Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების მიღწევები და გამოწვევები


ევროსაბჭომ თავისი წევრი ქვეყნების სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლევა ჩაატარა. კვლევა, რომელშიც საქართველოც მოხვდა, ასახავს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მდგომარეობას 2013 წლისათვის. სტატისტიკის მიხედვით, გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობით საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის პირველია. საქართველო ასევე ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთ პატიმარზე ყოველდღიურად ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავენ.

ევროსაბჭოს კვლევის მიხედვით, საქართველოს ციხეებში, პატარა სახელმწიფოების ანდორის, მონაკოსა და სან მარინოს შემდეგ, ყველაზე ცოტა ადამიანია. სტატისტიკურად, საპატიმროებში 100-დან 40 ადგილია დაკავებული. კვლევაში საუბარია იმაზე, რომ ეს ცვლილება 2012 წლიდან დაწყებულმა ამნისტიამ გამოიწვია, რომლის შემდეგაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ცხრა ათასამდე პატიმარი გათავისუფლდა. ეს რიცხვი ევროსაბჭოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მეტია.

ცირა ჭანტურია, რომელიც ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონალური დირექტორია, ამბობს, რომ 2012 წლამდე ციხეები ძალიან გადატვირთული იყო და პატიმრების საერთო რაოდენობა 24 ათასს აჭარბებდა, 2012 წლის შემდეგ კი შესაძლებელი გახდა სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებების დახურვა, რომლებიც განსაკუთრებით ცუდი პირობებით გამოირჩეოდა:

„დაიხურა თბილისის ნომერი პირველი დაწესებულება, ე.წ. „კრიტი“, ასევე ზუგდიდის ნომერი მეოთხე დაწესებულება, რომლის მოძველებული ინფრასტრუქტურაც საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ამასთან, გარემონტდა მთელი რიგი დაწესებულებები, მათ შორის, ბათუმის ნომერი მესამე დაწესებულება. ასე რომ, მთავარ პრობლემურ საკითხებს ყურადღება მიექცა, რადგან სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხებად იქცა“.

როგორც ცირა ჭანტურია ამბობს, პატიმრების რაოდენობის შემცირებასთან ერთად შეიცვალა ციხეებში მსჯავრდებულთა მიმართ დამოკიდებულებაც. მისივე თქმით, პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ადრე სისტემური პრობლემა იყო, დღეს აღარ არსებობს.

ციხეში მდგომარეობის გამოსწორებაზეა საუბარი სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშშიც, თუმცა ომბუდსმენის აპარატი მიუთითებს ასევე იმაზეც, რომ სახელმწიფო რიგ შემთხვევებში მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. სახალხო დამცველის ვებგვერდზე 10 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილთან ომბუდსმენი ზოგიერთ საკითხზე ვერ შეთანხმდა:

„შეხვედრაზე ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება წარმოიშვა. კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე ვერ წარმოადგინა დროში გაწერილი გეგმა სასჯელაღსრულების № 7 დაწესებულების პატიმრებისთვის ღირსეული და ჯანმრთელობისთვის უვნებელი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან დაკავშირებით.

ასევე, ჯერჯერობით არ არის უზრუნველყოფილი არასრულწლოვანი პატიმრების სრული იზოლაცია სრულწლოვანი პატიმრებისაგან თბილისის # 8 დაწესებულებაში, თუმცა სხვა დაწესებულებებში სახალხო დამცველის მოთხოვნა სრულად არის გათვალისწინებული“.

პატიმრების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, საქართველო რჩება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე ნაკლებ დღიურ თანხას ხარჯავენ პატიმრებზე. ევროსაბჭოს კვლევის მიხედვით, სახელმწიფო თითო პატიმარზე დღეში ექვს-ნახევარ ევროს ხარჯავს. ეს დაახლოებით 15-ჯერ ნაკლებია, ევროსაბჭოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე, თუმცა მეტია, ვიდრე რუსეთსა და საბერძნეთში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ სამინისტრო შეეცადა ყველა შენიშვნა გაეთვალისწინებინა და საპატიმროებში პირობები გაეუმჯობესებინა, მაგრამ, მისი თქმით, ამავე დროს, არის ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია:

„ერთი ის, რომ მოხდება მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია. დღეს არსებული დახურული და ნახევრად ღია დაწესებულებების ნაცვლად იქნება მაღალი და დაბალი რისკის დაწესებულებები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებები გაძლიერდეს“.

პარალელურად კი, როგორც შალვა ხუციშვილი ამბობს, იწყება მთელი სისტემისა და სამინისტროს რეფორმა:

„რაც უზრუნველყოფს მენეჯმენტისა და მსჯავრდებულთათვის წარმოების პროცესის გაუმჯობესებას, ბიუროკრატიის მინიმუმამდე დაყვანას და თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვას“.

ევროსაბჭოს კვლევის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი პირველია ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებული ადამიანების რაოდენობითაც. მსჯავრდებულთა 21% სასჯელს სწორედ ნარკოდანაშაულისთვის იხდის. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, რომ ამის მიზეზი საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა. ის ლაპარაკობს სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა უზენაესი სასამართლოსგან გამოითხოვა:

„2012 წელს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების რაოდენობა ბევრი ფაქტორის, მათ შორის, სავარაუდოდ, არჩევნების გამო, საკმაოდ დავარდა. დაახლოებით 2 080 ადამიანი იყო ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული. 2013 წელს ეს რიცხვი 6 360-მდე გაიზარდა, ხოლო 2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ 5 400-ს გადააჭარბა“.

სოფო ვერძეული ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებულებს სხვადასხვა უფლება ჩამოერთმევათ, მაგალითად, მანქანის მართვისა ან პედაგოგად მუშაობის უფლება, რაც, მისი თქმით, აუცილებლად გამოსასწორებელია.

XS
SM
MD
LG