Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთი საქართველოსთვის - ევროკავშირისა და ნატოს სივრცეში


ანდრეას კისკა და გიორგი მარგველაშვილი
ანდრეას კისკა და გიორგი მარგველაშვილი

სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეას კისკას ვიზიტს საქართველოში ისტორიულ მოვლენად მიიჩნევენ და, შესაბამისი დაპირებების ფონზე, გამოხატავენ იმედს, რომ სლოვაკეთი ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ საქართველოს. ამ ვიზიტის მნიშვნელობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ახლა, როცა 1 ივლისიდან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პოსტს ნიდერლანდი სწორედ სლოვაკეთს გადაულოცავს. ყურადღება მახვილდება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებზე.

„ჩამოვედი, რომ იმპულსი მივცე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეას კისკამ 30 მაისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. როდესაც ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაზე ლაპარაკობს, ანდრეას კისკა საკითხს ეკონომიკური ურთიერთობების ჭრილშიც განიხილავს - საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საქართველოში დაინტერესებული ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და სჯერა, რომ ქართველი და სლოვაკი ბიზნესმენები აუცილებლად გამონახავენ საერთო ენას. მის გამოსვლაში ასევე საგანგებოდ იკვეთება საქართველოს მხარდაჭერისთვის მზადყოფნა როგორც ევროპული, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„ჩამოვედი, რომ მხარი დავუჭირო საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ვიცი, რომ ამ გზაზე ბევრი გამოწვევა გხვდებათ წინ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა იაროთ... საქართველო და სლოვაკეთი თითქმის ერთნაირი ზომის ქვეყნებია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც გაწევრიანდეს ნატოში. ჩვენი მშობლებიც ვერ იოცნებებდნენ იმაზე, რომ ერთ დღეს ნატოს წევრი გახდებოდა სლოვაკეთი, მაგრამ ეს რეალობაა... ამასთან, ჩვენი ქვეყანა მალე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. თქვენ კი უკვე გაქვთ ასოცირების შეთანხმება და წლების წინ, ალბათ, არავინ მოელოდა საქართველოში, რომ ასეთი შეთანხმება გაფორმდებოდა ევროკავშირთან. ეს არის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წაიწიოთ წინ – მთავარი მიმართულებით“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

თავმჯდომარე ქვეყანა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის ადგენს დღის წესრიგს, მთლიანობაში ადგენს ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა საკითხი, რაც იქნება განხილული ევროკავშირის საბჭოს მიერ ამ პერიოდის განმავლობაში, იქნება შეთავაზებული სლოვაკეთის მთავრობის მიერ...
კახა გოგოლაშვილი

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერის გამო, სლოვაკეთის პრეზიდენტმა სამადლობელი სიტყვები ქართველი კოლეგისგანაც მოისმინა. 30 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა ანდრეას კისკას ვიზიტს ისტორიული უწოდა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სლოვაკეთის პრეზიდენტი პირველად ეწვია საქართველოს და იქვე გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის სივრცეში სლოვაკეთის დროებითი დაწინაურება ახალშესაძლებლობებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას:

„მე მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც იწყება სულ ცოტა ხანში, ერთ თვეში, იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ უფრო გააღრმავოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი. ჩვენ გვაქვს უკვე ტრადიციულად თანამშრომლობა როგორც კულტურულ, ასევე სამხედრო სფეროში და, ბუნებრივია, სლოვაკეთში ჩემი ვიზიტითაც და ახლა თქვენი ვიზიტით იქმნება სულ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობა ბიზნესთანამშრომლობის თვალსაზრისით“.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის პოსტს სლოვაკეთი 2016 წლის 1 ივლისიდან 6 თვით ჩაიბარებს და, თუკი თავმჯდომარის უფლებამოსილებებს გადავხედავთ, მისი მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანი რომ იქნება საქართველოსთვის, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმაც ილაპარაკა:

„თავმჯდომარე ქვეყანა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის ადგენს დღის წესრიგს, მთლიანობაში ადგენს ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა საკითხი, რაც იქნება განხილული ევროკავშირის საბჭოს მიერ ამ პერიოდის განმავლობაში, იქნება შეთავაზებული სლოვაკეთის მთავრობის მიერ... მართალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მიღებული იქნება თავმჯდომარე ქვეყნის ესა თუ ის წინადადება და ასევე წინასწარ უნდა შეთანხმდეს განსახილველი დღის წესრიგი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, თუ რომელია თავმჯდომარე ქვეყანა და რა პრიორიტეტებს სთავაზოვს ის ევროკავშირის ქვეყნებს“.

კახა გოგოლაშვილის თქმით, შესაძლოა აქამდე სლოვავეთი, მაგალითად, პოლონეთისა და ლიტვის მსგავს ძლიერ მხარდაჭერას არ ავლენდა საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელსაც კარგად ესმის ჩვენი პრობლემები და მისთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობა ევროკავშირის ფარგლებში.

სლოვაკეთის მხარდაჭერის იმედი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. როგორც მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა აღნიშნა 30 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას, სლოვაკეთი საქართველოს „ძალიან სერიოზული მხარდამჭერია“ როგორც ვროპული ინტეგრაციის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დიდ როლს ასრულებს საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ფარგლებში.

სლოვაკეთის პრეზიდენტი 29 მაისს ეწვია საქართველოს. ვიზიტის დღის წესრიგის თანახმად, წინასწარვე დაიგეგმა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ანდრეას კისკა მონაწილეობას მიიღებს ბიზნესფორუმებში თბილისსა და ბათუმში. სლოვაკეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG