Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამომხმარებლო ფასების ტენდენციები


ავტორი: ირინა გურული

საქართველოში მნიშვნელოვნად გაძვირდა ხილი და ბოსტნეული. მოიმატა ფასებმა ალკოჰოლურ ნაწარმსა და ადგილობრივ სიგარეტზეც. ამის თაობაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იუწყება.

სამომხმარებლო ფასების ინდექსის ივლისის მონაცემების თანახმად, გასულ თვეს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2,8 პროცენტი შეადგინა.

ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 3,4-პროცენტიანმა ზრდამ. აღნიშნულ ჯგუფში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (10,7 პროცენტით), კერძოდ: 20-დან 40 პროცენტამდე გაიზარდა ფასები კიტრზე, პომიდორზე, ბადრიჯანზე. ასევე საგრძნობლად მოიმატა ფასებმა ხილის შემდეგ სახეობებზე: საზამთრო, ლიმონი, ატამი, მსხალი, კივი.

რძის პროდუქტებიდან 12 პროცენტით გაიზარდა ფასები მოუხდელ ყველსა და სულუგუნზე.

7 პროცენტით გაიზარდა ფასები ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, 15 პროცენტით - ადგილობრივი წარმოების ფილტრიან სიგარეტზე.

საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვაც გაუძვირდა - საშუალოდ 4,7 პროცენტით. საშუალოდ ათი პროცენტით გაიზარდა ფასები ისეთ მედიკამენტებზე, როგორიცაა სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. სამედიცინო აპარატურასა და მოწყობილობებზე ფასები 7,6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საავადმყოფოების მომსახურებაზე - 4,9 პროცენტით.

შედარებით მოკრძალებული იყო ფასების ზრდა ტრანსპორტის კატეგორიაში - 3,6 პროცენტი. ჯგუფში ფასების ზრდა ძირითადად განაპირობა შორი მიმოსვლის მატარებლით მგზავრობის საფასურის 14-პროცენტიანმა ზრდამ, ასევე პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასების ზრდამ, რაც განაპირობა საწვავის ფასის მატებამ. ბენზინზე ფასები საშუალოდ 7, ხოლო დიზელის საწვავზე 5 პროცენტით გაიზარდა.

მცირედით - 2,6 პროცენტით - გაიზარდა ფასები სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე. ყველაზე დიდი - 6,3-პროცენტიანი - კლება იყო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კატეგორიაში.

ნიშანდობლივია, რომ, მსოფლიოში ოქროს ფასის კლების ტენდენციის მსგავსად, 7 პროცენტით შემცირდა ფასი 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე საქართველოშიც.

სამომხმარებლო ფასები გროვდება საქართველოს 5 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში. რეგიონალური მონაცემების მიხედვით, ფასების ყველაზე დიდი - 6,5-პროცენტიანი - მატება, ივლისის მდგომარეობით, დაფიქსირდა თელავში, სადაც სურსათზე, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა 11 პროცენტით მოიმატა. ყველაზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი იყო გორში - 1,1 პროცენტი. ბათუმსა და თბილისში ფასებმა თანაბრად -2,4 პროცენტით - მოიმატა, ქუთაისში კი - 3,2 პროცენტით.

XS
SM
MD
LG