Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის უძველესი ქალაქი ექსტრემისტების ხელშია


ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ხელში ჩაიგდო სირიის უძველესი ქალაქი პალმირა მას შემდეგ, რაც 20 მაისს პოზიციები დათმეს მთავრობის ძალებმა, რომლებიც ქალაქს იცავდნენ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ამ ექსტრემისტული ჯგუფისთვის, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაეპატრონა ერაყის სტრატეგიულ ქალაქ რამადის.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემისტები ქალაქს სრულად აკონტროლებენ და უკვე შეაღწიეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ობიექტებზე. ბრიტანეთში განთავსებულმა ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორიამ 21 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ მთავრობის ძალებმა დათმეს პალმირაში და მის გარშემო განლაგებული პოზიციები - მათ შორის, სადაზვერვო პოსტი, სამხედრო საჰაერო ბაზა და ციხე. არმიის უკან დახევას წინ უძღოდა შეტაკებები ექსტრემისტებთან, რომლებსაც, სულ მცირე, 100 სამხედრო ემსხვერპლა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ აღიარა, რომ მთავრობის მომხრე ძალებმა პალმირა დატოვეს: „სირიის ეროვნული თავდაცვის ძალები გავიდნენ პალმირიდან მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ქალაქი დატოვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა - რათა ისინი ტერორისტების სისასტიკეს გადაერჩინათ. ტერორისტები ქალაქში დიდი რაოდენობით შევიდნენ და მის არქეოლოგიურ ობიექტებზე ცდილობენ შეღწევას“.

პალმირის ნანგრევების უმეტესობა პირველ ან მეორე საუკუნეს ეკუთვნის, როცა რეგიონი რომაელთა მმართველობის ქვეშ იყო. ქალაქი სტრატეგიულ, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე მდებარეობს. ბევრი შიშობს, რომ ექსტრემისტები დააზიანებენ ან დაანგრევენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ობიექტებს. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა, რომლებმაც 2014 წლის ივნისში სირიისა და ერაყის ტერიტორიის მოზრდილი მონაკვეთები დაიკავეს, ერაყის ტერიტორიაზე რამდენიმე უძველესი ძეგლი გაანადგურეს.

ერთ-ერთი მუზეუმის ექსპონატები პალმირაში
ერთ-ერთი მუზეუმის ექსპონატები პალმირაში

ომამდე პალმირას ათასობით ტურისტი სტუმრობდა წელიწადში უნიკალური ძეგლების დასათვალიერებლად.

ამ ქალაქის დაცემა უდიდესი დანაკარგია მთავრობისთვის - არა მხოლოდ კულტურული ღირებულების მნიშვნელობით, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ ის ექსტრემისტებს გზას უხსნის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილებისკენ, დამასკის და ქვეყნის ცენტრში მდებარე გაზისა და ნავთობის მნიშვნელოვანი საბადოების ჩათვლით.

პალმირის დაცემის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფო“ ახლა აკონტროლებს სირიის ტერიტორიის დაახლოებით 40 პროცენტს და ნავთობის თითქმის ყველა საბადოს, რაც ექსტრემისტებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

პალმირის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყში დაიპყრეს სტრატეგიული ქალაქი რამადი. ეს პროცესები მოწმობს, რომ ექსტრემისტებს შეუძლიათ რამდენიმე, ერთმანეთისგან დაშორებულ, ფრონტზე ერთდროულად მიაღწიონ წინსვლას. გაქარწყლდა განცდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ცოტა ხნით ადრე განცდილმა დანაკარგებმა - მაგალითად, თიქრითში - ექსტრემისტებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG