Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომეხთა ხოცვა-ჟლეტის მე-100 წლისთავს თურქეთმა გალიპოლით უპასუხა


24 აპრილს სომხეთის პრეზიდენტი და მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ლიდერი შეიკრიბნენ ერევნის მახლობლად აღმართულ მასიურ ღია მონუმენტთან, რომელსაც სომხები სომეხთა გენოციდის ძეგლს უწოდებენ. ოფიციალური სამგლოვიარო ღონისძიებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე კი სომხეთის ეკლესიამ ნეტარად შერაცხა 1.5 მილიონამდე სომეხი, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის დროს გაჟლიტეს. ერევანში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობდნენ საფრანგეთის, რუსეთისა და სერბიის პრეზიდენტები. თავის სიტყვაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომეხთა ხოცვა-ჟლეტას უდიდესი ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ მსოფლიოში კვლავ შეიმჩნევა ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და რუსოფობიის ნიშნები:

„სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრ კუთხეში კვლავ წამოყო თავი ნეოფაშიზმმა. ხელისუფლებისაკენ მიილტვიან რადიკალი ნაციონალისტები, ძალას იკრებს ანტისემიტიზმი და ჩვენ ვხედავთ რუსოფობიის გამოვლინებასაც. უნდა დავსვათ შეკითხვა: რატომ ხდება ასე და რა არის ამის მიზეზი? და მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონში ნებისმიერი ქმედების დროს საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, დაფიქრება, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას“.

სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო შეკრებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა. ბერლინში 23 აპრილს გამართულ საეკლესიო წირვას დაესწრო გერმანიის პრეზიდენტი იუხაიმ გაუკი, რომელმაც ასი წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებს „გენოციდი“ უწოდა:

„სომეხთა ხვედრი მაგალითია მასობრივი ხოცვა-ჟლეტის, ეთნიკური წმენდის, დეპორტაციის და, დიახ, გენოციდისა, რომლითაც ასე საშინლად არის აღბეჭდილი მე-20 საუკუნე“.

გერმანიის პრეზიდენტის ეს განცხადება წინ უსწრებს გერმანიის პარლამენტში დაგეგმილ დებატებს 1915 წლის 24 აპრილის სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის თაობაზე. თურქეთს ასეთი განცხადებები ძალიან აღიზიანებს. ანკარამ ავსტრიიდან ელჩიც კი გამოიწვია მას შემდეგ, რაც ავსტრიის პარლამენტმა მიიღო ერთობლივი განცხადება, რომელშიც ასი წლის წინანდელი მასობრივი ხოცვა „გენოციდად“ არის შეფასებული. 23 აპრილს, ხალხმრავალ თავყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სომხეთის დიასპორა ასი წლის წინანდელ მოვლენებს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებსო:

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შევხვდეთ სომხეთის ხელმძღვანელობას, რომელსაც აქვს საღი აზრი და მზადყოფნა საერთო მომავლის ასაშენებლად, ვინაიდან ჩვენ საერთო ტკივილი გვაერთიანებს. ჩვენ ამ პრობლემებზე ერთმანეთში, სომხებთან შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ არა სხვებთან. თუ ამას მოვახერხებთ, მჯერა, რომ ჩვენ საერთო ენას ვიპოვით“.

მანამდე, 23 აპრილს, ტელეკომპანია „სიენენის“ თურქულენოვანმა არხმა გადასცა ექსკლუზიური ინტერვიუ სომხეთის პრეზიდენტთან. „ორ სახელმწიფოს შორის შერიგება მაშინ მოხდება, როდესაც თურქეთი გენოციდს აღიარებს“, - განაცხადა სერჟ სარქისიანმა, რომელმაც თურქეთი ერევანში მიმდინარე ხსოვნის ღონისძიებებიდან ყურადღების გადატანის მიზანმიმართულ მცდელობაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, თურქეთმა 24 აპრილს მსოფლიო ლიდერები ოსმალეთისა და მოკავშირე ქვეყნების არმიებს შორის გალიპოლიში მომხდარი ბრძოლის მეასე წლისთავის აღსანიშნავად დაპატიჟა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG