Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთჯერადი ჩხუბი თუ წინასაარჩევნო ომი


ფიზიკური დაპირისპირება კორცხელის საარჩევნო უბანთან
ფიზიკური დაპირისპირება კორცხელის საარჩევნო უბანთან

საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები ცნობილია. ცესკოს მონაცემებით, 9 საარჩევნო ოლქის 45 უბანზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის #53 უბნის გამოკლებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 9-დან 7 საარჩევნო ოლქში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს, 2-ში კი გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს დარჩათ.

კორცხელში 22 მაისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების არც ერთი დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის. როგორც ცნობილია, ჩხუბში „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაშავდნენ. ოპოზიცია ხელისუფლებას სპორტსმენებით დაკომპლექტებული ე. წ. „ზონდერჯგუფების“ მფარველობაში ადანაშაულებს, ხელისუფლების წევრები კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, სოფელ კორცხელის საარჩევნო უბნის გამოკლებით, დანარჩენ ორმოცდაოთხ უბანზე არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 9-დან 7 ოლქში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. მათ კანდიდატებს „ნაციონალებმა“ ოზურგეთსა და ზუგდიდში აჯობეს - მათ შორის, ინციდენტის ადგილას, კორცხელში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვარადებულ ლაშხიამ მმართველი პარტიის კანდიდატს ამირან ლაგვილავას 10 ხმით მოუგო. 22 მაისს სწორედ ამ საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მომხრეები. დაპირისპირება მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი დაშავდა, მათ შორის, გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა და ნიკა მელია.

ყველამ კარგად ნახა ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ არა აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და ისინი ცდილობენ თავდასხმებით, შეურაცხყოფით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული „ბოევიკების“ მეოხებით გაიმარჯვონ...
ნუგზარ წიკლაური

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართულნი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ზუგდიდსა და ოზურგეთში მოპოვებულ გამარჯვებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების წინაპირობად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ იქ მომხდარით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა:

„კორცხელსა და ნასაკირალში პრაქტიკულად დაიწერა 2016 წლის არჩევნების შედეგებიც. ყველამ ცხადად დაინახა, რომ ხალხი აღარ აპირებს შეეგუოს ქვეყნის უკუსვლასა და რეგრესს, კარგად დაინახა ყველამ ისიც, რომ ქართველი ხალხი აპირებს წინსვლას და განვითარებას. ყველამ კარგად ნახა ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ არა აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და ისინი ცდილობენ თავდასხმებით, შეურაცხყოფით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული „ბოევიკების“ მეოხებით გაიმარჯვონ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

კორცხელის ინციდენტის შემდეგ მალევე ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა, პარტიის ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ”ზონდერჯგუფს” უშუალოდ ხელმძღვანელობდა გიორგი არეშიძე, რომელთანაც სპორტსმენები მოსამზადებლად შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის, დაცვის უფროსს, გეგა გეგეშიძეს, მიჰყავს. გაბაშვილის განცხადებით, ამ საქმის შემკვეთი და დამფინანსებელი ვიცე-პრემიერი კახა კალაძეა. მან ის სპორტსმენებიც ჩამოთვალა, რომლებიც, მისი განცხადებით, ინციდენტში მონაწილეობდნენ:

”ამ ზონდერჯგუფების უშუალო შემქმნელი და დამფინანსებელი არის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, უშუალო ხელმძღვანელობას კი გიორგი არეშიძე ახორციელებს. სწორედ ის ქირაობს სპორტულ დარბაზს, სადაც ასეთი ცემა-ტყეპისთვის იწვრთნებიან ეს ზონდერები. ჯერჯერობით იდენტიფიცირებული გვყავს 14 ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში: კობა ტყეშელაშვილი; გიგა ტყემალაძე - ბრძოლა წესების გარეშე; ვლადიმერ გეგეშიძე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიო უბილავა - მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია; ნოშრევან წურწუმია - კარატეს ეროვნული ფედერაცია; ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი და ვახტანგ წურწუმია”.

კახა კალაძე
კახა კალაძე

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კორცხელში სპორტსმენების მობილიზების თაობაზე მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს ”სასაცილოს” უწოდებს და აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც სამეგრელოში მოხდა:

„პირადად მაქვს გამოვლილი ასეთი სიტუაციები, როცა ქვებს გვესროდნენ, და არ დავუშვებ იგივე განმეორდეს ჩვენი ოპონენტების მიმართ. ძალიან მძიმე საყურებელი კადრები იყო, რაც ვნახეთ. დაწყებულია მოკვლევა და არ აქვს მნიშვნელობა, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი იქნება თუ ”ნაციონალური მოძრაობის”, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე”.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ამ თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში მეტი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება და პოლიციაც უფრო მობილიზებული იქნება.

სამეგრელოში მომხდარს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, აცხადებს, ამ ფაქტმა ცალკეულ პოლიტიკურ ძალებზე მეტად ქვეყნის იმიჯი დააზარალა:

„ეს მუშტის ქნევა არის დარტყმა არა მხოლოდ ორივე მხარეს მდგარ ადამიანებზე, ვისაც ეს მუშტი მოხვდა, არამედ დარტყმა მთელი ქვეყნის იმიჯზე წინასაარჩევნოდ. ასეთი რამ, მგონია, რომ არასდროს აღარ უნდა დავუშვათ“.

ყველანაირი გამართლება ძალადობისა არის დაუშვებელი. დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ, მით უმეტეს, რომ მათი პოვნა პრობლემას არ წარმოადგენს. ეს იყო ის ხალხი, ვინც სპეციალურად ჩავიდა ადგილზე ხალხის საცემად და მათ ზუსტად იცოდნენ, ვინ და რომელ საათზე უნდა ეცემათ...
ლევან ბერძენიშვილი

პარიზში ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, არ გამორიცხავს, რომ „პროვოკაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამავე სხდომაზე ევროპელი კოლეგებისათვის წაქცეული თუ ნაცემი ბოკერია-მელიას ფოტოების ასაფრიალებლად სჭირდებოდა“.

„პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას. საარჩევნო პროცესისთვის, ხმის მიცემისთვის ხელშეშლა, ამომრჩეველზე ზეწოლა, უბნებზე წესრიგის დარღვევა, ძალადობა, ცემა დანაშაულია და სწორედ სამართალდამცავი ორგანოებისგან, პოლიციისგან მოვითხოვ შესაბამის და დროულ რეაგირებას. თუ ვინმე ქვას ისვრის, განცხადებით კი არა, კანონით უნდა ვუპასუხოთ! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ძალადობა ამ ქვეყანაში და ამისთვის კონკრეტული მოქმედება და დანაშაულის აღკვეთაა საჭირო, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

ძალადობას გამართლება არ გააჩნია, - ასეთი იყო რესპუბლიკელების და, კერძოდ, ლევან ბერძენიშვილის გამოხმაურება მომხდარზე:

„ყველანაირი გამართლება ძალადობისა არის დაუშვებელი. დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ, მით უმეტეს, რომ მათი პოვნა პრობლემას არ წარმოადგენს. ეს იყო ის ხალხი, ვინც სპეციალურად ჩავიდა ადგილზე ხალხის საცემად და მათ ზუსტად იცოდნენ, ვინ და რომელ საათზე უნდა ეცემათ. ამიტომ ამ დანაშაულს სჭირდება გამოძიება და დასჯა“.

კორცხელის ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, ”საქართველოს პრეზიდენტი გმობს ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას და მოუწოდებს საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები“.

„რამდენიმე თვეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს. შესაბამისად, დროული და ეფექტური სამართლებრივი რეაგირება უმნიშვნელოვანესი ტესტია. გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ამ ტესტს სათანადოდ ჩააბარებენ“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ.

მაგალითად, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ იყვნენ ჩხუბის მონაწილე პირები შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ისე, რომ ისინი არავის დაუკავებია, არავის მათთვის პასუხი არ მოუთხოვია...
ეკა გიგაური

სამეგრელოში მომხდარ ამბავს შეფასებას აძლევენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.

”დაპირისპირებაში, დაახლოებით, რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიასაშუალების წარმომადგენლებს. მსგავსი ფაქტები უარყოფით ზეგავლენას ახდენს კონკურენტულ და თანასწორ საარჩევნო გარემოზე”, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

„მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაადგინონ ჩხუბში მონაწილე პირთა ვინაობა და დააყენონ კანონის შესაბამისად მათი პასუხისმგებლობა. ასევე ვფიქრობთ, რომ პოლიციის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი, საარჩევნო უბნებთან მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით. ადგილზე პოლიციის უმოქმედობა ან პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობა ართულებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, - წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, გამოძიებამ დაგროვილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს:

„მაგალითად, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ იყვნენ ჩხუბის მონაწილე პირები შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ისე, რომ ისინი არავის დაუკავებია, არავის მათთვის პასუხი არ მოუთხოვია“.

ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედება დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს ეწინააღმდეგება. საკრებულოს 22 მაისის შუალედურ არჩევნებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ გარდაბნის, გლდანის, ზუგდიდის, კასპის, ოზურგეთის, წყალტუბოსა და ხობის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 40-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა.

იან კელი
იან კელი

კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას შემაშფოთებლად მიიჩნევს საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელიც.

„ასეთი სახის ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ მოვლენებს ადგილი არა აქვს, განსაკუთრებით, არჩევნების წელს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

შემთხვევის ადგილზე სპორტსმენების მობილიზებასა და ჩხუბში მათ ჩართვასთან დაკავშირებით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ კორცხელში სპორტსმენები სპეციალურად არავის შეუკრებია და რომ მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო მიზანმიმართულად პროვოცირებული.

პროკურატურას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისაკენ მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რომ, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მასალების თანახმად, „აშკარად იკვეთება ისეთი ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; იარაღად გამოყენებულია ხელჯოხები/სხვა საგნები და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რაც ქმნის სს კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას“. სახალხო დამცველის განცხადებით, დაპირისპირების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც, რაც ცალკე დანაშაულს წარმოადგენს. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყოს დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ, ორგანიზებას უწევდნენ ან აქეზებდნენ ძალადობის ამ აქტს, სახალხო დამცველი კი, თავის მხრივ, თვალყურს მიადევნებს საქმის განვითარებას.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG