Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუპერთასის ბილეთების ციებ-ცხელება


ბილეთების შეძენის მსურველები ვაკის პარკში, 12 ივლისი
ბილეთების შეძენის მსურველები ვაკის პარკში, 12 ივლისი

ევროპის სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დილაადრიან დასრულდა. ბილეთები აღად დარჩა, თუმცა დარჩნენ უკმაყოფილო გულშემატკივრები, რომლებიც ძირითადად რიგების მოუწესრიგებლობასა და ფეხბურთის ფედერაციის უპასუხისმგებლობაზე ჩივიან.

ევროპის სუპერთასის ბილეთები სალაროებში აღარ დარჩა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გაიყიდა 22 089 ბილეთი, რომელთა შესაძენადაც გულშემატკივრები ვაკის პარკში რიგში 12 ივლისს, გამთენიისას, მივიდნენ - სალაროების გახსნამდე, ანუ დილის 9 საათამდე, რამდენიმე საათით ადრე.

მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი ორი დღის განმავლობაში ამ რიგში იდგა, მათმა დიდმა ნაწილმა ბილეთების შეძენა მაინც ვერ მოახერხა. ერთ-ერთი მათგანი გამოცემა „მსოფლიო სპორტის“ ჟურნალისტი ირაკლი ალიმბარაშვილია. როგორც ის ამბობს, სუპერთასის ბილეთების რიგში სრული ქაოსი იყო. ცოცხალი რიგის ნაცვლად, მოქალაქეები 50-კაციან სიებს ქმნიდნენ და რიგს თვითნებურად აკონტროლებდნენ. ირაკლი ალიმბარაშვილის შეფასებით, ეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა:

„სანამ მივიდოდით, ჩვენ წავიკითხეთ სიჭინავას განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ სიები, რომლებსაც რიგითი გულშემატკივრები ადგენდნენ, იყო უკანონო. მოხდა იმის სრული საპირისპირო, რაც ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა. ფედერაციის ავტორიტეტი საერთოდ არ იგრძნობოდა. რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. და ამ 10-20 პროცენტის გამო დაიჩაგრა ისეთი გულშემატკივარი, რომელსაც მართლა უნდოდა ფეხბურთზე წასვლა“.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ეკა ელოშვილი ამბობს, რიგებს მათი უწყება ვერ გააკონტროლებდა, რადგანაც მათ ამის არც შესაძლებლობა აქვთ, არც ვალდებულება:

„ელემენტარულად რომ ავიღოთ, სხვა თამაშებზე რომ დადის გულშემატკივარი და სალაროსთან რიგს იკავებს, ამას ვინ არეგულირებს? არანაირი სიები არ დგებოდა. უბრალოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, რადგანაც ძალიან დიდი ინტერესი იყო, გულშემატკივარმა რიგის დარეგულირება ამ ფორმით გადაწყვიტა“.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ბილეთების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ივნისში ვებგვერდ „ბილეთები ჯის“ სერვერმა ვიზიტორთა დიდ ნაკადს ვერ გაუძლო და ინტერნეტით ბილეთების გაყიდვა ჩაიშალა.

აურზაური ბილეთების რიგში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:32 0:00

ფინალის ერთ-ერთი მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მხარდამჭერი ვებგვერდის, „ბარსამანიას“, ადმინისტრატორს, მიხეილ ზაქარეიშვილს, არ უკვირს, რომ გულშემატკივართა ნაწილი უბილეთოდ დარჩა. იგი მიიჩნევს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, ყველაზე მწვავე პრობლემა კი ამ შემთხვევაში გადამყიდველებია:

„ბუნებრივი იყო, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ბილეთების გარეშე დარჩებოდა. როგორც არ უნდა გაყიდულიყო ბილეთები, ამას გვერდს ვერ ავუვლიდით. სიების შედგენით კი რამდენად იხეირეს გადამყიდველებმა, მაგაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ნამდვილი გულშემატკივარი დარჩა უბილეთოდ“.

გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია დოკუმენტმაც, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ გაასაჯაროვა. ეს არის თბილისის საკრებულოს 26 ივნისით დათარიღებული წერილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი, სადაც საკრებულო ფედერაციას სუპერთასის ფინალზე 300 ბილეთის გამოყოფას სთხოვს. „ანაზღაურება მოხდება ნაღდი ანგარიშსწორებით“ - ნათქვამია დოკუმენტში. როგორც ეკა ელოშვილი ამბობს, სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებები ხშირად მიმართავენ ფედერაციას ამა თუ იმ მატჩზე ბილეთების გამოყოფის თხოვნით:

„...თუმცა, ამ შემთხვევაში ბილეთების განკარგვა ჩვენი კომპეტენცია აღარ არის. ჩვენ დავაჯამეთ ყველა წერილი, ავსახეთ ციფრებში და გადავგზავნეთ „უეფაში“, რომელიც გადაწყვეტს, თუ ვის რა ბილეთი ერგება“.

როგორც ეკა ელოშვილი ამბობს, „უეფა“ ამას ივლისის ბოლოსთვის გადაწყვეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG