Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია დასავლეთ საქართველოში


ბათუმი
ბათუმი

12 ნოემბერს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ სტიქიას იმერეთის, აჭარისა და გურიის რაიონებში. ძლიერმა წვიმამ და ქარმა, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და ჩამოწოლილმა მეწყერმა უსახლკაროდ დატოვა რამდენიმე ოჯახი, დააზიანა გზები, სახლებს სახურავები გადახადა, დასავლეთ საქართველოს 50 000-მდე აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. მთავრობა ზარალს ითვლის და აცხადებს, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია.

ამინდი დასავლეთ საქართველოში 11 ნოემბერს გვიან ღამით გაუარესდა. ძლიერი წვიმა მოვიდა აჭარაში, გურიასა და იმერეთში. სამაშველო სამსახურები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთდროულად რამდენიმე რაიონში ებრძოდა სტიქიას. ქედაში ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა ხუთი ოჯახი დააზარალა და გვიან ღამით მათი ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი მკვიდრის ირაკლი კახიძის თქმით, სტიქიას მთელი ღამე ებრძოდნენ:

„გადაუღებლად წვიმდა. მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სახლები დატბორა. ჩემს სახლს ფუნდამენტი გამოაცალა. ასეა კიდევ რამდენიმე ოჯახი. ყველანი გავხიზნეთ. ძალიან ცუდ მდგომაროებაში აღმოვჩნდით“.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლის ზვიად ჯაფარიძის თქმით, სტიქიის ზონიდან 19 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის - ოთხი ბავშვი, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მთავარია, მდინარე ჩხარა დაუბრუნდეს თავის კალაპოტს. ჩვენი სამსახური ყველა მიმართულებით უკვე მობილიზებულია, გამოვაცხადეთ ე. წ. ზამთრის მობილიზაცია, ადგილებზე იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები, ყველგან არის საჭირო ტექნიკა, ტექნიკური მარილი და საწვავის საკმარისი მარაგიც...
ნუგზარ გასვიანი

რამდენიმე საათის განმავლობაში გზა ჩაიკეტა ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე, ძლიერმა ქარმა და წვიმამ წააქცია ხეები. საცხოვრებელი სახლები დაზიანდა ჩაქვში, ქობულეთსა და მახინჯაურში.

ავდრის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა აჭარის, იმერეთისა და გურიის 50 000-მდე აბონენტს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ პიარ მენეჯერის ავთანდილ დვალიშვილის განცხადებით, კომპანიის ტექნიკური სამსახური მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა:

„დასავლეთ საქართველოში მთელი ღამის განმავლობაში სტიქია მძვინვარებდა, რის გამოც დაახლოებით 50 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ნაწილს მოვახერხეთ და აღვუდგინეთ შუქის მიწოდება, თუმცა მთლიანად აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ძლიერი წვიმა დილითაც გაგრძელდა“.

ძლიერი წვიმა მოვიდა წუხელ ღამით ჩოხატაურშიც. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სოფლის გზებიც. როგორც ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა "ინტერპრესნიუსს", სოფელ ხიდისთავის ცენტრში ძლიერმა ქარმა ალვის ხე მოგლიჯა, დაზიანდა გაზსადენი მილი და ელექტროგადამცემი ხაზები.

ძლიერმა წვიმამრამდენიმე ქუჩა დატბორა სამტრედიაშიც. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა. დატბორილ ადგილებში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

პარალიზებულია ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზაც. თერჯოლის გამგებლის თემურ ჯაფარიძის განცხადებით, ადიდებულმა მდინარე ჩხარამ ავტომაგისტრალის დაახლოებით 30-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, რამაც აღნიშნული პრობლემები გამოიწვია. ჯაფარიძის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამგებლის ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა ბაღდათის გავლით არის შესაძლებელი.

აღდგენითი სამუშაოების დაწყებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამინდის გამოკეთებისთანავე აპირებს. როგორც ამ სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა განაცხადა, გზის აღდგენას დიდი დრო არ დასჭირდება:

„მთავარია, მდინარე ჩხარა დაუბრუნდეს თავის კალაპოტს. ჩვენი სამსახური ყველა მიმართულებით უკვე მობილიზებულია, გამოვაცხადეთ ე. წ. ზამთრის მობილიზაცია, ადგილებზე იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები, ყველგან არის საჭირო ტექნიკა, ტექნიკური მარილი და საწვავის საკმარისი მარაგიც“.

რაც შეეხება გზებზე არსებულ მდგომარეობას დანარჩენ საქართველოში, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომლის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 94 – კმ 110 (ნარდევანი-როდიონოვკა (ფარავანი)) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 80 – კმ 136 მონაკვეთზე (მლეთა-რუსეთის საზღვარი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 70 – კმ 188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106 – კმ 117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რაც შეეხება უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდს, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, 12 ნოემბერს საღამოს ქარი ჩადგება, თუმცა 13 ნოემბერს ისევ ქარია მოსალოდნელი.

მეტეოროლოგები გამოდარებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე15 ნოემბრიდან ელიან.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG