Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო გაბილაია - კინოპროდიუსერი


17 აგვისტო, კვირა
ცხოვრების შვიდი დღე. კი ბატონო, რატომაც არა? ზოგი მთელი ცხოვრება აწარმოებს დღიურს, მე შვიდი დღე რატომ ვერ უნდა აღვწერო? მზად ვარ. აი, თითქმის დავიწყე. მაგრამ... როგორ უნდა მოყვე შენი ცხოვრების ერთი კვირა? მეშვიდე დღეს? ყოველი დღის საღამოს გააკეთო ჩანაწერი და მერე საინტერესოდ შეკრა? არ გამოვა. ამ შემთხვევაში გუშინწინ უნდა დამეწყო. ისე ჩემს სამსახურში სიტყვა „გუშინწინ“ ძალიან ხშირად ისმის. ძირითად პასუხად ვიღებ ხოლმე. მაგალითად:

– გასაგებია. ე.ი. სვანეთი აუცილებლად უნდა გადავიღოთ, თუშეთიც, კახეთიც, დაახლოებით ექვსი გადაღებადღე. მერე პოსტპროდაკშენი, გრაფიკა... ნუ, ხო გესმით? დაა როდისთვის უნდა იყოს მზად?

– გუშინწინ!!!

ასე რომ, ამ დავალებას არ შევუშინდეთ და დავიწყოთ.

პროფესიით თეატრის რეჟისორი ვარ. სამწუხაროდ, ჩემი სპეციალობით უკვე შვიდი წელია, აღარ ვმუშაობ. ვარ საერთაშორისო სარეკლამო კომპანია JWT Metro-ს აღმასრულებელი პროდიუსერი. ორწლიანი სამსახიობო განათლებაც მაქვს, რასაც პერიოდულად ვამართლებ ხოლმე და შიგადაშიგ ფილმებშიც ვმონაწილეობ. ეს თემა შემთხვევით არ წამომიჭრია, რადგან ჩემი თხრობის კვირის პირველი დღე სწორედ ამ საქმიანობამ შთანთქა. ვანო ბურდულის სრულმეტრაჟიან ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ.

პირველი დღე გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ყოველთვის საინტერესოა, შენს ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას გვერდიდან შეხედო. უცნაური შეგრძნებაა, თვალყური ადევნო სხვა ადამიანებს, რომლებიც შენს პოზიციაზე მუშაობენ, დააკვირდე სხვა ადამიანების ქცევას, დაინახო შენი თავი გვერდიდან, შეაფასო შენი ქმედებები, რომლებსაც გაუცნობიერებლად უკვე წლებია, აკეთებ. ისინი დარბიან, ტელეფონს ხელიდან არ უშვებენ, ნერვიულობენ, ჩხუბობენ... ღმერთო ჩემო, რამდენ ცუდ სიტყვას ამბობენ! ნუთუ შენც ასე იქცევი?! ნუთუ შენც ასე ლაპარაკობ?!..

გადაღების პროცესი ნამდვილი ჯადოქრობაა. აბსოლუტურად მოგონილ მოცემულობას უამრავი ადამიანი იუველირის სიზუსტით და სიბეჯითით ასრულებს. ამ შემთხვევაში გადასაღებ მოედანზე ყოფნა ერთიორად უფრო სასიამოვნო იყო, რადგან იქ პროდიუსერის კი არა, მსახიობის სტატუსით ვიყავი. არ მიწევდა იმაზე ფიქრი, ჩავეტეოდი თუ არა დღის გეგმაში, ჩაგვასწრებდა თუ არა მზე სცენის გადაღების ბოლომდე, დაიგვიანებდა თუ არა მსახიობი, ლანჩის დროს გვექნებოდა თუ არა ერთი საათი შესვენება, თუ ყველას დაგვიანებით, უჟმური სახით უნდა ეჭამა ცივი კოტლეტი და გრეჩიხა. ეს ფიქრები წამიერად ავისხლიტე და გრიმიორების და კოსტიუმერების გარემოცვაში, ფინჯანი ყავით ხელში, ანეკდოტების და, იმედი მაქვს, სასაცილო ამბების მოყოლას შევუდექი. პერიოდულად ტექსტს ვიმეორებდი.

თავისუფლების დღიურები - სანდრო გაბილაია
please wait

No media source currently available

0:00 0:10:45 0:00

და აი, დადგა დრო, როდესაც კამერის წინ მარტო აღმოვჩნდი. თავიდან თითქოს უპრობლემოდ გავიარე მონახაზი ოპერატორთან, მაგრამ ნელ-ნელა, როდესაც ხმაური და ქოთქოთი მიყუჩდა, მთელი ყურადღება ჩემკენ გადმოვიდა. რეჟისორმა რომ დაიღიალა, „სიჩუმე!“, მაშინღა ვიფიქრე, ისევ კოტლეტებზე და გრეჩიხაზე ნერვიულობა მირჩევნია-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე გვიან იყო. უეცრად მკერდში ჭიანჭველებმა დამიარეს, გავაცნობიერე, რომ ტექსტის ერთი სიტყვაც კი აღარ მახსოვდა, მშველელიც არსად ჩანდა და... ამ დროს გაისმა: „მატოოოორრრრ!“ – და იმწამსვე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა.

ეს შეგრძნება სულ მექნება. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ფილმში ვითამაშებ, ან რამდენ სცენაზე გამოვალ – „პრე-ნერვიულობა“ გარდაუვალია. მახსოვს, რომში, მასიმოს თეატრში (რომელსაც იტალიაში ყველაზე დიდი დარბაზი აქვს) სპექტაკლ „პინოქიოში“ მთავარ როლს ვასრულებდი. არანორმალური რაოდენობის მაყურებლის წინაშე მხოლოდ მარტო ვრჩებოდი და სანამ სცენაზე გავიდოდი, მუცელში ისე მიჭერდა, ერთი-ორჯერ მეგონა, რომ რეალურად ჩავისვარე. მაგრამ სცენაზე ფეხს დავდგამდი თუ არა, ყველა გარე სადარდებელი და კომპლექსი წამში ქრებოდა, და მე მართლაც ხის გრძელცხვირა ბიჭუნა ვხდებოდი (ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ცხვირის სიგრძეს არც ისე და არც ასე არ ვუჩიოდი).

გადაღების მერე ოფისში მისვლა მომიწია. იქიდან ჩემს მეგობარ ეკა ყიფიანთან ავედი სახლში. გვრიტებივით უყურებდნენ რაღაც სერიალს ეკა და მისი გულისსწორი ჭყო. იდილია დავურღვიე, სხვებიც წავაქეზეთ და დაახლოებით ათი კაცი სხვადასხვა „სორტის“ სასმელებით და სასუსნავებით სიგრილის ძიებაში ჩვენი ოფისის სახურავზე აღმოვჩნდით. ტორშერებით და „ნაჩნიკებით“ მშვენიერი მხატვრული განათება დავაყენეთ, შეზლონგი, პუფები, სკამები ავზიდეთ, ყველამ პლეილისტები მოვიმარაგეთ და გავხსენით საღამო.

18 აგვისტო, ორშაბათი
დილით სიცხისგან სუნთქვაშეკრულს გამეღვიძა. გაბრუებულმა გადავივლე წყალი და სამსახურში წავედი. დასიცხული ადამიანები ზომბებივით მიაბოტებდნენ ალმოდებულ ქუჩებში. ყიფშიძის შესახვევამდე გასუსული ვიჯექი, მერეღა დავიწყე ფუსფუსი: ფული წინასარ გავამზადე და ჩანთა მჯდომიარემ გადავიკიდე. არც ერთი წამის დაკარგვა არ მინდოდა, თავში მხოლოდ ჩემი სამუშაო ოთახის კონდიციონერი მიტრიალებდა.

როგორც იქნა, აღმოვჩნდი დანიშნულების ადგილას. სამუშაო საკმაოდ დაგროვილა. სამი კვირა შვებულებაში ვიყავი, ამიტომ ჯერ გვარიანად ვერ მოვედი სამუშაო იშტაზე. ორი კვირა ბავშვები მარტოს მყავდა წაყვანილი ბაკურიანში, სადაც კარგი გამოცდილი დედასავით ვიქცეოდი. ისე მოვერგე ამ ამპლუას, რომ ბოლოს ჩემი თავი სასტუმროს ფოიეში, სხვა დედებთან ერთად, სწორ კვებაზე საუბარში დავიჭირე.

მთელი დღე სხვადასხვა უცნაურ შეხვედრებში გავატარე. ჯერ იყო და, გაურკვეველ ტენდერზე ბელორუსებთან, მერე ორსაათიანი „სკაიპ-კოლი“ ამერიკაში, მერე – ჩინელ პროდიუსერთან, რომელსაც აქ სერიალების წარმოება უნდა. დღე აზერბაჯანელმა პროდიუსერმა დააგვირგვინა, რომელსაც ყველა სიტყვას უხილავი პარტნიორი კარნახობდა კომპიუტერის მონიტორს უკნიდან. ეს უცნაურობები ისევ სიცხეს დავაბრალე და სამსახურიდან სახლში გამოვიქეცი. ზუსტად სამ კინოს ვუყურე.

19 აგვისტო, სამშაბათი
ისევ სიცხისგან სუნთქვაშეკრულს გამეღვიძა. პირველი იწყებოდა. გვარიანად ვაგვიანებდი. შხაპი. გზა. იღლიააოხრებული ტაქსისტი. ზომბები ქუჩაში. ყიფშიძის შესახვევი. ფული მზადყოფნაში. ჩანთა კალთაში. ოფისის კიბეები. ჩემი ოთახი. და დიიიდი პირით ცივი ჰაერის შესუნთქვა.

მთელი სართული ცარიელი იყო. კრეატივის ოთახში ყველაზე მეტად ცხელა, კედლები სულ შუშაბანდშია, ამიტომ მთელი სამსახური თავის კომპიუტერებით პირველზე გადაბარგდა.

პირველ შეხვედრაზე გავვარდი „მიტარბის“ სარეკლამო-საიმიჯო რგოლის სცენარის დეტალებზე სასაუბროდ. ზუსტად ერთი საათი მქონდა. იქიდან ახალი დიდი სამშენებლო კომპლექსის, ასევე საიმიჯო ვიდეორგოლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად შეხვედრაზე მელოდებოდნენ. ერთ საათში უკვე იქ ვიყავი.

კაციჭამია ამერიკელი მშენებელი მთხოვდა, ბიუჯეტიდან ამომეღო პუნქტი „ამწე“, რადგან თვითონაც ჰქონდა ამწე. ვერ წარმოვიდგინე, რატომ უნდა ჰქონოდათ მშენებლობაზე საოპერატორო ამწე. მან სიამაყით მთხოვა წამოყოლა, დიდ შუშაბანდთან მიმიყვანა და გამახედა. ფანჯრებს მიღმა მძიმე ტექნიკით საძირკვლის უმოწყალო ჯიჯგნა მოჩანდა.

– Sandro, look... this is what I’m talking about. – ნიშნის მოგებით დაუმატა. – I don’t think that you have a better crane than this one. My precious!!! – მის სიამაყეს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ასოცმეტრიანი ამწე დამანახვა, მერე უცნაური ხელის მოძრაობით მაჩვენა, ახლაც არ ამოშლიო?! პასუხად ჩემი უმეტყველო და გაოგნებული ფიზიონომია მიიღო. მიხვდა, რომ რაღაც სისულელეს ბოდავდა. იხტიბარი მაინც არ გაიტეხა, ამერიკული გრაციოზულობით გაეშურა თავისი სავარძლისკენ და იქიდან მომაძახა:

– OK, whatever. It’s not a big deal!

მგონი, გამარჯვებულმა დავტოვე იქაურობა. ასეთი შემთხვევები ხშირად მაქვს. ერთხელ, მახსოვს, ერთმა მინისტრმა (გვარს არ დავასახელებ) კლიპის ბიუჯეტის განხილვისას, ფაილის დიდი ხნის თვალიერების შემდეგ მკითხა, თუ რას ნიშნავდა make up. მე განვუმარტე, რომ ეს იყო მაკიაჟი მსახიობებისთვის. გასაგებიაო, მითხრა და განაგრძო ბიუჯეტის შესწავლა. ცოტა ხანში ამომხედა და ღიმილით მეუბნება:

– აი, თურმე როგორ შოულობთ ეს რეკლამშჩიკები ფულს. თქვენ გგონიათ, ინგლისური კარგად რომ არ ვიცი, გამაცურებთ?

– რას ბრძანებთ, ბატონო?! – გული გამისკდა, რამე შეცდომა ხომ არ გამეპარა-მეთქი.

– თუ მაკიაჟის გაკეთება 300 ლარი ჯდება, მაკიაჟის მოხსნა ვითომ რატომ ჯდება 600 ლარი? Make up – 300, making of – 600?

ახლაც ვერ ვხვდები, როგორ შევიკავე თავი გადახარხარებისგან! თან ისეთი თავდაჯერებული და კმაყოფილი იერით გადმომხედა... მოკლედ, იმ პროექტიდან არაფერი გამოვიდა. სამშაბათი დღეც მიიწურა.

20 აგვისტო, ოთხშაბათი
გუშინდელსა და დღევანდელ დილებს შორის სხვაობა, ფაქტობრივად, არ ყოფილა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამჯერად ტაქსისტი მოწესრიგებული კაცი აღმოჩნდა. ოფისი ისევ პირველ სართულზე ცხოვრობდა. ჩემს ოთახში ავედი. ერთი საათის მერე გამოვფხიზლდი და კიდევ ერთხელ შევუკურთხე ფეისბუკს. ვგრძნობდი, რომ სამუშაოს გულს ვერ ვუდებდი. დასვენების სამმა კვირამ მთლიანად ამომაგდო კალაპოტიდან. ჩემი ყოველდღიური რეჟიმი აბსოლუტურად არანორმალურია. გაურკვეველი დღის განრიგით და განუსაზღვრელი სამუშაო საათებით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სულ დასვენებას ვნატრობ, მოვწყდები თუ არა ჩვეულ გარემოს, რამდენიმე დღეში ისევ ეს სიგიჟე მენატრება.

მახსოვს, როდესაც ამ კომპანიაში დავიწყე მუშაობა და ერთბაშად უზარმაზარი პასუხისმგებლობა ვიტვირთე, ზუსტად ორი წელი დასვენების ერთი დღეც არ მქონია. ერთ-ერთი სარეკლამო ვიდეორგოლის გადასაღებად დაახლოებით ორმოცდაათკაციანი გადამღები ჯგუფით ბათუმში წავედი. გეგმით სამი გადაღებადღე გვქონდა. ისეთ რეჟიმში ვიმუშავეთ, რომ ორდღენახევარში ჩავეტიეთ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გადამღები ჯგუფი თბილისში გავუშვით და რამდენიმე კაცი ორი დღით ბათუმში დავრჩით. უცნაური შეგრძნება დამეუფლა, როდესაც გავაცნობიერე, საქმე აღარ მქონდა, არ უნდა მენერვიულა, არავისთან არ უნდა დამერეკა და, შესაბამისად, ზარსაც არავისგან ველოდი. მივსეირნობდით ბულვარში და მაინც ვერ ვისვენებდი – სულ ტელეფონისკენ მქონდა ყურადღება. ჩემ გარშემო ყველა ლაღად და თავისუფლად გრძნობდა თავს, მე კი თითქოს ეკლებზე ვიჯექი. მაშინ მივხვდი: ისეთი გადაჩვეული ვიყავი დასვენებას, ფიზიკურად აღარ შემეძლო მშვიდად ყოფნა. ეს გავაცნობიერე თუ არა, საშინელი პროტესტი გამიჩნდა ყველაფრის და, პირველ რიგში, ჩემი თავის მიმართ. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად დაკარგული მქონდა საკუთარი არსებობის და ცხოვრების შეგრძნება. ისე შევყევი ყოველდღიურ რუტინას, ვერც კი ვხვდებოდი, ჩვეულებრივი დიდი კონვეიერის მსხვერპლი რომ გავხდი, სამსახურებრივი პოზიციისა და სხვა კეთილდღეობების მიუხედავად. ის დღე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მას მერე მეტი ყურადღების დათმობა დავიწყე ყველაფრისთვის, რაც მე მჭირდებოდა და რაც ჩემ გარშემო ტრიალებდა. იმწამსვე გამოვრთე ტელეფონი. რა მოხდა იმ ორი დღის განმავლობაში, დღემდე ბუნდოვნად მახსოვს.

საღამოს მერის შევხვდი და ოდნავ დაბალი ტემპერატურის იმედით ლისის ტბაზე ავედით. მოლოდინმა გაამართლა. ცოტა ვისეირნეთ და იქვე ღია კაფეში ნაყინის საჭმელად დავსხედით. ღმერთმა გადმოგვხედა, შევეცოდეთ და კოკისპირული წვიმით დაგვასაჩუქრა. ცოტა ხნის მერე სახლში აღმოვჩნდი. ცოტა თავისუფლების დღიური, ცოტა გიტარა, ცოტა საზამთრო, ერთი ფილმი და ძილი.

21 აგვისტო, ხუთშაბათი
გაღვიძებისთანავე გულისგაწვრილებამდე მომენატრა ჩემი შვილები. შაბათს, დღიურებს რომ ჩავწერ, ავვარდები მანგლისში და ორშაბათამდე ჩახუტებულები მეყოლებიან. უზომოდ საყვარლები არიან!

სამსახურში მივედი. სამწუხაროდ, ისევ დაგვიანებით. არა უშავს, ცხელა, გვეპატიება, მთავარია საქმე არ გავაფუჭოთ (ბოლო სიტყვები – პათეტიკური ინტონაციით). მაიკო შვებულებაშია და მე, როგორც სამაგალითო კოლეგას, ჩემს თავზე მაქვს აღებული „სამაგიდო საქმეები“, რაც ყველაზე მეტად მეზარება. ხუთ საათამდე ყველაფერს უნდა მოვრჩე, რეპეტიციაზე ვარ დაბარებული ვანო ბურდულთან. ჩემი პერსონაჟის მთავარი სცენა უნდა გავიაროთ, სადაც ცოლს ვუმხელ, რომ ვიცი, რომ მღალატობს. კაცმა არ იცის, რას ვიზამ.

ელვის სისწრაფით დავამთავრე ყველა საქმე, რასაც მთელი დღე რის ვაი-ვაგლახით ვაკვარახჭინებ ხოლმე. რეპეტიციაზე ზუსტ დროს მივედი. რეჟისორი არსად ჩანდა. რეჟისორი ხომ არ აგვიანებს, ის ყოვნდება. ერთი საათი ვირეპეტიციეთ. მგონი, რაღაცას დავამსგავსეთ სცენა.

იქიდან მერიმ გამომიარა. ამჯერად კუს ტბაზე ავედით, იქიდან სტუმრად და მერე ისევ სახლი. ისევ ცოტა საზამთრო, ცოტა დღიური, ცოტა ფეისბუკი, ცოტა გიტარა, ერთი ფილმი და ძილი.

22 აგვისტო, პარასკევი
გავიღვიძე თუ არა, ორი თეფში მაწვნის სუპი ვჭამე. ეს ფაქტი რომ არ აღმენიშნა, არ გამოვიდოდა. მთელი დღე სამსახურში ვიყავი. დიდად მოსაყოლი არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ საღამოს თოშეს შევხვდი. სახლში მივედით, ჩემს დას სამზარეულო მივუსაჯეთ და აურაცხელი რაოდენობის ალკოჰოლი მივიღეთ.

23 აგვისტო, შაბათი
სამწუხაროდ, გათენდა. არ მინდა ჩემს მდგომარეობაზე საუბარი. იმედია, მივაღწევ რადიო თავისუფლებამდე.

ზაფხულის ყველა დღე ჩემთვის ერთმანეთს ჰგავს. მიუხედავად ამისა, საშინლად მამშვიდებს ქალაქის სიცარიელე. ამაზე უფრო მეტი სიცხეც კი მირჩევნია უკიდეგანოდ გაჭიმულ ზამთარს, საცობებს, სიცივეს და გაუთავებელ სურდოს. არაფერი მირჩევნია შორტის და მაისურის ამარა საღამოს სეირნობას, მშვიდად მოსიარულე ხალხის დინებას რომ მიყვები; ყურებს მთლიანად ნიკ კეივს რომ ანდობ, არსად გეჩქარება, ფიქრობ უსაზღვროდ. მხოლოდ ზაფხულს აქვს ეს ენერგეტიკა, მხოლოდ ზაფხულში შეგიძლია დაურეკო მეგობრებს, რომლებიდანაც ერთი მაინც იქნება ისეთ გარემოში, რომელიც იმ წამს გჭირდება, რადგან მხოლოდ ამ პერიოდშია ყველას ტვინი მხოლოდ დასვენებაზე და სულიერ სიმშვიდეზე ორიენტირებული. მიყვარს ზაფხული და მიუხედავად ჩემი მოსაწყენი და, ამ შემთხვევაში, ერთფეროვანი კვირისა, მაინც მიხარია, რომ ჩემთვის წლის ყველაზე საყვარელ პერიოდში მომიწია ამ ჩანაწერის გაკეთება.

არც ისე რთული ყოფილა :))

XS
SM
MD
LG