლებს ან უბრალოდ კონტაქტის დამყარებას ცდილობს. მაგრამ ალექსს რომც არ სიამოვნებდეს, მე თუ რამე მაბედნიერებს - თუნდაც მხოლოდ მაგიტომ გააკეთებს. მე კი მართლა ბედნიერი ვარ, რომ ალექსი ყველას შემიძლია გავაცნო. თბილისში ყოფნაც ათასჯერ უფრო სასიამოვნოა მასთან ერთად. მიმყავს ყველგან და ბავშვურად ხელიხელჩაკიდებულები დავდივართ ორივესთვის მშობლიურ ქალაქში.

რა უცნაურია, ჩემი ქმარია, მე კი თბილისში ჩემი შეყვარებული მგონია:)

საღამოს ბაბუაჩემის ოჯახში ვიყავით, ვანო ბაბუ ოთხი წლის წინ გარდაიცვალა, იქ ჩვენი ახლობლები იყვნენ, ზოგი ჩაი-ნამცხვრით, ზოგიც ღვინით, მე არაფერი მინდოდა. მინდოდა ვანო იქ ყოფილიყო და ალექსი გაეცნო, ვიცი, მოეწონებოდა...

27 აგვისტო, ხუთშაბათი

ცალი ხელით ვწერ, მარჯვენა ხელი მთლიანად უფუნქციოდ მაქვს.

დღეს ოპერაცია გამიკეთეს სრულიად მოულოდნელად, თანაც უცნაურად მხიარულ გარემოში, დღევანდელ დღეს, წესით, მხოლოდ ექოსკოპია იყო დაგეგმილი და მომდევნო დღეებში უნდა გამეკეთებინა ოპერაცია, მაგრამ ბარემ ახლავე გავაკეთოთო და საოპერაციოში გამაქანეს, უფრო სწორად, საოპერაციოში რემონტიაო და აქვე კაბინეტში ამოგაჭრითო, ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ უვიცი ექიმი არ ჩანდა, პირიქით, ძალიანაც სიმპათიური ქალბატონი იყო. სანამ დამაწვენდნენ, რა საბუთი მივცეთო, ყველა შვებულებაშია და სხვას მოუწია საბუთების გაცემა, მოკლედ, მაგარი არეულობა იყო და ერთი წამი კი ვიფიქრე, ვენდო ახლა ამ ხალხს-მეთქი?! მაგრამ ბოლოს გავწირე ჩემი თავი, დავუდე საოპერაციოდ ხელი, დავწექი და გავირინდე, გამიბუჟეს, გამიყუჩეს და შეუდგნენ საქმეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რომ გამოვედი, ალექსი მოსულა, არც მითქვამს მოდი-მეთქი. კარგია, ასე სპონტანურად რომ მოხდა. ეგრე ჯობია. მერე ჩემი მამამთილიც მოვიდა, როგორ არ ველოდი, როგორ გამიხარდა და ამიჩუყდა გული.

ისე, დაკვირვებული ვარ, ახლობლების მხრიდან ნებისმიერი, უმნიშვნელო ყურადღების გამოხატვის დროსაც კი ცუდად ვხდები და გული მიჩუყდება. ხანდახან ეს ისეთი მოულოდნელია ხოლმე, რომ სიხარული კიდევ უფრო დიდია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო მოლოდინის დროს.

ყველა შეწუხებული დგას, თანაგრძნობით მიყურებს და ჰგონიათ, რომ ხელი მომაჭრეს, ამ დროს მყესთან პატარა კისტა მქონდა, რომელიც ამოსაჭრელი აღმოჩნდა. თავს მშვენივრად ვგრძნობ, მინდა მათი ნერვიულობა გამართლებული იყოს, მაგრამ აშკარად ზედმეტად მხიარულად ვარ:)) და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. მერე ცხოვრების მომდევნო კადრებიც კი წარმოვიდგინე, ნუთუ მომავალშიც ასე გამახარებენ და ასეთი ყურადღებიანები იქნებიან-მეთქი, მაგას დამსახურება უნდა-მეთქი, გავიფიქრე და მოვეშვი ამაზე ფიქრს, ვნახოთ...

რა მაგარია, რომ მიყვარს ჩემი მამამთილი.

28 აგვისტო, პარასკევი

დღესაც “ცალხელა გოგია” ვარ, ასე შემარქვა ალექსმა:).

საღამოს ბებოებთან სტუმრად გავედი. მათთან როცა მივდივარ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ ხოლმე, მეტ დროს რატომ არ ვატარებ მათთან - ჩემ თავზე მომდის ბრაზი. როცა შორს ვარ და შორიდან ვფიქრობ მათზე, თითქოს თავს ვიტყუებ, აბა რა ჰქვია მაგას, და როცა ვუახლოვდები, აი, მაგალითად, დღეს - დანაშაულის გრძნობა მემატება.

ვიცი, გავა დრო და არ ამცდება თვითგვემა, არადა ზოგჯერ ფიზიკურად ვერ ვახერხებ ხშირ კონტაქტს, გინდ იქიდან და გინდ აქედან, მათ კი სწყინთ და ზოგჯერ პატარა ბავშვებივით მებუტებიან ხოლმე, ჯერ ბებო რა სიტკბოებაა და მერე გაბუტული ბებო რა არის, თავისი სევდიანი თვალებით, “რად დამივიწყე?!” რომ აწერია შუბლზე:)

ისე, ნათქვამია, ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, თითქოს უკანასკნელი იყოსო. არ დაიშურო სიყვარული და სითბო სხვისთვის, დღეს მგონი ეგეთი დღე იყო, მამას ისე გემრიელად ჩავეხუტე, ღირდა ეს დღე თუნდაც მხოლოდ ამად...

ახლა ერთ-ორ ცრემლს მოვიწმენდ და ტკბილად ჩამეძინება...

29 აგვისტო, შაბათი

შარშან, ალექსს დაბადების დღეზე ღია ბარათი ვაჩუქე. საერთოდ წერა მიყვარს და სხვებისთვის წერილების მიწერა კიდევ უფრო.

ბარათში კი ვწერდი, გისურვებ მუდამ ასეთი ბავშვური იყო-მეთქი, არ მინდა დრომ სილაღე წაგვართვას და თუნდაც სისულელეებზე ერთხელაც ვეღარ ვიხალისოთ. აი, მაგალითად, დღეს ტაქსის უკანა სავარძლის ქვეშ ხუთი ლარი რომ ვიპოვე, და ეშმაკი ბავშვივით ჩამეცინა და ავჟიტირდი და მაგ ხუთი ლარიდან სამ ლარად სახლში მოვედით, ისე გამახალისა ამ დებილობამ, რომ ეჭვი მაქვს, მე სულ ასეთი ვიქნები:))

P.S. სევდიან განწყობაზე, ალბათ წასვლის დრო რომ ახლოვდება და ტოვებ ყველაფერ იმას, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, იმას მაინც ცდილობ დარჩენილი დღეები, ისე იცხოვრო, თითქოს დღე იყოს უკანანსკნელი...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG