Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა და აზერბაიჯანმა კვლავ დაადასტურეს ზავისადმი ერთგულება


სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სერჟ სარქსიანი (მარცხნივ) და ილჰამ ალიევი ვენაში. 2013 წლის ფოტო.
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სერჟ სარქსიანი (მარცხნივ) და ილჰამ ალიევი ვენაში. 2013 წლის ფოტო.

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კვლავ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება რუსეთის შუამავლობით ადრე მიღწეული საზავო შეთანხმებისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. პრეზიდენტების ერთობლივი შეთანხმება მოჰყვა ვენაში ეუთოს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით გამართულ შეხვედრას.

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მზად არიან დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე მოსალაპარაკებლად. ორი ქვეყნის პრეზიდენტების ვენის შეხვედრის შესახებ მოგვიანებით გავრცელდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის -წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება, რომლის ძირითადი პუნქტებიც ჟურნალისტებს გააცნო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა:

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

„შევთანხმდით, და ეს სამი თანათავმჯდომარე ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშიც აღინიშნება, რომ შენარჩუნებული იქნება მიღწეული ზავი იმ სახით, როგორც ამას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 94-95 წლებში დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს“.

ხსენებული შეთანხმებით ბოლო მოეღო თითქმის ექვსწლიან ომს მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებულ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ავტონომიაში, სადაც ორივე მხრიდან, სულ ცოტა, 30 ათასი კაცი დაიღუპა და ასობით ათასი დევნილად იქცა. საერთაშორისო მოლაპარაკებებმა, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფში გაერთიანებული ქვეყნების შუამავლობით მიმდინარეობდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის, შედეგი ვერ გამოიღო. აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მომხდარი ესკალაციის შედეგად, ორივე მხრიდან, სულ ცოტა, 75 ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა.

შევთანხმდით, რომ ეუთო შეიმუშავებს კონკრეტულ ზომებს, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიძიოთ დაპირისპირების ზონაში მომხდარი ინციდენტები...
სერგეი ლავროვი

რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანი და სომხეთი ზავზე შეთანხმდნენ და ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს. ამ ინციდენტის შემდეგ, 16 მაისის შეხვედრაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა პირველად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ კვლავ გამართავენ შეხვედრას მთიანი ყარაბაღის პრობლემის საბოლოო მოგვარების პარამეტრებზე სამუშაოდ:

„შევთანხმდით, რომ ეუთო შეიმუშავებს კონკრეტულ ზომებს, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიძიოთ დაპირისპირების ზონაში მომხდარი ინციდენტები. გარდა ამისა, ეუთო დაგვეხმარება უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ხოლო ივნისში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები შეათანხმებენ დროსა და ადგილს თავიანთი შემდეგი შეხვედრისა, რომლის დროსაც, პოლიტიკური პროცესის მსვლელობაში უკვე გაწეული ძალისხმევის გათვალისწინებით, გაგრძელდება მუშაობა მთიანი ყარაბაღის პრობლემის საბოლოო მოგვარების პარამეტრებზე“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ვენის საერთაშორისო შეხვედრამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მასზე სამი ქვეყანა შეთანხმდა ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე, საქართველომ კი გამოთქვა მზაობა 2017 წელს უმასპინძლოს ასეთ მრავალეროვნულ მანევრებს, რომელიც, როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა განაცხადა, სამი ქვეყნის საბრძოლო შესაძლებლობებისა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG