Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტაფ სმიტი


სტაფ სმიტი
სტაფ სმიტი

ვიოლინო ჯაზურ სცენაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. მას შემდეგ ინსტრუმენტმა ჟანრის თითქმის ყველა სტილისტიკურ მიმართულებაში მოსინჯა თავი, თუმცა დიდი ხნის მანძილზე მაინც აკადემიურ მუსიკასთან ასოცირდებოდა და ჯაზთან შეუთავსებელ საკრავად აღიქმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ, მესაყვირეებთან, პიანისტებთან ან საქსოფონისტებთან შედარებით, მევიოლინეთა რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო, ყველაზე გაბედულნი ხსენებული სტერეოტიპის ნგრევას მაინც ახერხებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტალისტი და, ამავე დროს, მომღერალი ეზეკია ლეროი გორდონ სმიტი, იგივე სტაფ სმიტი, იყო.

სტაფ სმიტი 1909 წლის 14 აგვისტოს ოჰაიოს შტატის ქალაქ პორტსმუტში დაიბადა. ვიოლინოზე დაკვრა მამამ შეასწავლა და, როგორც ამბობენ, 8 წლის ასაკში უკვე გამოცდილი არტისტი ეთქმოდა. მისი საყვარელი მუსიკოსი ლუი არმსტრონგი გახლდათ, ჰოდა, "საჩმოს" მსგავსად, მოგვიანებით ამღერდა კიდეც. მან პროფესიული კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, როცა სახლიდან გაიქცა და მოხეტიალე მუსიკოსებს - Alphonso Trent Band-ს - შეუერთდა. შემდეგ ლეგენდარული კრეოლი პიანისტის ჯელი როლ მორტონის ჯგუფში გამოჩნდა, საბოლოოდ კი საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბა და ნიუ-იორკში დაიდო ბინა.

სტაფ სმიტი ნიუ-იორკის ჯაზურმა სამყარომ 52-ე ქუჩაზე მდებარე ცნობილი კლუბის Onyx-ის სცენაზე იხილა. მსმენელები და კრიტიკოსებისვინგის ახალ ვირტუოზზე, იუმორით სავსე არტისტსა და ექსპრესიული საშემსრულებლო სტილის მქონდე უნიჭიერეს მევიოლინეზე ალაპარაკდნენ. დებიუტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მის მოსასმენად საგანგებოდ ისეთი სახელოვანი მუსიკოსები ჩამოდიოდნენ, როგორებიც იყვნენ ავსტრიელი მევიოლინე ფრიც კრაისლერი და კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი. გამოჩენილი პიანისტი და დირიჟორი ლეონარდ ბერნსტაინი კი სტაფ სმიტს მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინედ მოიხსენიებდა და მასთან მეგობრობით ამაყობდა.

გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ჯაზში დიდი ცვლილელები დაიწყო. აქამდე პოპულარული სვინგი ბიბოპმა შეავიწროვა. სტაფ სმიტი, ლუი არმსტრონგის მსგავსად, ამ რევოლუციურ მოძრაობას ემიჯნებოდა, ტრადიციული სვინგის ერთგული ვარო, გაიძახოდა, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ბიბოპისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციული მანერითა და ტონალობების მრავალჯერადი ცვლით უკრავდა. სწორედ ამიტომ დაარქვეს მას სვინგსა და ბიბოპს შორის გადებული ხიდი. დიზი გილესპისთვის რომ გეკითხათ, სტაფ სმიტზე მაგარი ბოპერი ნიუ-იორკში არ ეგულებოდა. ჰოდა, მევიოლინე ხან კოულმენ ჰოუკინსს, ხან დიზის, ხანაც ჩარლი პარკერს უწევდა ხოლმე პარტნიორობას.

40-იანი წლების ბოლოს სტაფ სმიტის კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. გაუთავებელმა სმამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გააუარესა. კრიზისი თითქმის 10 წელს გაგრძელდა. მხოლოდ 50-იანების დასაწყისში შეძლო ფეხზე წამოდგომა. ალკოჰოლიზმის მარწუხებისგან თავის დასაღწევად გარემოს შეცვლა გადაწყვიტა და საცხოვრებლად დანიაში გადავიდა. მისი სცენაზე დაბრუნება შთამბეჭდავი იყო. კრიტიკოსების აზრით, მისი კარიერის ყველაზე ღირებული პერიოდი სწორედ ევროპულია. დასტურად კი ისეთ ალბომებს ასახელებენ, როგორებიცაა "Black Violin", "Swingin' Stuff" და "Violin Summit". ამ უკანასკნელ პროექტში სტაფ სმიტს პარტნიორობა კონტრაბასისტმა ნილს ჰენინგ ორსტედ პედერსენმა, მევიოლინეებმა სვენდ ასმუსენმა, სტეფან გრაპელიმ და ჟან-ლუკ პონტიმ გაუწიეს.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG