Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანალიტიკური ცენტრი: ნატოს და რუსეთის სამხედრო წვრთნების ინტენსიფიკაცია ზრდის დაძაბულობას


რუსეთის სამხედროები "International Army Games – 2015"-ის დროს
რუსეთის სამხედროები "International Army Games – 2015"-ის დროს

ანალიტიკური ცენტრი გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთის და ნატოს მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნების მასშტაბის და რაოდენობის მატება ზრდის ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობას.

ლონდონში განთავსებული ევროპელ ლიდერთა ქსელის (ELN) დირექტორის, იან კერნსის, თანახმად, „ომის თამაშები აძლიერებს „უნდობლობის კლიმატს“, რომელიც რამდენიმე შემთხვევაში გამხდარა მთავარი ფაქტორი ნატოსა და რუსეთის სამხედროების საკმაოდ ახლო შეხების პროცესში“.

კერნსი თანაავტორია კვლევისა, რომელშიც დეტალურადაა შესწავლილი წელს რუსეთის და ნატოს მიერ ჩატარებული ორი სამხედრო წვრთნა. რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირება, უკრაინაში მოსკოვის ჩარევის გამო, გაღრმავებულია.

ავტორები გამოყოფენ ინდიკატორებს, რომ „რუსეთი ემზადება ნატოსთან კონფლიქტისთვის და ნატო ემზადება რუსეთთან შესაძლო კონფრონტაციისთვის“. წვრთნებმა შეიძლება „გაზარდოს არასტაბილურობა“ და გააღრმავოს „სახიფათო სამხედრო კავშირების“ საფრთხეო, ვკითხულობთ გამოკვლევაში.

რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნების მასშტაბი და ზომა მნიშვნელოვნად სცილდება ყველაფერს, რასაც ალიანსი აკეთებს, და ისინი აღრმავებენ რეგიონში დაძაბულობას...
კარმენ რომერო

გამოკვლევას გამოეხმაურა ნატო და გადაჭრით უარყო აზრი, რომ ალიანსის მიერ „რუსეთის მზარდი აგრესიის პასუხად“ ჩატარებული წვრთნები ევროპაში ომის საფრთხეს ზრდის.

„ნატოს სამხედრო წვრთნები არ ზრდის ევროპაში ომის ალბათობას, როგორც ამას ანგარიში აცხადებსო“, - თქვა ნატოს პრესმდივანმა კარმენ რომერომ 12 აგვისტოს.

მისი თქმით, წვრთნების მიზანი სწორედ საპირისპიროა - რომ ევროპაში გაძლიერდეს უსაფრთხოება და სტაბილურობა, რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე.

რუსეთსა და დასავლეთს შორის კავშირებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის ანექსირებამ 2014 წლის მარტში, ისევე როგორც, ნატოს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინელი სეპარატისტებისთვის აღმოჩენილმა ღია სამხედრო
დახმარებამ ომში, რომელსაც 6 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა აღმოსავლეთ უკრაინაში.

რუსეთის თაობაზე შეშფოთებამ ნატოს უბიძგა აღმოსავლეთ ევროპაში ექვსი სამეთაურო ცენტრის შექმნის დაგეგმვისკენ. ამასთან, ალიანსი ზრდის სწრაფი რეაგირების ძალებს და ქმნის 5 000 კაცისგან შემდგარ სპეციალურ დანაყოფს, რომლის ადგილზე განთავსება ორ დღეში იქნება შესაძლებელი, საჭიროების შემთხვევაში.

რუსეთმა თავისი სამხედრო მიზნების ხელახალი ფორმულირება მოახდინა, ტრანსატლანტიკური ალიანსის გათვალისწინებით. მოსკოვი ნატოს მის საზღვრებთან მიახლოებაში სდებს ბრალს.

გამოკვლევის თანახმად, ნატო წელს 270 წვრთნის ჩატარებას გეგმავს, რუსეთმა კი სხვადასხვა დონის 4,000 წვრთნის შესახებ გააკეთა განცხადება.

„რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნების მასშტაბი და ზომა მნიშვნელოვნად სცილდება ყველაფერს, რასაც ალიანსი აკეთებს, და ისინი აღრმავებენ რეგიონში დაძაბულობასო“, - აცხადებს ნატოს პრესმდივანი, კარმენ რომერო.

ორი ათწლეულია ვცდილობთ რუსეთთან თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას მივაღწიოთ, მაგრამ რუსეთმა საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალა, მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინაში და იმუქრება, რომ ატომურ რაკეტებს ალიანსის საზღვრებთან ახლოს განათავსებს...
კარმენ რომერო

რუსეთის მიერ დაგეგმილი წვრთნების რაოდენობრივ სიჭარბეზე მითითების გარდა, რომერომ აღნიშნა, რომ რუსეთმა ბოლო წვრთნებში ჩართო ბირთვული ძალებიც.

„ნატოს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია“, - აცხადებს ალიანსის პრესმდივანი. „ორი ათწლეულია ვცდილობთ რუსეთთან თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას მივაღწიოთ, მაგრამ რუსეთმა საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალა, მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინაში და იმუქრება, რომ ატომურ რაკეტებს ალიანსის საზღვრებთან ახლოს განათავსებს“, - ამბობს რომერო.

რუსეთის მიერ მარტში ჩატარებული წვრთნები, რომელიც ევროპის ლიდერთა ქსელმა შეისწავლა, მოიცავდა 80,000 სამხედროს, მაშინ როცა ივნისში ნატოს მიერ ჩატარებულ წვრთნაში 15,000 კაცი მონაწილეობდა ნატოს წევრი 19 ქვეყნიდან და სამი პარტნიორი სახელმწიფოდან.

ანგარიშის თანახმად, წვრთნებმა გამოაჩინა ის გარემოებები, რომლებსაც ორივე მხარე თავიანთ სისუსტედ აღიქვამს. ნატოსთვის ეს პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნებია, რუსეთისთვის კი შეშფოთების აღმძვრელი საკითხები უფრო მეტია და მოიცავს არქტიკას, ყირიმს და ნატოს წევრი ქვეყნების, ესტონეთის და ლატვიის, მოსაზღვრე არეალებს.

გამოკვლევაში გამოთქმულია რეკომენდაცია ნატომ და რუსეთმა გააუმჯობესონ კომუნიკაცია სამხედრო წვრთნების ჩატარების გეგმებთან დაკავშირებით, რათა შემცირდეს ინციდენტების საფრთხე. ცენტრი ასევე გამოდის რჩევით, წვრთნები მხოლოდ სასაზღვრო ზონებში ჩატარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG