Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიის ზღვის კუნძული გეოპოლიტიკურ დაძაბულობას ირეკლავს


გოტლანდი
გოტლანდი

რუსეთის მიზნებით შეშფოთებამ გაზარდა შვედეთის კუნძულის, ბალტიის ზღვაში მდებარე გოტლანდის, სტრატეგიული მნიშვნელობა. შვედეთი იქ სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს, გასული წლის შემდეგ გაორმაგდა იმ ადგილობრივი ხალხის რაოდენობა, რომელიც მოხალისეთა რაზმში ეწერება.

სახეშეღებილი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული, ტყეში მყოფი კაცები და ქალები ევროპის ჯარში მომსახურე პროფესიონალ სამხედროებს ჰგვანან, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი რეზერვისტების რაზმს წარმოადგენენ და ბალტიის ზღვის კუნძულის, გოტლანდის, დაცვაში წვრთნას გადიან.

იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინაში მიმდინარე პროცესებში ერევა და ევროპას საბრძოლო თვითმფრინავებით, გემებითა და წყალქვეშა ნავებით ახლო მანძილზე მანევრირებით გამოწვევას უგზავნის, შვედეთის კუნძული სულ უფრო მეტად ექცევა თავდაცვის სფეროს ექსპერტთა ყურადღების ცენტრში და რეზერვისტების რაზმსაც სულ უფრო მეტი მოქალაქე უერთდება: შარშან მათი რიცხვი 56 იყო, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 2013 წლის მაჩვენებელი.

ხალხი ფიქრობს, რომ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, თავდაცვაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოსო, ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ჰანს ჰაკანსონი, რომელიც კუნძულზე შვედეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე მაღალი რანგის პირია. ის მცირე - 10 კაცისგან შემდგარ - რაზმს ხელმძღვანელობს.

ერთ-ერთი რეზერვისტი, 18 წლის ერიკ ფენი, ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

„შვედეთში ყველას ეშინია რუსების. ისინი შესაძლოა ერთ დღეს თავს დაგვესხან. გასული წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ომია. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩვენზეც მოიტანონ იერიში, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული ვერასოდეს იქნები“.

ლატვიიდან 130 კილომეტრით, რუსეთის ექსკლავიდან, კალინინგრადიდან 200-ზე ნაკლები კილომეტრით მოშორებულ გოტლანდის კუნძულზე მოქმედ რეზერვისტების რაზმში ამჟამად 454 წევრია. თავდასხმის შემთხვევაში, რეზერვისტები დაიცავენ სტრატეგიულ ობიექტებს, რადარების სადგურებსა და იარაღის საწყობებს, სანამ კუნძულზე პროფესიონალთა დანაყოფები ჩავლენ.

ვარაუდი, რომ რუსეთის ძალები დასავლეთით განახორციელებენ შეტევას, რამდენიმე წლის წინ სრულიად უსაფუძვლოდ იქნებოდა აღქმული, მაგრამ მაშინ ასეთივე არადამაჯერებელი იქნებოდა ის, რომ რუსეთი ყირიმის ანექსირებას მოახდენდა ან მხარს დაუჭერდა სეპარატისტებს კონფლიქტში, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილის შემდეგ 6 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

ამ მოვლენებმა ცივი ომის დროინდელი დაძაბულობა გააღვივა და მთელი ევროპის მასშტაბით აღძრა შეშფოთება, რომელიც განსაკუთრებული სიმწვავით იგრძნობა ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში - სამ ქვეყანაში, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული საბჭოთა დომინაციის შემდეგ დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვეს და ახლა ნატოს წევრები არიან.

შვედეთი ნატოს წევრი არ არის, თუმცა არსებობს აზრი, რომ გოტლანდს - კუნძულს, რომელიც ცნობილი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის, შთაგონების წყარო იყო - შესაძლოა კრემლმა მართლაც დაადგა თვალი, როგორც ერთგვარ ცენტრს ბალტიისპირეთში ოპერაციების განსახორციელებლად.

ამ აზრს ჰაკანსონიც იზიარებს: რუსებს სურთ ბუფერული სახელმწიფოებით ერთგვარი დამცავი ზონა შექმნან და იმისათვის, რომ ნატოს ბალტიისპირეთის ქვეყნების დახმარების საშუალება არ ჰქონდეს, ისინი შესაძლოა გოტლანდში განთავსდნენო, ამბობს ის.

კუნძულზე 57, 200-ზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს. გოტლანდს როგორც ნატოსთვის, ისე რუსეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი მდებარეობა: თუ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე მიიტანს იერიშს, გავრცელებული ვარაუდით, შვედეთი ნატოს საშუალებას მისცემს გოტლანდი სამხედრო ბაზად გამოიყენოს კონტრშეტევისთვის. ამდენად, ამ ლოგიკით, რუსეთმა შესაძლოა გოტლანდის ოკუპაცია მოახდინოს და იქ სარაკეტო სისტემები განათავსოს, რათა ნატოს არ მიეცეს ბალტიისპირეთის ქვეყნების დახმარების საშუალება.

შვედეთის პოლიტიკოსებმა ახლახან გადაწყვიტეს, რომ გოტლანდს უკეთესი დაცვა სჭირდება და 454 წევრისგან შემდგარი რეზერვისტების რაზმი არ იქნება საკმარისი. მიმდინარე გაზაფხულზე მთავრობამ გამოაცხადა, რომ კუნძულზე განთავსდება 150-წევრიანი სამხედრო დანაყოფი, კიდევ 80 ჯარისკაცი კი იქ სანახევროდ იქნება დისლოცირებული. კუნძულის დედაქალაქ ვისბის აეროპორტიდან რეგულარულად ახორციელებს რეისებს შვედეთის სამხედრო თვითმფრინავები, მოქმედებაში მოსაყვანად მომზადებულია 14 ტანკი, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან შორსაა ცივი ომის პერიოდის სურათიდან, როცა კუნძულზე 5 000 ჯარისკაცი, 60 ტანკი და 100 ქვეითთა ჯავშანტრანსპორტიორი იყო განთავსებული. ის დამატებითი 150-კაციანი დანაყოფიც კუნძულზე მალე არ ჩავა, რადგან მთავრობამ თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა კერძო მფლობელებს მიჰყიდა. ჰაკანსონი ოფისს ყოფილ სამხედრო ბაზაზე ქირაობს, მანქანების შემოწმების სააგენტოს გვერდით.

კუნძულის მცხოვრები ხალხი დიდი ხანია ეჭვით უყურებს რუსეთს. როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირის ადრეულ პერიოდში მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ, წესიერად მოიქეცით, თორემ „რუსები“ მოვლენო.

უფრო თანამედროვე შიშები უკავშირდება შეთანხმებას, რომელიც ამოქმედდა რუსულ-გერმანული კომპანიის, ჩრდილოეთის ნაკადის მიერ გოტლანდის საბჭოსთვის გულუხვი შეთავაზების გაკეთებით: კომპანია დააფინანსებს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული ნავსადგომის, სლიტეს, რეკონსტრუქციას და მას გამოიყენებს მანამ, სანამ რუსეთიდან გერმანიამდე გაზსადენი გაჰყავს. ჩრდილოეთის ნაკადის წილების უმეტესობას რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ ფლობს.

კენჭისყრა ძალიან ნაჩქარევად ჩატარდა, ზეწოლის ქვეშ მოვექეცით ისინი, ვინც მის შესახებ ეჭვები გამოვთქვითო, უთხრა საბჭოს მაშინდელმა წევრმა სოლვეიგ არტსმანმა რადიო თავისუფლებას. არტსმანმა შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა კენჭისყრაზე და განაცხადა, რომ უცხოეთის კომპანიებმა არ უნდა მოიპოვონ ინფორმაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავსადგომების აგებულების შესახებ. მას საბჭოს კიდევ რამდენიმე წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, როლფ ნილსონმა, რომელიც ამბობს, რომ რამდენჯერმე თქვა უარი კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან სადილზე დაპატიჟებაზე ძვირად ღირებულ რესტორნებში. მისი ინფორმაციით, კომპანიამ მსხვილი, კანონიერი შენატანები განახორციელა ადგილობრივი უნივერსიტეტისა და მუზეუმის ფონდებში. კონტრაქტს ხელი 2008 წელს მოეწერა.

ამჟამად პენსიაზე მყოფი ყოფილი პოლკოვნიკი იოაკიმ მარტელი ამბობს, რომ ნავსადგომ სლიტეს გოტლანდის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობა მას მიმზიდველ ადგილად აქცევს და რომ იქ ჩასული შეიარაღებული პირები არცაა აუცილებელი სამხედროები იყვნენ. ის ერთ-ერთ სავარაუდო სცენარს აღწერს: ნავსადგომზე მიტანილი დადგმული ტერორისტული შეტევა, რომელსაც შვედეთი ვერ იგერიებს და საქმეში რუსეთი ერთვება, თავისი სამოქალაქო მცველებით. შეტევას მოიგერიებს და შემდეგ გოტლანდზე განთავსდება:

“ეს ნავსადგომი ადვილადაა ხელმისაწვდომი. მაგალითად, თუკი, ყირიმის მსგავსად, აქაც გამოჩნდებიან ‘პატარა მწვანე კაცები’, ეს მნიშვნელოვანი საფრთხე იქნება და შვედეთს საკმაოდ გაუჭირდება თავისი ტერიტორიის დაცვა, ამ თვალსაზრისით“.

სწორედ ჰიბრიდული ომის სცენარს ეფუძნება წვრთნები, რომლებსაც შვედეთის არმია ამ გაზაფხულზე გადის.

პარალელურად, ოფიციალური პირების ცნობით, მომატებულია სამხედრო სფეროს მიმართ ინტერესის გამოვლენის შემთხვევები.

ადგილობრივი ხალხის ინფორმაციით, კუნძულზე ჩადის რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მაშინ, როცა იქ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. სტრატეგიულ ობიექტებთან ხშირად ხედავენ რუსეთის ნომრებიან მანქანებს. შვედეთის არმიაში მომუშავე წყარომ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრა, რომ ბოლო პერიოდში ჩვეულებრივზე უფრო მეტი სამხედრო რუკა იყიდება.

სტოკჰოლმში რუსეთის სამხედრო ატაშემ არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას გოტლანდზე რუსეთის მოქმედების შესახებ.

ცხადია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან გოტლანდის ოკუპაცია მართლაც იგეგმება და ეს გარდაუვალია. ბევრი მოქალაქე დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება, თუმცა ისინი თანხმდებიან, რომ სიფრთხილე და სავარაუდო საფრთხეზე დროულად დაფიქრება ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG