Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სმოლენსკის ტრაგედია: „თვითმფრინავს რაღაც განზრახ მოუშალეს“


8 აპრილს ბერლინში გამოვიდა ცნობილი გერმანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, იურგენ როთის წიგნი, სახელწოდებით „საიდუმლო საქმე S: სმოლენსკი, რეისი MH17 და პუტინის ომი უკრაინაში“. დღეს 5 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი იმ ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის იმდროინდელი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ათობით სხვა სამხედრო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა. პოლონეთში როთის წიგნი მაისში გამოვა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ბერლინელი კორესპონდენტმა იური ვექსლერმა ინტერვიუ ჩამოართვა იურგენ როთს.

ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის ანალიზისთვის იურგენ როთმა უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლთან ერთად სმოლენსკისა და „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის გახმაურებული ავიაკატასტროფები აირჩია. როთის თქმით, 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნა იყო კრემლის აგრესიული ანტიდასავლური პროპაგანდის დასაწყისი. იმის მიუხედავად, რომ ავიაკატასტროფა ხუთი წლის წინ მოხდა, მის გამომწვევ მიზეზებზე ეჭვები დღემდე არსებობს.

„დღეს უკვე შეიძლება, დაბეჯითებით ითქვას, რომ რუსეთის ოფიციალური გამოძიების მიერ წარმოდგენილი შედეგების ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება, ნაწილობრივ გაყალბებულია. გერმანიის სადაზვერვო წყაროების ინფორმაციით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ თვითმფრინავის ბორტზე მოხდა აფეთქება ან, შეიძლება, ორი აფეთქებაც კი და რომ მათთვის პასუხისმგებელი იყო „ეფ-ეს-ბე“. არსებობს სხვა მსგავსი მტკიცებულებებიც, რომლებიც თვითმფრინავში აფეთქებაზე მიუთითებს. მოიპოვება იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ მფრინავებზე არ ყოფილა არავითარი ზეწოლა და რომ გვამების სამედიცინო ექსპერტიზა გაყალბებულია. დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტებს კი გამოძიების საშუალება არ მიეცათ. მოკლედ, არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ ეს არ იყო უბრალო ავიაკატასტროფა, არამედ, როგორ ვთქვა... ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავს რაღაც განზრახ მოუშალეს.“

ხუთი წლის წინ პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მიემგზავრებოდა კატინში, რათა მონაწილეობა მიეღო სამგლოვიარო ცერემონიაში, რომელიც ეძღვნებოდა ამ სოფელში, 1940 წელს, საბჭოთა საიდუმლო სამსახურების მიერ დახოცილი პოლონელი ოფიცრების ხსოვნას. თვითმფრინავი „ტუ-154“ რუსეთის ქალაქ სმოლენსკში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა: პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია, პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და სასულიერო ელიტის წარმომადგენლები, თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები. 2011 წლის იანვარში სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომისიამ წარმოადგინა რუსეთის სპეციალისტების ანგარიში, რომელშიც ავიაკატასტროფისთვის მთავარი ბრალი ეკიპაჟს დააკისრეს. „მფრინავებს, რომლებიც 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს მართავდნენ, სათანადო მომზადება აკლდათ და თან განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბორტზე მყოფი გენერლისაგან, დაჯდომა განეხორციელებინათ უამინდობის მიუხედავად“ - ნათქვამი იყო ავიაციის სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარის განცხადებაში. პოლონეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ანგარიშს „მიუღებელი“ და „შეცდომებით სავსე“ უწოდა.

თავის წიგნში, „საიდუმლო საქმე S“-ში, იურგენ როთი აღწერს იმ ნიშნებს, რომლებიც რუსეთის ანგარიშის საწინააღმდეგოზე მიუთითებს, თუმცა ამბობს, რომ არ აქვს უტყუარი საბუთები - ამ საბუთებს, მისი აზრით, ვერც ვერავინ მოიპოვებს. მაგრამ როთისთვის იმდენად ნათელია არსებული დასკვნის წინააღმდეგობრივი ხასიათი, რომ ის აუცილებლობად თვლის ახალი, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. რაც უნდა უცნაური იყოს, ასეთ გამოძიებაზე, წიგნის ავტორის თქმით, თავიდანვე უარი განაცხადა როგორც რუსეთის, ისე პოლონეთის მხარემ. როთის ინფორმაციით, საერთაშორისოდ აღიარებულმა პოლონელმა, ამერიკელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა სერიოზული ეჭვი გამოთქვეს ოფიციალური ვერსიის მიმართ. ფოტოსურათის ექსპერტიზის საფუძველზე, ამერიკელი სპეციალისტები საუბრობენ გადარჩენილებზე, რომლებიც, შესაძლოა, თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოკლეს. თავის ნაშრომში როთი სიფრთხილით ეკიდება ტრაგედიის დეტალებთან დაკავშირებულ ყველა ვერსიას:

„ასეთი დასკვნების გამოქვეყნებისას სიფრთხილეს ვიჩენ: ეს მხოლოდ მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც დამატებითი გამოძიება არ ჩატარებულა და არც იყოს ამის საშუალება. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტრაგედიაზე პოლონეთში ფართოდაა გავრცელებული შეთქმულების თეორიის ვერსიები და ჩემს წიგნში ვცდილობ, წარმოვადგინო ორივე მხარის პოზიციები და ის წინააღმდეგობები, რომლებიც თითოეულ მათგანს ახასიათებს“.

სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინს ლეხ კაჩინსკის სიკვდილი დიდად არ ეწყინებოდა. იმის გარდა, რომ ეს უკანსაკნელი პუტინს დაუფარავად და მკაცრად აკრიტიკებდა, როთი იხსენებს „გაზპრომთან“ პოლონეთის შეთანხმებას, რომლის გაფორმებაც კომპანიას ძალიან უნდოდა, კაჩინსკის კი არა და არ სურდა მასზე ხელის მოწერა. საინტერესოა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ეს ხელშეკრულება მალევე გაფორმდა და მას მაშინ დონალდ ტუსკმა მოაწერა ხელი ვლადიმირ პუტინთან ერთად, რომელსაც მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. მაგრამ როთი დარწმუნებული არ არის, რომ სწორედ პუტინი იყო მკვლელობის უშუალო დამკვეთი:

„არა მგონია, რომ არსებობდა პუტინის პირდაპირი ბრძანება. როგორც წესი, ის ასეთ პირდაპირ ბრძანებებს არ გასცემს. მისი პოლიტიკური სურვილები სხვა მექანიზმებით სრულდება - ეს ჩანს ნემცოვის მკვლელობის ამბავშიც და კიდევ უფრო ადრე, რუსეთში 1999 წლის აფეთქების საქმეშიც, როცა მის უკან აშკარად „ეფ-ეს-ბე“ იდგა, მაგრამ ყველა მოწმე დღეს უკვე მკვდარია. ლეხ კაჩინსკი და მისი ნაციონალ-კონსერვატული პარტია მაშინ, 2008, 2009 და 2010 წლებში პუტინისა და კრემლის პოლიტიკის შეურიგებელი ოპონენტები იყვნენ. პოლონეთში სხვა არავინ იყო ისე ანტირუსულად განწყობილი, როგორც ეს პარტია და მისი ლიდერი, და შესაბამისად, ამ ქვეყნის იმდროინდელი მთავრობა“.

იურგენ როთისთვის ავიაკატასტროფის მოწყობის მოტივაცია შეიძლებოდა ყოფილიყო კაჩინსკის ღრმად ანტირუსული განწყობა, თუმცა გერმანელი პუბლიცისტისთვის ეს მაინც ვერ არის საკმარისად ყოვლისმომცველი ახსნა.

კითხვაზე, ხედავს, თუ არა კავშირს კაჩინსკის თვითმფრინავის ამბავსა და ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში პუტინის ახლანდელ ქმედებებს შორის, როთი ასე პასუხობს:

„კი, ვხედავ და ამ კავშირს ჩემს წიგნში ვაჩვენებ კიდეც. ჯერ კიდევ სმოლენსკის ავიაკატასტროფის დროს დაიწყო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც დღეს უკვე უწყინარი ჩანს იმასთან შედარებით, რაც შემდეგ ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში რუსების მიერ სეპარატისტების მხარდაჭერისას იხილა მსოფლიომ. მაგრამ სმოლენსკიდან დაიწყო ვლადიმირ პუტინის ტყუილის, გაყალბების ეს სისტემური პოლიტიკა, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდა და მისი პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ“.​

„საიდუმლო საქმე S”-ში იურგენ როთი ქრონოლოგიურად მიმოიხილავს პუტინის წარსულ პოლიტიკას. წიგნის ავტორის თქმით, პუტინის რეჟიმს მუდამ ახასიათებდა, ერთი მხრივ, ტყუილი და, მეორე მხრივ, დეზინფორმაცია. სმოლენსკის ავიაკატასტროფა დღეს რომ მომხდარიყო და არა ხუთი წლის წინ, დასავლეთში ეჭვი არავის შეეპარებოდა, რომ ამაში პუტინის ხელი ურევია და ამას შეიძლება ახალი ომიც კი გამოეწვიაო, დასძინა როთმა.

რუსეთისადმი გერმანიის დამოკიდებულებაზე მსჯელობისას, როთი აღნიშნავს, რომ ბერლინში ორ ბანაკს ხედავს. ერთია ანგელა მერკელი და მისი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომელიც სიფრთხილით გამოირჩევა. როთის თქმით, მერკელს კარგად ესმის, რომ პუტინი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია, თუმცა მეორე ბანაკი - სოციალ-დემოკრატები - პუტინს მაინც ძველ პარტნიორად აღიქვამს და დიპლომატიური თუ ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით, სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG