Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოტლანდია დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფას ხისტი არჩევნებით ცდილობს


შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეები გლაზგოს ცენტრში, მრავალსართულიანი შენობების წინ, ორი მინიბუსით გადაადგილდებიან და კარდაკარ აგიტაციას ეწევიან. ასეთ პროექტში ჩართულ ათობით მოხალისეს შორის შეხვდებით როგორც გეოლოგს, ისე საჯარო მოხელეს და ასევე უელსელ წყვილსაც. რეფერენდუმის მომხრეთა აგიტჯგუფში შედის 67 წლის პენსიონერი, ყოფილი საჯარო მოხელე დევიდ ფოზერერი, რომელიც ხანდაზმულ მოქალაქეებს არწმუნებს, რომ დამოუკიდებელი შოტლანდია უფრო მეტს გააკეთებს მათი პენსიებისა და ჯანმრთელობის დაცვის დასაფინანსებლად.

პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან ერთად, სწორედ სოციალური კეთილდღეობაა რეფერენდუმის მომხრეთა ბანაკის მთავარი არგუმენტი. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ, დამოუკიდებლობის შემთხვევაში, შოტლანდია საკუთარი ნავთობით მიღებულ უდიდეს მოგებას საჯარო სექტორსა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემას მოახმარს, რასაც ბრიტანეთის ყველა ბოლო მთავრობამ ძირი გამოუთხარა:

„მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი ღარიბდებიან. სამარცხვინოა, რომ დღევანდელ დღეს და ამ საუკუნეში მშრომელთა კლასი შრომობს და ის იძულებულია წყალობასა და დახმარების სახით გაცემულ სურსათზე იყოს დამოკიდებული. ეს ძალიან სასაცილოა. ეს ყველაფერი მეორე მსოფლიო ომს მოგვაგონებს და ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩვენი ჩავარდნა მთავრობის ბრალია“, უთხრა რადიო თავისუფლებას 30 წლის მოხალისემ სტიუარტ ფორდაისმა.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა ლიდერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექს სალმონდია, რომელმაც დანიშნა რეფერენდუმი და მას შოტლანდიის „ისტორიის უნიკალური შესაძლებლობა“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიაში 1999 წელსაც ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობის გამო წარუმატებლად დასრულდა, თუმცა შოტლანდიამ რეფერენდუმით მოიპოვა პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო, რომელშიც ორი წლის შემდეგ, 2001 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უდიდესი უმრავლესობით შევიდა შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრე ნაციონალური პარტია. ამის შემდეგ შოტლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რეფერენდუმს გადაეწყვიტა შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის საკითხი.

თუმცა აქ აუცილებელია კიდევ ერთი რამ დაზუსტდეს. მაშინაც კი, თუ 18 სექტემბრის რეფერენდუმზე შოტლანდიის მომხრეები გაიმარჯვებენ და ქვეყანა პოლიტიკურად გამოეყოფა დიდ ბრიტანეთს, მისი მოქალაქეები შეინარჩუნებენ ბრიტანეთის ტახტის ერთგულებას, როგორც ეს კანადასა და ავსტრალიაშია, რომელთა სახელმწიფოს მეთაურად ბრიტანეთის დედოფალი ითვლება.

თუმცა, როგორც არსებული რეალობა ცხადყოფს, შოტლანდიაში ძალიან ძლიერია დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთა ბანაკი.

გარდა ბრიტანეთის მონარქისა, ამ ბანაკში შედიან ყოფილი თუ მოქმედი პრემიერ-მინისტრები, ჯონ მეიჯორი და დევიდ კამერონი, რომელმაც შოტლანდიელ ამომრჩევლებს მოუწოდა „არ გამოეყონ ოჯახს“. დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლეს ასევე დიდი ბანკებისა და კომპანიების ხელმძღვანელებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობა ძალიან ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს, რასაც უბრალო მოქალაქეებიც იზიარებენ.

„მიმაჩნია, რომ ნაციონალიზმი ძალიან სახიფათო იდეაა. ხალხი უბრალოდ ერთობა და არა მგონია, რომ ამ იდეას ჰქონდეს საღი აზრი და გამაერთიანებელი ძალა. კავშირი შოტლანდიისათვის საკმაოდ კარგად მუშაობდა“, ამბობს 68 წლის აბერდინელი მარიან სტიუარტი.

ბოლო გამოკითხვებით, ორი ბანაკის მომხრეებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა. საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ბოლო გამოკვლევა ცხადყოფს, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა და 52 %-ს აღწევს. YouGov-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკვლევის თანახმად, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა 48%-ს შეადგენს. გამოკვლევაში არ შესულან რესპონდენტები, რომლებმაც არ იციან, თუ ვის მისცემენ ხმას 18 სექტემბერს დანიშნულ რეფერენდუმზე.

დაბოლოს, თუ 18 სექტემბრის რეფერენდუმში შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეები გაიმარჯვებენ, ქვეყანა მხოლოდ 2016 წლის 24 მარტს მოიპოვებს დამოუკიდებლობას, რადგან ლონდონთან მოლაპარაკებებს 24 თვე დასჭირდება. და თუ რეფერენდუმზე გამოტანილ შეკითხვაზე უმრავლესობა „არას“ იტყვის, მაშინ შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე პარტიები - კონსერვატორები, ლეიბორისტები და ლიბერალ-დემოკრატები - პირობას დებენ, რომ შოტლანდია მიიღებს უფრო მეტ ავტონომიურ უფლებამოსილებას გადასახადების, ხარჯებისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG