Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სემინარები სკოლებში


სექტემბრის ბოლოს შიდა ქართლისა და კახეთის სკოლებში ევროკავშირის და მასთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ სემინარები გაიმართება. გორის და თელავის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ჯგუფმა მოამზადა პროექტი, სახელწოდებით „ახალგაზრდული პარტნიორობა-მომავლის პერსპექტივა“. პროექტი მიზნად ისახავს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ინფორმაციის დონის ამაღლებას ევროკავშირის შესახებ, ასევე მათთვის ასოცირების ხელშეკრულების გაცნობას. პროექტის ფარგლებში 2 რეგიონის 12 ქალაქის 59 სკოლაში ჩატარდება სემინარები, რომელთაც თელავისა და გორის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები გამართავენ. გორში პროექტის პრეზენტაციას სკოლების პედაგოგები და დირექტორებიც დაესწრნენ. ქალაქის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი გელა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ახლა, როცა გარკვეული ჯგუფები ევროკავშირის მხოლოდ ნეგატიური კუთხით წარმოჩენას ცდილობენ, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ახალგაზრდებამდე ინფორმაცია სწორად მივიდეს.

პროექტის დაწყებამდე დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულების გადამზადება მოხდა. ჯერ მათთვის ჩატარდა ტრენინგები და იქმნება სპეციალური პრეზენტაციები, რათა საჯარო სკოლებში ჩასატარებელი სემინარები მაქსიმალურად გასაგები იყოს. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელიც ტრენერების ჯგუფის ხელმძღვანელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ასეთი სახის სამოქალაქო შეხვედრები რეგიონებში აქტივისტებმა ჩაატარონ, რადგან არსებობს საფრთხე მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საზოგადოების ნაწილმა პროპაგანდად აღიქვას.

თელავის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი გიორგი კალმახელიძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენაზე დაწყებულ პროპაგანდას და იმ სტერეოტიპებს, რომლებსაც საზოგადოებაში მიზანმიმართულად ნერგავენ, სწორი და დაბალანსებული ინფორმაციით უნდა დაუპირისპირდნენ. ნიმდის წარმომადგენლები არ აპირებენ, რომ სემინარებზე მხოლოდ დადებით კონტექსტში ისაუბრონ. მათ იმ სირთულეებზე საუბარიც მოუწევთ, რაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე აღებულ ვალდებულებებს თან ახლავს.

გორის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენელი შოთა ჩილინდრიშვილი აცხადებს, რომ სკოლებში წარსადგენი პრეზენტაციები მაქსიმალურად გასაგებად იქნება შედგენილი, პრეზენტაციების შემდეგ კი უფროსკლასელებთან დისკუსიები გაიმართება.

პროექტის გუნდი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ საინფორმაციო ვებგვერდის შექმნას და რეგიონალურ ტელევიზიებში სპეციალური გადაცემების მომზადებასაც აპირებს.

XS
SM
MD
LG