Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსი და მორალი ბელადებისგან


იმ ვიდეოებზე აღარაფერს დავწერ. არც მე მაინტერესებს და, მგონი, უკვე აღარც მომავალში დააინტერესებს ვინმეს.

არ დააინტერესებს იმიტომ, რომ ეს ბომბი (თუკი ვინმე ამას ბომბადთვლის), სინამდვილეში, საპნის ბუშტია.

ამიტომ ძალიან მომეწონა გიორგი მარგველაშვილის ნათქვამი და, რაც მთავარია, ინტონაცია. მან იმათ დასცინა, ვინც სექსს, კლასიკური საბჭოური მენტალური სქემის მიხედვით, ჯერაც სამარცხვინო და მისაჩქმალ დანაშაულად მიიჩნევს.

ამ დროს, ზოგიერთებმა, საკვირველია, მაგრამ რაღაცნაირი მაჩოიზმის გამოვლინებად მიიჩნიეს ფრაზა, სადაც საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილება ახსენა.

ჰოდა, რა არის აქ გასაკვირი ან, უკაცრავად და, მაჩოისტური?

რა, განა არ ვიცით, რომ საქართველოში, სადაც მრავალთა მენტალიტეტში კვლავაც ცოცხლობს სტალინური ფსევდომორალიზმი და სწორედაც ქართულ-საბჭოური მაჩოიზმი, სწორედ სექსი, დიახ, სექსი ითვლება დასაძრახ მოვლენად?!

“სექსი სიბინძურეა!” - მოგვძახის მჭლე სტალინიზმი...

რა, დაგავიწყათ არცთუ დიდი ხნის წინ თქმული ისტორიულად ქცეული სიტყვები: “В СССР СЕКСА НЕТ !” გგონიათ, დღეს გამქრალია ეს აზროვნება? გგონიათ, კომპრომატად არ ითვლება ზოგადად სექსუალური ცხოვრება დაბნეულ-დაბეჩავებული ხალხისთვის და ვითომ რელიგიური ვნებებით აღტკინებულ მანიპულატურ ფარისევლებში? გგონიათ, კონკრეტული თუ კოლექტიური ჯაჭვლიანი მარტო ღალატს მიიჩნევს ვინმეს «უწესო» ცხოვრებად?

ცხადია, ვიდეოს ჩამწერ-გამავრცელებელ-დამდები ნაძირლებისთვის პოლიგამიურობა (გნებავთ, ადიულტერი) შანტაჟის დამატებითი იარაღია, მაგრამ იმ დეგრადირებული კულტურისთვის, სადაც ჯერაც აქტუალურია სტალინური მკვდარი მორალიზმი, სიბინძურე თავად სექსით დაკავებულობაა…

უფრო კი ქალისთვის არის სიბინძურე, რადგან კაცს ეკუთვნის კიდეც, რაკი სექსუალური ცხოვრება, ტრადიციულად, მის სფეროდ ითვლება…

ფსევდომორალისტური სტალინიზი, უპირველეს ყოვლისა, ქალებზე ნადირობს.

სტალინმა ქალიშვილი სვეტლანა გააგდო სახლიდან, როცა იმან ოდნავ მოკლე კაბის ჩაცმა გაბედა, ხოლო როცა ვიღაც შეუყვარდა, წლობით დაებოღმა.

როცა გაიგო, რომ უკვე ასაკოვან პოეტ ანა ახმატოვას ბრიტანეთის მოქალაქე ისაია ბერლინი ესტუმრა ღამით, გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა: «Блядь».

რადგან სტალინი მორალისტი იყო, არ მოსწონდა თავისი მინისტრის, მოლოტოვის ცოლი, პოლინა ჟემჩუჟინა, და ბევრი არც უფიქრია, ისე ჩაუსვა ციხეში, მაგრამ ამის მაგივრად სხვა, წესიერი ცოლი შეურჩია (თუ მიუჩინა) მოლოტოვს - ისეთი, როგორი ცოლიც, სტალინის აზრით, მინისტრს უნდა ჰყოლოდა. მართალია, მოლოტოვს თავისი პოლინა უნდოდა, რომელიც მერე ხრუშჩოვმა გამოუხსნა ტყვეობიდან, მაგრამ სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ცხადია, მანამდე კრინტს ვერ დაძრავდა ამის შესახებ. “შეეჩვევი ახალ ცოლს”, - ამშვიდებდა ბელადი ხუმრობით...

წესიერი ცოლი ხომ იმისთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც ამაყად და ოდნავ კეკლუცად იცავს ოჯახის სიწმინდეს. ასეთი პატარა სტალინუკები ხომ ჩვენც გვყავს დღევანდელ საქართველოში - ისეთი პატარა სტალინები, რომლებიც ღიად ჭორაობენ თავიანთი მინისტრების მოღალატეობრივ ბუნებაზე, მინისტრებზე, რომლებიც შემჩნეულები ყოფილან ცუდ ყოფაქცევაში...

ეს პატარა სტალინუკები არ იყვნენ, “პირველი ლედის” დანიშვნა რომ უნდოდათ ოდესღაც? ისეთი “პირველი ლედის”, ვინც მათი პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური გემოვნების შესაბამისი იქნებოდა? როგორც სტალინმა დაუნიშნა ცოლი მოლოტოვს (და, კიდევ, კალინინს, სხვათა შორის), ასევე უნდოდათ “პირველი ცოლების” დანიშვნა ახლო წარსულში ჩვენს ფორმალურ თუ არაფორმალურ ბელადებს.

ამიტომ მარგველაშვილმა თავისი გამოსვლით ასეთ ფსევდომორალისტ ბელადებსაც უპასუხა, ოჯახური სიწმინდის დამცავ მდიდრებს, რომელთაც თავად არა აქვთ მდიდარი და მრავალფეროვანი ცხოვრება და სხვებზე ჭორაობით, სხვებზე მორალისტობით, სხვების მიყურადებით არიან დაკავებული.

ინგა გრიგოლიას და სხვების მხნეობა კი, თავის მხრივ, ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო დაცულს გახდის და კიდევ ერთი ახლებური სტრესიდან გამოიყვანს.

ხოლო ნამდვილ სტრესში, ალბათ, სწორედ ისაა, ვინც უკვე მრავალი წელია გაუთავებლად იწერს და უყურებს სხვების სექსს, მაგრამ მაინც ვერა და ვერ იღებს ჯეროვან ფსიქოპოლიტიკურ სიამოვნებას.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG