Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო კანონმდებლობაში


ავტორი: ირინა გურული

საქართველოს კანონში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ და „გრანტის შესახებ“ გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები და განხილვები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით.

მოგეხსენებათ, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონი შედარებით ახალია - პარლამენტმა ის 2013 წლის ივლისში მიიღო. წელიწად-ნახევრის განმავლობაში დარეგისტრირდა ასობით კოოპერატივი,პრაქტიკაში გარკვეული მიმართულებები გამოვლინდა, რომლებიც დახვეწას საჭიროებს. კერძოდ, კანონპროექტით შემოდის ახალი ცნებები, რომელთა თანახმადაც კოოპერატივის შემადგენლობაში ახალი ასოცირებული წევრის არსებობა, ასევე დამატებითი საპაიო შენატანის შესაძლებლობა გაჩნდება: კოოპერატივის უკვე არსებულ წევრს ექნება შესაძლებლობა, რომ, გარდა სავალდებულო საპაიო შენატანისა, დამატებითი საპაიო შენატანი განახორციელოს. ასოცირებული წევრი კოოპერატივის სრულუფლებიანი წევრი არ არის, ის სარგებლობს მხოლოდ ნომინალური უფლებამოსილებით, მაგრამ აქვს უპირატესი მოგების უფლება კოოპერატივიდან. ასოცირებული წევრობის უფლება ექნება ნებისმიერ პირს, იურიდიულსაც და ფიზიკურსაც, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რაც ასევე სიახლეა: არსებული კანონმდებლობის თანახმად, მეპაიე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ ასოცირებულ წევრს უფლება აქვს მიიღოს საერთო მოგებიდან არაუმეტეს 30 პროცენტისა, დივიდენდის სახით. მეპაიეს, რომელმაც თავისი ვალდებულება ძირითადი პაის შეტანისა უკვე შეასრულა და აქვს შესაძლებლობა, ჩადოსინვესტიცია თავისსავე კოოპერატივში, ამის საშუალება ეძლევა დამატებითი საპაიო შენატანის სახით. ასევე ისიც უფლებამოსილია, რომ 30 პროცენტის ფარგლებში დამატებითი შემოსავალი მიიღოს.

ცვლილებების პაკეტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში წარედგინება. კანონში სხვა ცვლილებებიც არის მოსალოდნელი, ევროპულ კანონმდებლობასა და ევროპული კოოპერატივების პრინციპებთან მის დასაახლოებლად.

კოოპერატივის შესახებ კანონმდებლობის გარდა, იგეგმება სურსათის უვნებლობის მიმართულებით საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებაც.
2015 წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე განხორციელდა 971 ინსპექტირება. აქედან საწარმოო პროცესი შეუჩერდა 12 ბიზნესოპერატორს, ხოლო დაჯარიმდა 63 ოპერატორი.
არაერთ შემთხვევაში გამოვლენილი კრიტიკულად შეუსაბამო დარღვევები საფრთხეს უქმნიდა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული სურსათი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია, იგი ვალდებულია აღკვეთოს სურსათის სარეალიზაციო ქსელში მოხვედრა ან უზრუნველყოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი პირველ ჯერზე 1000 ლარით ჯარიმდება, ანალოგიური ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა კვლავ 1000 ლარია.

სამინისტროს მიაჩნია, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისათვის საჯარიმო სანქცია სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას და ამ საკითხზე გამოხატავს მზადყოფნას დაინტერესებულ მხარეებთან ითანამშრომლოს.

XS
SM
MD
LG