Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა გერმანიის მშვიდ ქალაქში


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თომას დე მეზიეს განცხადებით, ჯერ არ არის დადგენილი, რა მოტივი ამოძრავებდა დანით შეიარაღებულ პირს, რომელმაც 10 მაისის დილას ერთი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა. ინციდენტი მოხდა ბავარიის მხარეში, მიუნხენის აღმოსავლეთით 30-მდე კილომეტრში მდებარე გრაფინგის რკინიგზის სადგურზე. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.

„ეს იყო ამაზრზენი, ლაჩრული თავდასხმა დანით, რის შედეგადაც ერთი ადამიანი იქნა მოკლული. და ამიტომ ჩემი ფიქრებით, პირველ რიგში, ვარ მოკლულის ახლობლებთან, აგრეთვე დაჭრილებთან. მათ სრულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი ამ დანაშაულის მოტივი“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გამომძიებლების ვარაუდით, თავდამსხმელის მოტივი ისლამისტურ ექსტრემიზმს უკავშირდება. ის, გრაფინგის რკინიგზის სადგურზე მყოფი ზოგი თვითმხილველის თქმით, შეძახილით „ალაჰუ აკბარ“ (არაბულად „დიდ არს ალაჰი“) დაესხა თავს იქ შემთხვევით მყოფ ოთხ პირს. ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობების შედეგად.

შეძრწუნებული ვარ, რადგან აქ, გრაფინგში, თავი ყოველთვის უსაფრთხოდ წარმოგვედგინა ... არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა ...შედარებით შეძლებული ქალაქი ვართ. ვიცი, ეს ცოტა სულელურად ჟღერს...
ანგელა ობერმაიერი

დღის მეორე ნახევარში გაიმართა ბავარიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრის იოახიმ ჰერმანის ბრიფინგი, რომელზეც მან საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გააცნო: ეჭვმიტანილი არის გერმანიის მოქალაქე, 27 წლის მამაკაცი, რომელიც, როგორც ჩანს, ჰესენის მხარიდან არის. ჯერჯერობით ჩვენს ხელთ არ არის ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა სახელმწიფოს უსაფრთხოების კუთხით. თუმცა ამ პირთან დაკავშირებით ბოლოხანს პოლიცია აწარმოებდა გამოძიებას ფსიქიკურად გაუწონასწორებელი თვალშისაცემი ქცევისა და ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვის მიტანის გამო. თავდამსხმელის მოტივი ჯერ უცნობია. პოლიცია ამჟამად ჯერ კიდევ განაგრძობს დაკითხვას“, - განაცხადა მიუნხენში ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რაც უნდა იყოს დაკითხვისა და გამოძიების შედეგი, ცხადია ის, რომ ბავარიის მხარის მომცრო, მშვიდ ქალაქში, გრაფინგში, მოსახლეობას რაღაც ხნით მაინც დარჩება დაუცველობის გრძნობა.

ამ პრობლემაზე ისაუბრა საინფორმაციო სააგენტო „რეიტერსთან“ გრაფინგის მერმა, ანგელიკა ობერმაიერმა: „შეძრწუნებული ვარ, რადგან აქ, გრაფინგში, თავი ყოველთვის უსაფრთხოდ წარმოგვედგინა ... არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა ...შედარებით შეძლებული ქალაქი ვართ. ვიცი, ეს ცოტა სულელურად ჟღერს ... მაგრამ მშვიდ ქალაქში ვცხოვრობთ, ერთმანეთში კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს ვიცნობთ. თავშესაფრის მაძიებელთა ინტეგრაციაც კარგად მიმდინარეობს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. და უცებ, ასეთი დანაშაული, რომელიც ხალხში დაუცველობის შეგრძნებას იწვევს. ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან დიდი შოკია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG