Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დააპატიმრეს


28 ივნისს სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. ამავე ბრალდებით დამნაშავედ არის ცნობილი შს სამინისტროს კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ლევან ქარდავა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი. საქმე უკავშირდება პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთა (მათ შორის – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა) ფარულ მოსმენას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ.

ვიდრე განაჩენი გამოცხადდებოდა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი უკვე თითქმის დარწმუნებით ამბობდა, რომ მას დააკავებდნენ. მიზეზად პოლიტიკური დაინტერესება დასახელდა:

„მათ თავიდანვე ჰქონდათ მიზნად დასახული, რომ ეს გადაწყვეტილება დამთავრებულიყო ისევე, როგორც ახლა დამთავრდება... ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება... დიდი ალბათობით, ეს იქნება საპატიმრო სასჯელი და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ დევნასთან, რომელიც ბოლო ოთხი წელია მიმდინარეობს ჩვენი გუნდის წევრების მიმართ“.

მართალია, სასამართლომ გაფლანგვასთან დაკავშირებული ბრალდება მოუხსნა, მაგრამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რაც გულისხმობს „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას“, რამაც „ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის 27 სექტემბერს შოთა ხიზანიშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრ ბესიკ სურმავაზე „განახორციელა უკანონო ზემოქმედება და დაიყოლია ის ვიდეოკამერის წინ ეთქვა მათ მიერ წინასწარ შედგენილი ტექსტი“, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბესიკ სურმავა ფარულად იწერდა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წევრების საუბრებს. „სინამდვილეში, ამგვარი ჩანაწერების მოპოვებას, ვასილ ლელუაშვილის მითითებით, არასანქცირებულად და ფარულად ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – აცხადებს მთავარი პროკურატურა.

შოთა ხიზანიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა 1 წლის და 6 თვის ვადით. ასეთივე იყო განაჩენი დანარჩენ ორ პირთან – ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილთან - მიმართებით, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადების თანახმად, ლელუაშვილი დამატებით ცნობილ იქნა დამნაშავედ „კომპიუტერული პროგრამის უნებართვოდ დამზადებაში (კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მიზნით) წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში, ჩვენ სწორედ ამაზე მივუთითებთ, რომ ქვეყანაში საჭიროა სისტემური ცვლილებები, რათა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევები და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს და, შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების შემდგომ გამოქვეყნებას, მათ შორის – პოლიტიკური შანტაჟის მიზნით...
ალეკო ცქიტიშვილი

შოთა ხიზანიშვილი, ათზე მეტ პირთან ერთად, პირველად დააკავეს 2012 წლის ნოემბერში, როცა ის დედაქალაქის მერის მოადგილე იყო, თუმცა 2013 წლის იანვარში 35 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდგაათავისუფლეს. მთელი ის პერიოდი და ახლაც ხელისუფლების ოპონენტები ამ საქმესთან მიმართებით პოლიტიკურ დევნაზე აკეთებენ აქცენტს. შერჩევით სამართალზე ლაპარაკობდა 28 ივნისს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილიც. ის მომხდარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს:

„საქმე მას შემდეგ დააჩქარეს, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და იმით, რომ ივანიშვილმა დაიჭირა ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, ახლა ეს იყო მისი პასუხი სტრასბურგის განაჩენზე. ცხადია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. ყველა სხვა ამ საქმიდან მშრალად გამოიყვანეს. ანალოგიური საქმე და უფრო მძიმე საქმე, რომელიც შეეხებოდაპირადი ინფორმაციის გავრცელებას, ეს იყო ხვედელიძის საქმე და ხვედელიძე ერთი წამიც არ მჯდარა ციხეში, ხოლო შოთა ხიზანიშვილი დაიჭირეს“.

შოთა უტიაშვილმა ახსენა შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელიც ასევე ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით იყო დადანაშაულებული, მაგრამ მართლმსაჯულება საბოლოოდ არასაპატიმრო (პირობითი) სასჯელით შემოიფარგლა. ზუსტი დეტალების არცოდნის გამო, ხვედელიძისა და ხიზანიშვილის საქმეების შედარებისგან თავი შეიკავა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც რადიო თავისუფლებამ 28 ივნისს მიმართა. თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა გვითხრა, მსგავს შეკითხვებსა და ეჭვებს წარმოშობს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია კომპლექსური მიდგომა ამ უმწვავეს პრობლემასთან მიმართებით:

„კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში, ჩვენ სწორედ ამაზე მივუთითებთ, რომ ქვეყანაში საჭიროა სისტემური ცვლილებები, რათა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევები და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს და, შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების შემდგომ გამოქვეყნებას, მათ შორის – პოლიტიკური შანტაჟის მიზნით. თუკი ეს სისტემური ცვლილებები არ განხორციელდება, რა თქმა უნდა, ცალკეული ნაბიჯები ვერ იქნება ეფექტიანი, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მუდმივად დაისმება შეკითხვები მოქმედებებთან დაკავშირებით“.

თანამოაზრეების მსგავსად, ალეკო ცქიტიშვილიც ძირეული რეფორმების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. მოთხოვნებს შორის რჩება, მაგალითად,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გაბერილი ფუნქციების ჩამორთმევა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG