Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრი პარლამენტში


მინდია ჯანელიძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე
მინდია ჯანელიძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეების რისკი, მისი შეფასებით, კვლავინდებურად მაღალია. თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე საუბარი თავდაცვის მინისტრთან, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, ნდობის ჯგუფის ფორმატში გაგრძელდა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ვრცელი საანგარიშო მოხსენებით წარდგა. მოხსენება, რომელიც სამინისტროს ფუნქციონირების პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავდა, მინისტრმა ქვეყნის საგარეო საფრთხეებზე საუბრით დაიწყო:

“ამ ეტაპზე საქართველოს უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად განპირობებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესებით. ამ ფონზე ოფიციალური მოსკოვისა და დასავლური სამყაროს მზარდი დაპირისპირებით და დაპირისპირების პროცესში კიდევ უფრო ახალი რეალობების წინაშე დავდექით, კიდევ უფრო ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით, რაც თავისთავად ზეგავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოზე“.

თუ გეგმის მიხედვით გრძელდება, მაშინ მაინტერესებს, მემორანდუმის ვადის ამოწურვის პერიოდში რატომ არ დადგა ხელშეკრულება, რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება?..
ნინო გოგუაძე

მინდია ჯანელიძის თქმით, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი დასრულების სტადიაშია და დოკუმენტის მიღება ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესაბამისად მოხდება.

თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, განხორციელებული ღონისძიებებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მოხსენებას დეპუტატების შეკითხვები და შენიშვნები მოჰყვა. დავით დარჩიაშვილმა იკითხა:

“როდის იქნება პროფესიული ჯარი? რა საბიუჯეტო პარამეტრებს ითხოვთ იმისათვის, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებები იყოს ისე მოდერნიზებული, აქ რომ ლაპარაკობდით? აი, ეს არის ის კონკრეტიკა, რაც გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრინციპებში ჯდება“.

ქვეყნის საგარეო ვექტორი, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, არსებითი პაკეტის დანერგვა, სამედიცინო სამსახურის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების სოციალური შემწეობები, დაღუპულთა ხსოვნისათვის სათანადო პატივის მიგება, საფრანგეთში საჰაერო თავდაცვითი სისტემების საკითხზე გაფორმებული მემორანდუმის დეტალები და ასე შემდეგ. შეკითხვები მრავლად დაისვა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მათში სწორედ ამ უკანასკნელის, საჰაერო უსაფრთხოების მემრანდუმის, გაფორმებისა და მის შემდგომ არსებული ვითარებისადმი ინტერესი ჭარბობდა.

“მე მაინტერესებს, თავდაცვასთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ, რომ არაფერი არ დარღვეულა და ყველაფერი გეგმის მიხედვით გრძელდება. ვგულისხმობ საფრანგეთთან ხელშეკრულებას. თუ გეგმის მიხედვით გრძელდება, მაშინ მაინტერესებს, მემორანდუმის ვადის ამოწურვის პერიოდში რატომ არ დადგა ხელშეკრულება, რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება?“

დეპუტატ ნინო გოგუაძის შეკითხვის პასუხად, მინისტრმა განმარტა, რომ თავისთავად მემორანდუმი არ ითვალისწინებდა რაიმე ხელშეკრულების გაფორმებას. მემორანდუმისა და მის შემდგომ ხელშეკრულების გაფორმების შეფერხების მიზეზების კომენტირებისას კი მინდია ჯანელიძემ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საფრანგეთთან არსებული ყველა შეთანხმება ძველ რეჟიმში შეუფერხებლივ გრძელდება:

“საფრანგეთთან მიმდინარეობდა მანამდეც ურთიერთობები. მოგეხსენებათ, მე ვიმყოფებოდი საფრანგეთში ვიზიტით რამდენიმე ხნის წინ და მინდა გითხრათ, რომ ყველა ის მიმართულება, რომელიც მანამდე ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებობდა, კვლავ რჩება დღის წესრიგში და გაგრძელდება აქტიურ რეჟიმში“.

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის საკომიტეტო გამოსვლა დადებითად შეაფასა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. მან პოლიტიკურ ოპონენტებს თავდაცვის სამინისტროსთან მეტი თანამშრომლობისაკენ, მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა და შენიშნა, რომ თავდაცვა ყველა პოლიტიკური ძალის საერთო საზრუნავია:

“ძალიან საინტერესო ანგარიში იყო. მე დღეს, ერთი მხრივ, მოვისმინე რაღაც პოლიტიკური ქილიკი, მეორეს მხრივ, მოვისმინე საკუთარი მმართველობის პერიოდში - ან ვიწროპოლიტიკური მმართველობის პერიოდში - საკუთარი ლიდერების ქება-დიდება და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ თავდაცვის სამინისტრო იყო მხოლოდ ირაკლი ალასანიას მმართველობის პერიოდი და ის პრობლემები, რაც უშუალოდ „თავისუფალ დემოკრატებს“ უკავშირდება. მე მოვისმინე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, რომლებიც მუდმივად აპელირებენ, რომ თავდაცვა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობისგან“, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, მე მგონი, ყველანი კარგად ვხვდებით“.

ირაკლი სესიაშვილმა ასევე პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ პარლამენტში მინისტრების მისვლა ტრადიციად მკვიდრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG