Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარლამენტში პოსტები დატოვეს


დავით ონოფრიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა -„თავისუფალი დემოკრატების“ სამმა ლიდერმა - საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტები დატოვეს. საფინანსო-საბიუჯეტო, ევროპასთან ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება გასულ კვირაში თავიანთივე თანაგუნდელი ზურაბ აბაშიძის პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების შემდეგ მიიღეს. ამ ნაბიჯს „თავისუფალი დემოკრატები“ „პოლიტიკურ აქტს“ უწოდებენ და „ქართული ოცნების“ მიერ საგარეო პოლიტიკისა თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ბოლო დროს დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკობენ.

ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტების დატოვების შესახებ საგანგებო განცხადება პარტიის ოფისში 23 თებერვალს გააკეთეს. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ პოლიტიკას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მათივე თანაგუნდელი ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენება „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი არასწორი ნაბიჯებიდან მხოლოდ ერთ-ერთია. მათ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის წინაშე დღეს არსებული ვერც ერთი გამოწვევის სიმწვავე ვერ გააცნობიერა და, მათზე რეაგირების ნაცვლად, არჩევანი შიდაპოლიტიკური ბრძოლის სასარგებლოდ გააკეთა.

„თავისუფალი დემოკრატები“ ეჭვობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მისამართით კაპიტულანტური შინაარსის განცხადებებს მიზანმიმართულად აკეთებს და რომ ამ განცხადებებს შესაძლოა ძალიან მალე ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯები მოჰყვეს:

„სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ განცხადებები და საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ერთგულებაზე გაკეთებული განცხადებების ხელახალ დადასტურებასთან და, მეორე მხრივ, როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან მიღწეული შეთანხმებებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურებასა და რუსეთთან პირისპირ დარჩენის ძალიან სახიფათო, ძალიან დინამიკურად მიმდინარე პროცესთან“.

დღეს გვყავს ძალიან სუსტი მთავრობა, რომელიც დროულად ვერ აღუდგა ამ კრიზისს, მოქმედებს მხოლოდ ბოლო მომენტში, როცა პრობლემას დაინახავს. ბოლო სამი თვის განმავლობაში ვერც ხედვა დავინახეთ, ვერც გეგმა...
დავით ონოფრიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ„თავისუფალი დემოკრატები“ პოსტების დატოვების შემდეგ უფრო აქტიურად შეძლებენ ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნას. რაც მთავარია, შეეცდებიან აიძულონ ხელისუფლება შეასრულოს საგარეო პოლიტიკურ არენაზე აღებული ვალდებულებები და ქვეყანა გამოიყვანოს უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან. ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ასევე ყოფილი თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილიც:

„დღეს გვყავს ძალიან სუსტი მთავრობა, რომელიც დროულად ვერ აღუდგა ამ კრიზისს, მოქმედებს მხოლოდ ბოლო მომენტში, როცა პრობლემას დაინახავს. ბოლო სამი თვის განმავლობაში ვერც ხედვა დავინახეთ, ვერც გეგმა, არადა, ერთი თვის წინ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა“.

თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლას „პოლიტიკურ აქტს“ უწოდებს „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთი წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც გარემოს დაცვის კომიტეტს ედგა სათავეში. მისი თქმით, ეს შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო და ამისკენვე მოუწოდებს თავის სხვა კოლეგებსაც.

„მივმართავ ჩემს კოლეგებს პარლამენტში... ჩვენ მოგეცით კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ადამიანმა იმუშაოს, საქმე აკეთოს, იღვაწოს პოლიტიკაში და არ იყოს ჩამოკიდებული პრივილეგიებს, ხელფასებს, კაბინეტებს, ავტომანქანებს და ა.შ. -ისეთ ფუფუნებას, რომელიც თქვენ აგრერიგად შეგიყვარდათ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მობრძანდით", - განაცხადა გიორგიცაგარეიშვილმა.

ცხადია, როცა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ, პარლამენტი კი იმ კურსს ატარებს, რაც ხელისუფლებას აქვს მიზნად დასახული, შენ კი ამ დროს ოპოზიციას ეკუთვნი, ეს არასწორია...
დავით საგანელიძე

„თავისუფალი დემოკრატების" ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მათი პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ისინი„მაინც გააგრძელებენ იმ მიმართულებების კონტროლს, რომლებიც კომიტეტებში ებარათ“.

„სწორი გადაწყვეტილება“ - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ „თავისუფალი დემოკრატების“ ნაბიჯი. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციაში გადასული პარტიის წევრების დარჩენა კომიტეტების ხელმძღვანელებად ინტერესთა კონფლიქტის შემცველია:

„ცხადია, როცა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ, პარლამენტი კი იმ კურსს ატარებს, რაც ხელისუფლებას აქვს მიზნად დასახული, შენ კი ამ დროს ოპოზიციას ეკუთვნი, ეს არასწორია“, - ასე ფიქრობს დავით საგანელიძე.

ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ კორძაია კი მოელის, რომ მმართველი გუნდი და "თავისუფალი დემოკრატები" კონსტრუქციულ თანამშრომლობას გააგრძელებენ. მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით „ისინი თავისუფლდებიან იმ თანამდებობრივი შებოჭვისგან, რომელიც მათ აიძულებდა გარკვეული კრიტიკისგან რიგ შემთხვევაში თავი შეეკავებინათ“.

„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული ოცნების“ დავას თანამდებობის შენარჩუნების შესახებ „კომიკურს“ უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან თარხნიშვილი. განსაკუთრებით იმ ფონზე, ამბობს ის, როდესაც ქვეყანა როგორც ეკონომიკური, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩიხშია შესული. თუმცა თავად პროცესი, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თანამდებობები დატოვეს, მას ლოგიკურად მიაჩნია:

განსაკუთრებით ჩვენნაირი გამოცდილების მქონე სახელმწიფოებში ძალიან მცირე უმცირესობაც კი მოკლე დროში შეიძლება გადაიქცეს უმრავლესობად, ამიტომ საზოგადოებრივი ერთიანობისა და სტაბილურობისთვის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია...
ლევან ცუცქირიძე

„ცოტა არ იყოს გაუგებარია, როდესაც ოპოზიციაში მყოფი პარტია საპარლამენტო პოსტებს ინარჩუნებს და ეს პოსტები მან მიიღო როგორც თავის დროზე სამთავრობო კოალიციაში მყოფმა პარტიამ. სავარაუდოდ, უნდა მოველოდეთ, რომ ეს კომიტეტებიც ამის შემდეგ იმუშავებენ ზუსტად ისე, იმ კურსით,რომელიც მთავრობას აქვს“.

პოლიტოლოგ ლევან ცუცქირიძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ოპოზიცია საპარლამენტო პოსტებზე იყოს წარმოდგენილი. ეს დემოკრატიის აუცილებელი პირობაც კიაო, ამბობს ცუცქირიძე.

„განსაკუთრებით ჩვენნაირი გამოცდილების მქონე სახელმწიფოებში ძალიან მცირე უმცირესობაც კი მოკლე დროში შეიძლება გადაიქცეს უმრავლესობად, ამიტომ საზოგადოებრივი ერთიანობისა და სტაბილურობისთვის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობას ჰქონდეს პოსტები. ამიტომ მათ ყოფნას ამ თანამდებობებზე პროცესების ხელშეშლას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. პირიქით, ეს ჩართულობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია თუნდაც იმიტომ, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ქვეყანამ ახალი კონსტიტუციის წერა არ დაიწყოს ან ძირეულად არ შეცვალოს საარჩევნო სისტემა“.

„თავისუფალი დემოკრატები“ გადადგომის შესახებ განცხადებას პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ, კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტზე ახალ კანდიდატებს კი პარლამენტის სესიაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებენ.

მათი ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG