Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააბრუნებს თუ არა გლეხს სოფელში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა?


დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე
მომავალი კვირიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, მიწის მფლობელებისათვის ე.წ. სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას იწყებს. გლეხებსა და ფერმერებს ორი ტიპის ბარათი დაურიგდებათ - ერთის საფასურით მათ მიწის დამუშავება შეეძლებათ, მეორით კი თავიანთთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს შეიძენენ.

”ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობაში 700 მილიონამდე ლარის დახარჯვას ერთი მთავარი მიზანი აქვს - დაკარგული სოფლის უკან დაბრუნება”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ბოლო ასი დღის მუშაობა შეაფასა.
პირველი - ეს არის ბარათი, რომელსაც ტრაქტორი ახატია, და მისი დარიგება მომავალ კვირას დაიწყება. ამ ბარათის მიმღები ყველა ადამიანი შეძლებს თავისთვის საჭირო მომსახურების მიღებას...
დავით კირვალიძე


სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას ახალი მთავრობა ქვემო ქართლიდან მომავალ კვირას დაიწყებს. მიწათმესაკუთრეები, ვისაც ეს ბარათი ერგება, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „კარდაკარის“ პრინციპით აღწერა. უკვე ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ღირებულება კი 180 მილიონ ლარზე მეტია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ 6 თებერვალს დეტალურად განმარტა, თუ რა სარგებელს ნახავენ გლეხები ამ ბარათით, რომელიც ორი ტიპისაა:

”პირველი - ეს არის ბარათი, რომელსაც ტრაქტორი ახატია, და მისი დარიგება მომავალ კვირას დაიწყება. ამ ბარათის მიმღები ყველა ადამიანი შეძლებს თავისთვის საჭირო მომსახურების მიღებას, - ვგულისხმობ მიწის მოხვნას და გაფხვიერებას. მეორე ბარათი ნედლეულის და ინვენტარის შესაძენად არის გამიზნული და მის დარიგებას მარტიდან დავიწყებთ”.

რაც შეხება თანხას აღნიშნულ ბარათებზე - აქ მიწის მფლობელები კატეგორიებად იყოფიან. კერძოდ, 0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს მიიღებენ, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა;
0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები მიიღებენ 510 ლარის ღირებულების ბარათებს, ხოლო 0.25 ჰა-დან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები - 640 ლარის ღირებულების ბარათებს.
ევროკავშირის დახმარებით შემუშავდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი, რომლის განსახორციელებლად საქართველო მიიღებს გრანტს 40 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც 15 მილიონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას მოხმარდება...
მთავრობის ასდღიანი მუშაობის ანგარიში


სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ნაწილია ე.წ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი.
მცირე ფერმერებს გადაეცემათ უპროცენტო სასაქონლო კრედიტი - 5000 ლარამდე, საშუალო და დიდ ფერმერებს 5000-დან 100 000 ლარამდე - 7-8% იანი კრედიტი, ხოლო სასოფლო-საწარმოების დაფინანსებისათვის კრედიტზე, არაუმეტეს 1 000 000 ლარისა, საშუალო წლიური პროცენტი იქნება 3%.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სფეროში მთავრობის ასდღიანი მუშაობის ანგარიშში ვკითხულობთ:

”2013 წელს ასევე დაფინანსდება 60-მდე საწარმო, მათ შორის, სამაცივრე მეურნეობები, სასაწყობე და დამფასოებელი, გადამამუშავებელი საწარმოები. ევროკავშირის დახმარებით შემუშავდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი, რომლის განსახორციელებლად საქართველო მიიღებს გრანტს 40 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც 15 მილიონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას მოხმარდება, დანარჩენი საბიუჯეტო გრანტი იქნება.
უახლოეს მომავალში ცვლილებები შედის ვეტერინარიის შესახებ კანონში, მცენარეთა დაცვის კანონში, ასევე მუშაობენ სურსათის უვნებლობის კოდექსზე.

დაიწყო სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის აკრედიტაციის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
იწყება მილიონზე მეტი მსხვილფეხა საქონლის ვაქცინაცია, კერძო სექტორში არსებული პირუტყვის აღწერა და მისი ვაქცინაცია, ასევე, მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ მიმართული პროგრამა”.

2010 წლის მთავრობის დადგენილებით, უკანონოდ გაიზარდა მიწის გადასახადი, - სახნავ-სათეს მიწას ვგულისხმობ, - ხოლო საძოვრის გადასახადი 500%-ითაა გაზრდილი. ამან მართლა საბოლოოდ წელში გატეხა ფერმერიც, გლეხიც და ყველა ის ადამიანი, ვინც სოფლის მეურნეობასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამან გამოიწვია ქართული მიწების ინტენსიურად უცხოელებზე გაყიდვა...
ირინე ფხოველიშვილი


როგორ აფასებენ ფერმერები და გლეხები ახალ ინიციატივებს და რაში ხედავენ ისინი სოფლის მეურნეობის განვითარების გზებს? რადიო თავისუფლება გაესაუბრა ირინე ფხოველიშვილს, წევრს საინიციატივო ჯგუფისა ”გადავარჩინოთ მამული”. ის ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას რეალურად ფერმერების დახმარება სურს, მაშინ, პირველ რიგში, მიწის გაზრდილი გადასახადი უნდა შემცირდეს:

”2010 წლის მთავრობის დადგენილებით, უკანონოდ გაიზარდა მიწის გადასახადი, - სახნავ-სათეს მიწას ვგულისხმობ, - ხოლო საძოვრის გადასახადი 500%-ითაა გაზრდილი. ამან მართლა საბოლოოდ წელში გატეხა ფერმერიც, გლეხიც და ყველა ის ადამიანი, ვინც სოფლის მეურნეობასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამან გამოიწვია ქართული მიწების ინტენსიურად უცხოელებზე გაყიდვა. პირველი და უმთავრესი ხელშეწყობა გლეხისთვის სწორედ ამ ტვირთად წამოკიდებული ბეგარის მოხსნა იქნებოდა”.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, რომელიც, სხვათა შორის, პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებამდე საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებაში” თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი იყო, ამბობს, რომ ის, რაც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრისგან ესმის, არის არა პოლიტიკა, არამედ ტექნიკური საკითხები, რაც ვერანაირ დადებით ზეგავლენას კატასტროფის პირას მდგომ საქართველოს სოფლის მეურნეობაზე ვერ მოახდენს. გიორხელიძე სკეპტიკურად უყურებს სასოფლო-სამეურნეო ბარათებსაც და მზად არის ამ თემებზე ღია დებატებში მიიღოს მონაწილეობა:
დემურ გიორხელიძე
დემურ გიორხელიძე

”ეს ბარათი, 300 ლარიანი იქნება თუ 500 ლარიანი, მართლა არაფერს წყვეტს. მთავარია, როგორი იქნება სოფლის მეურნეობის აღორძინების კონცეფცია. ამ კონცეფციას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ. შედეგზე საუბარი კი მის გარეშე, უბრალოდ, ზედმეტია. უნდა გაკეთდეს სერვისცენტრები, ინფრასტრუქტურა, სასურსათო ბაზრების რეგულირების საკითხების გადაწყვეტა, კაპიტალის ბაზრის შექმნა, რადგან არაფერი სოფლისთვის არ არის და ეს პრინციპული საკითხია, ასევე მიწის ბაზრის რეგულირება... მოკლედ, ბევრი ისეთი საკითხია, რომელზეც ჯერჯერობით არ გვესმის საუბარი და რაც გვესმის, იმ რიტორიკით სოფელი ადგილიდან ვერ დაიძვრება”.

6 თებერვალს სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსულ ბაზარზე პროდუქციის დაბრუნების საკითხსაც შეეხო. მისი ინფორმაციით, ქართული ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე გაზაფხულზე დაბრუნდება, თუმცა მანამდე - კერძოდ კი, მომავალ კვირას - რუსეთიდან ინსპექტირების სამი ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც ადგილზე შეამოწმებენ ყველა მსურველი კომპანიის პროდუქციას. შემოწმების გავლის შემდეგ და ხარისხით დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათთვის რუსული ბაზრის კარი ღია იქნება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG