Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 400 ათასი ადამიანი ჩაერთვება


კერძო კლინიკა ზესტაფონში
კერძო კლინიკა ზესტაფონში

1 სექტემბრიდან დაახლოებით 400 ათასი ადამიანი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვება. საუბარია 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე, სტუდენტებზე, შშმ პირებსა და პენსიონერებზე. ეს მოქალაქეები აქამდე კერძო სადაზღვევო კომპანიების კლიენტები იყვნენ, დაზღვევის საფასურს კი სახელმწიფო უხდიდა. 1 სექტემრიდან სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების ერთიანი გადამხდელი ხდება, პაციენტებს კი სამედიცინო დაწესებულებების თავისუფალი არჩევანის უფლება ექნებათ. რა ბედი ელით სადაზღვევო კომპანიებს და რა იცვლება მოქალაქეებისთვის?

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განმარტებით, 1 სექტემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პირებს საშუალება ექნებათ, ექიმის რჩევით ან სერვისცენტრში ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის შემხვევაში, თავად აირჩიონ კლინიკა, სადაც გეგმური ან გადაუდებელი სამედიცინო სერვისის მიღებას ისურვებენ. საუბარია დაახლოებით 400 ათას ადამიანზე, რომელიც აქამდე სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით სარგებლობდა:

„1 სექტემბრიდან ყველა მოქალაქე, რომელიც სარგებლობდა კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით, ისარგებლებს უკვე სახელმწიფო მომსახურებით და ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მაგრამ ეს ჩართვა მოხდება იმ მენიუთი, იმ პაკეტით, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ მანამდე, ამ მხრივ მათ არანაირი ცვლილება არ ემუქრებათ. არის სასიამოვნო სიახლეც: ისინი ისარგებლებენ ორი შეღავათით. პირველი გახლავთ ის, რომ თუ აქამდე კერძო სადაზღვევო კომპანებს გეგმური ოპერაციების დროს მოქალაქეები შეიძლება ჩაეყენებინათ მოცდის რეჟიმში, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ხშირად 4-6 თვემდე, 1 სექტემბრიდან მოცდის რეჟიმი იქნება მაქსიმუმ ორი თვე“.

განვმარტოთ, რომ აქამდე ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური წვდომა მოსახლეობისთვის სამი ინსტრუმენტით იყო შესაძლებელი - ეს იყო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები და, ჯამში, ამ პროგრამით დაზღვეული იყო 1 მლნ 600 ათასი ადამიანი, და 500 ათასი მოქალაქე იყო დაზღვეული არა სახელმწიფო, არამედ კერძო სადაზღვევო პროგრამებით და დანარჩენს მთავრობა ემსახურებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ზაზა სოფრომაძის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის შემდეგ ამ მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ ის სადაზღვევო პაკეტი, რომლითაც სარგებლობდნენ, თუმცა მათ შეუძლიათ დამატებით მომსახურებისთვის ისევ კერძო სადაზღვევო კომპანიებს მიმართონ,

აი, მანდ უკვე შეიძლება სხვანაირი მოტივაციები გაუჩნდეთ სადაზღვევო კომპანიებს - მათ, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების მფლობელები არიან, შეიძლება მომსახურების ხარისხი გააუარესონ ან მომსახურების ღირებულებას მოუმატონ...
კაკი ზოიძე

რისი ნაკლები იმედი და მოლოდინი აქვს სპეცილისტს ჯანდაცვის საკითხებში კაკი ზოიძეს. მისი თქმით, ნაკლებ სავარაუდოა პენსიონერებმა, სოციალურად დაუცველებმა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულზე მეტი მომსახურების პაკეტი შეიძინონ, მით უფრო, თუ მათ კერძო კომპანიებთან საქმე საერთოდ აღარ ექნებათ. თუმცა, კაკი ზოიძის თქმით ასევე შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებისთვის პრინციპულად არაფერი იცვლება მომსახურების თვალსაზრისით. მათ სამედიცინო მომსახურებაზე ახლა კერძო კომპანიის ნაცვლად სახელმწიფო იზრუნებს, ანუ იცვლება ოპერატორი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საავადმყოფოების უმეტესობა სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაშია, კაკი ზოიძე თეორიულად მომსახურების ფასის ზრდას არ გამორიცხავს:

„აი, მანდ უკვე შეიძლება სხვანაირი მოტივაციები გაუჩნდეთ სადაზღვევო კომპანიებს - მათ, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების მფლობელები არიან, შეიძლება მომსახურების ხარისხი გააუარესონ ან მომსახურების ღირებულებას მოუმატონ, ანუ თეორიულად შეიძლება ეს პრობლემა იყოს“.

ჩვენ ვიქნებით მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც იქნება თითქმის ექსკლუზიური ერთიანი გადამხდელი სახელმწიფო დაფინანსებაში და თითქმის მთლიანად კერძო ამბულატორიული და ჰოსპიტალური სექტორი და ეს ძალინ საშიში მდგომარეობაა თავისთავად...
დევი ხეჩინაშვილი

კაკი ზოიძის თქით, იდეალური იქნებოდა პაკეტის გაფართოება და წამლების დამატება - განსაკუთრებით, ქრონიკული ავადმყოფებისთვის.

„სადაზღვევო კომპანიებსა და მთავრობას შორის გაყრას“ უწოდებს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციების თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი იმ პროცესს, რომელიც 1 სექტემრიდან დაიწყება, და ეს იქნება ძალზედ მტკივნეული პროცესი სადაზღვევო კომპანიებისთვის. დევი ხეჩინაშვილი ანაზღაურებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და საავადმყოფოებს შორის თანამშრომლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ შესაძლოა გარკვეული ფინანსური შეფერხებები დადგეს დღის წესრიგში, რაც აქამდე სრულად იყო აღმოფხვრილი.

„არის რეალური პრობლემები ამ განქორწინების პროცესში და არის ის, თუ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი კერძო ბაზრის განვითარებაზე. ჩვენ ვიქნებით მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც იქნება თითქმის ექსკლუზიური ერთიანი გადამხდელი სახელმწიფო დაფინანსებაში და თითქმის მთლიანად კერძო ამბულატორიული და ჰოსპიტალური სექტორი და ეს ძალინ საშიში მდგომარეობაა თავისთავად, იმიტომ რომ, როგორც ყველგან მსოფლიოში, სახელმწიფო „ერთიან გადამხდელს“ ყოველთვის აქვს დეფიციტი და, ბუნებრივია, რომ ეცდება დეფიციტის გადატანას თავის ჰოსპიტალურ პარტნიორებზე. უბრალოდ, იქ - მაგალითად, პოლონეთში, ჩეხეთში და ა.შ. - ჰოსპიტალიც სახელმწიფოა და გადამხდელიც სახელმწიფოა“.

„ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, სახელმწიფო იმგვარ ვალდებულებებს იღებს თავის თავზე, რომლის ფინანსური რესურსიც არ გააჩნია:

„არ აქვს ბიუჯეტს ამის თანხები. დღეს ბიუჯეტს შემოსავლების 18% აქვს აღებული ვალებით. აქედან დაახლოებით 800 მილიონი ქართული კომერციული ბანკებიდან ე.წ სახაზინო ვალდებულებების განთავსებით და თითქმის 1 მილიარდი უცხოური საგარეო ვალით“.

სპეციალისტთა აზრით, კიდევ ერთი საკითხია მომსახურების ხარისხი, თუმცა ამაზე საუბარს პროცესის დაძვრის შემდეგ ამჯობინებენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG