Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა ორშაბათს გაიმართება


სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, 2015 წლის 24 ივნისი
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, 2015 წლის 24 ივნისი

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა ორშაბათს, 20 ივლისს, გაიმართება. საგანგებო სხდომის მოწვევა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ მოითხოვა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კიასტუტის იანკაუსკასს შესაბამისი წერილით მიმართა. გაგლოითის აზრით, სოფლების ხურვალეთის, წითელუბნისა და ორჭოსნის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს შეგნებული პროვოკაციების მცდელობას და ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად, მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ოსურმა მხარემ რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა. უკვე გადაწყვეტილია, რომ მხარეები ერგნეთში ერთადერთ საკითხზე იმსჯელებენ, რაც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ოკუპირებულ ორჭოსანთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის თქმით, ქართული მხარე, ტრადიციულად, ამ შეხვედრაზეც გააპროტესტებს საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების, ღობეების მონტაჟისა და ბანერების აღმართვის საკითხს.

სოფელ ხურვალეთთან კი საპროტესტო აქციები გრძელდება. სტუდენტებმა, ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს მეტი ყურადღება გამოიჩინოს სახნავ-სათესი ფართობების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის მიმართ. მათი აზრით, მთავრობას და საზოგადოებას მხოლოდ დროდადრო არ უნდა ახსენდებოდეთ ოკუპაციის ხაზთან დარჩენილი ადამიანები.

რამდენიმე დღეა ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს და ხელისუფლებას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG