Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილი და საქართველოს გამოწვევები


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9 აპრილის მემორიალან
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9 აპრილის მემორიალან

საქართველოში უკვე 27-ედ აღნიშნეს 9 აპრილი და პატივი მიაგეს დაღუპულებს, რომლებიც საბჭოთა იმპერიის სისასტიკეს შეეწირნენ. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის შენაერთებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის, 17 ქალი. დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა ასეულობით ადამიანი. ეს თარიღი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა და ამიტომაც გამოაცხადა 1991 წელს საქართველომ სწორედ 9 აპრილს ნანატრი დამოუკიდებლობა. როგორ იხსენებენ საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს?

ტკივილი, სევდა, უსამართლობის განცდა, ერთსულოვნების სიძლიერე თუ სიამაყე – 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში სხვადასხვაგვარი ემოციით იხსენებენ. რუსთაველის გამზირზე, „9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალთან“, ყვავილებითა და სანთლებით მოსული ადამიანები რადიო თავისუფლებასთან დამოუკიდებლობის სულისკვეთებაზე ლაპარაკობენ:

„კაცი: ეს არის დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი საფეხური. დღეს აქ მოვედი, რომ გავიხსენო და პატივი მივაგო იმ დაღუპულებს, რა... / ქალი: ეს ეროვნული დღესასწაული არის, შერიგების დღეც არის... ნეტა იმ დროს, როცა ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარულით ვიყავით, სულ სხვანაირი გრძნობა იყო... ისე ერთიანები დღეს არ ვართ... და ვისურვებდი, რომ გამთლიანდეს საქართველო.../ კაცი: საქართველოს დამოუკიდებლობას აღარაფერი არ ემუქრება, ისეთი საფუძველი აქვს ჩაყრილი... / კაცი: გამორიცხულია, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას ვინმე ან რამე დაემუქროს – ის კი არადა, ამხელა რუსეთია – ვეშაპი – არც მაგისი გვეშინია, რა, ეს იცოდეს ყველამ, რა...“

რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა მემორიალისკენ ხალხის ნაკადი 9 აპრილს გამთენიისას დაიძრა – დაახლოებით იმ დროისთვის, როდესაც 27 წლის წინათ საბჭოთა არმია უმოწყალოდ გაუსწორდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილით ანთებულ მშვიდობიან მომიტინგეებს. არის მოსაზრება, რომ საქართველოს ამ გზის გავლისას სისხლისღვრის თავიდან აშორებაც შეეძლო, მაგრამ არავინ დავობს, რომ რუსთაველის გამზირზე დაღვრილმა სისხლმა სრულიად ახალი მუხტი შესძინა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. არქივი ინახავს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, გამოსვლას, როდესაც მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით:

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

დამოუკიდებლობის გამოცხადებით დაგვირგვინებულ საქმეში ზვიად გამსახურდიას საგანგებო დამსახურებაზე ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ილაპარაკა 31 მარტს, როცა საქართველოში რეფერენდუმის 25-ე წლისთავი აღინიშნებოდა. 9 აპრილს კი, გამთენიისას, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ყვავილებით შეამკო 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი და ამ დღის მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

„ეს იყო თავგანწირვის მაგალითი და ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება და განმტკიცდა რწმენა იმისა, რომ შესაძლებელია თუნდაც შენზე ბევრად აღმატებულ ძალას აღუდგე სიმტკიცით და ვაჟკაცობით“.

9 აპრილს დაღუპულები დიდი პატივისცემით გაიხსენეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიასთვის, რომელიც გამთენიისას თანაგუნდელებთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილი საგანგებო თარიღია:

„მაგალითი, რომელიც ამ ადამიანებმა მოგვცეს, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის, გვავალდებულებს ჩვენ, ყველა მოქალაქეს, რომ ის დამოუკიდებლობა, რომელიც მოვიპოვეთ, დავიცვათ და დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით, პირველ რიგში, ადამიანებს ბევრად მეტი კაცთმოყვარეობა მოგვეთხოვება, პოლიტიკაშიც ბევრად უფრო სულგრძელები უნდა ვიყოთ“.

25 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:00:47 0:00

ბევრს წარმოედგინა, რომ მტკივნეული პროცესებისა და დიდი სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს საქართველო უფრო განვითარებული და წინწასული შეხვდებოდა. ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სარბიელზე დაშვებული უხეში შეცდომების გარდა, საქართველოს პროგრესის შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთის ინტერესებს ასახელებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომლისთვისაც ნათელია რუსეთის უცვლელი მიზანი, მაქსიმალურად დაიმორჩილოს ყოფილი საბჭოთა ქვეყნები და, მათ შორის, საქართველოც სამხრეთ კავკასიაში:

„(საქართველოს) ყველაზე მტკივნეული დარტყმა მიაყენა სამოქალაქო ომის პერიოდმა, რომლის შემდეგაც ფაქტიურად ჩამოიშალა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და ქვეყანა, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში იყო არშემდგარი სახელმწიფო (ვიდრე შემდეგ, თანდათან დაიწყებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა)... რუსეთი ხელს უწყობდა ამ პროცესს, რადგანაც მას არ უნდოდა დაეკარგა ზეგავლენა კავკასიაზე და კონკრეტულად საქართველოზე და ის სეპარატიზმის წაქეზებით ასუსტებდა ისედაც მყიფე მდგომარეობაში მყოფ ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და თვითონ ქართულ სახელმწიფოს“.

თუმცა, კორნელი კაკაჩიას აზრით, უფრო გააზრებული და წინდახედული პოლიტიკის შემთხვევაში, საქართველო შეძლებდა უკეთესად გამოეყენებინა რუსეთის სახელმწიფოს სისუსტე 90–იან წლებში, რითიც შესანიშნავად ისარგებლეს ბალტიისპირა ქვეყნებმა.

პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ წრეებში უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დღემდე საკმაოდ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და რომ ამ გამოწვევების უკან ისევ და ისევ რუსეთი ჩანს. შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თანმიმდევრული დემოკრატიული განვითარების ერთადერთ გარანტად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიიჩნევა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG