Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სტრატეგია


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი სტრატეგია აქვს. მიმდინარე ხელისუფლების პირობებში ეს უკვე სფეროს განვითარების მეორე სტრატეგიაა, რომელიც 2015-2020 წლებს მოიცავს.

სტრატეგიის დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს, იმ ძირითადი საშუალოვადიანი სტრატეგიული მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების ერთობლიობას, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვის განსახორციელებლად განსაზღვრულია 7 სტრატეგიული მიმართულება და შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა მიხედვით შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წყაროების გათვალისწინებით.

სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია: 1. აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება; 2. ინსტიტუციური განვითარება; 3. მელიორაცია და ნიადაგის ნაყოფიერება; 4. რეგიონალური და დარგობრივი განვითარება - დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა; 5. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 6. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა; 7. კლიმატის ცვლილებები, გარემო და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

სტრატეგიის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ღონისძიებებს, ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფას, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიან ფუნქციონირებას, ფერმერთა გადამზადებას საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებულ განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას, საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნას, სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას, შესაბამისი მოქნილი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას და განხორციელებას.

სტრატეგია ითვალისწინებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას (დაახლოების შეთანხმებული ვადების შესაბამისად), რაც უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებთან მაქსიმალურ მიახლოებასა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

XS
SM
MD
LG