კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:01

ბლოგები / სალომე ასათიანი

დასკვნის გარეშე

x
ტექსტის ზომა - +
მართლა მაინტერესებს, ამას როგორ ახერხებენ. რანაირად გამოსდით, რომ ყველა მნიშვნელოვანი იდეა, იდეოლოგია, პრინციპი თუ ფასეულობა, რასაც კი ხელი მოკიდეს, სწრაფად და ერთმნიშვნელოვნად გადააქციეს გროტესკად და კარიკატურად. „მოდერნიზაციის“, „ლიბერალიზმის“, „დასავლური ღირებულებების“ და, ზოგადად, კულტურული ცვლილების ცნებებს რაც უქნეს - როგორ დააკნინეს, გააუფასურეს და დაიყვანეს „ჩარეცხილ მუმიებთან“ ბრძოლამდე, ასფალტის დაგებამდე და ბუტაფორიულ ფასადებამდე - ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ახლა აღარ შევჩერდებით. „რუსული საფრთხის“ კლიშეზეც არ ღირს ბევრი ლაპარაკი - ისედაც ვიცით, რომ ეს ძალიან რეალური და მწვავე გეოპოლიტიკური პრობლემა, მათი რიტორიკის წყალობით, პრიმიტიულ ნაციონალიზმს, პლაკატურ მტრის ხატს, პოლიტიკურ პარანოიას და ოპონენტებთან საბრძოლველ იარლიყს გაუტოლდა. ახლა კი, მგონი, უკვე თავსაც გადააჭარბეს. განახლებული მთავრობის ახალი პრიორიტეტების მხოლოდ გამოცხადება იყო საკმარისი საიმისოდ, რომ სოციალური სახელმწიფოს იდეისგან, თუ სოციალური პოლიტიკის პრინციპებისგან, უხეირო იმიტაცია თუ უხერხული პაროდია შეგვრჩენოდა ხელში.

ამ ბოლო შემთხვევაში სხვაგვარად, ალბათ, ვერც იქნებოდა. ჯერ ერთი, მოტივაცია გამოიყურება ძალიან ბანალურად. რამდენიც უნდა გვიმტკიცონ, რომ ახალი პროგრამა „ხალხთან შეხვედრების“, თუ ხალხზე წუხილის შედეგია, ცხადია, რომ მთავარი მიზეზი მოახლოებული არჩევნები და ოპონენტის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირებების „გადაფარვის“ საჭიროება იყო. თან კონტრასტია თვალშისაცემი. წლების მანძილზე სულ სხვა რეალობას გვიხატავდნენ - ომახიან, ენერგიულ, ბრჭყვიალაპროექტებიან რეალობას, რომელშიც „სიღარიბე“, „უმუშევრობა“, „სოციალური დაცვა“ და სხვა ტრივიალური ამბები დიდად აქტუალურ საკითხებს არ წარმოადგენდა. კი, როგორც ფაქტი, ყველამ ვიცოდით, რომ ქვეყნის „სახელმწიფოდ შედგომის“ ფონზე ჩვენ გვერდით ძალიან ბევრ ადამიანს - სულ მცირე, მილიონნახევარს - უკიდურესად უჭირდა. მაგრამ ეს პრობლემა - და, მით უფრო, მისი გადაჭრის გზები - არასოდეს გამხდარა სერიოზული დისკუსიის საგანი (წინა ბლოგებში ამ „გაპრიალებული რეალობის“ საკითხზეც გვისაუბრია - მაგალითად, აქ - და დღეს არც ამაზე გავაგრძელებთ).

ჰოდა, რა გასაკვირია, თუკი მთავრობის ეს ენერგიული და მონდომებული ტრანსფორმაცია ღიმილის და სკეფსისის მომგვრელი გამოდგა. ხელისუფლება, რომელიც სულ ახლახან დასაშვებად მიიჩნევდა, 30 ლარით შეემცირებინა მუდმივი მოვლის საჭიროების მქონე უნარშეზღუდული ბავშვების ისედაც ძალიან მწირი შემწეობა - და რომელმაც გაღატაკებული სოფლებიდან ხალხის ქალაქებში გადინების მიზნით წამოიწყო ექსცენტრიზმის, თუ ექსტრავანგანტიზმის იშვიათი ნიმუში, პროექტი სახელად “ლაზიკა” - უცებ სულ სხვა ინტონაციით ალაპარაკდა. დაიწყო დაპირებების რახარუხი - ოთხი მილიარდი სოფლის მხარდაჭერისთვის, სამი მილიარდი დაზღვევისთვის, ასდოლარიანი პენსია... მთავრობამ, რომელმაც საბაზრო პრინციპები დომინანტური ისეთ სფეროებშიც გახადა, როგორებიცაა, მაგალითად, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვა - თითქმის ყველა საავადმყოფო კერძო საკუთრებაში გასცა, გარემოს დაბინძურება კი გაყიდვად უფლებად გადააქცია - ახლა ოთხწლედის ეკონომიკური გეგმები დაგვისახა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უნდა გაორმაგდეს, უმუშევრობა უნდა შემცირდეს, დაზღვევა ყველაზე უნდა გავრცელდეს.

ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეუსაბამობის, პარადოქსულობის თუ პოპულიზმის მაგალითები მართლაც უხვადაა. ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება შრომის რეგულირებაზე არათუ არ ზრუნავს, არამედ, საერთაშორისო პროფკავშირების შარშანდელი შეფასებით, სისტემატურად არღვევს „ყველა შრომით უფლებას და შრომის საერთაშორისო სტანდარტებს“ - ახლა მოგვივლინეს „დასაქმების სახელმწიფო მინისტრი“, რომელმაც დანიშვნისთანავე ელიავას ბაზრობას მიაშურა და „უშუალოდ გაიგო დასაქმების მსურველების პრობლემებისა და მოთხოვნების შესახებ“. ამგვარი პოპულიზმის, ანუ „ხალხთან დგომის“ ილუზიის, სულ მთლად თავზეხელაღებული მაგალითი თავად პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას - თავისივე ელიტისგან გამიჯვნით, „ბენდუქიძის აუზზე“ ქილიკით და აღშფოთებით, რომ ამ აუზით სარგებლობისთვის დაწესებულ „კატასტროფულ“ ფასებს მხოლოდ „პრივილეგირებული“ ხალხი თუ შესწვდება. მდიდრებს და ღარიბებს შორის კონტრასტების ასეთი აღიარება განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება მთავრობის ახალი პროგრამით გათვალისწინებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის - ოთხ წელზე გაწერილი ათასლარიანი ვაუჩერის - ფონზე. ხელისუფლების მზრუნველი პოლიტიკა ამ ვაუჩერის გარეშე არც ერთ ოჯახს არ დატოვებს - მათ შორის, როგორც ჩანს, არც იმ აუზზე მოსიარულე, სააკაშვილისვე სიტყვებით „პრივილეგირებულ“ მოქალაქეებს; ხოლო დახმარების ასე განურჩევლად და ხელგაშლილად გაცემა - ოჯახების ზომის, შემოსავლის და საჭიროების მიუხედავად - ქვეყნის ბიუჯეტს, როგორც ამბობენ, მილიარდ ლარზე მეტი დაუჯდება.

ეს ყველაფერი რომ პოპულიზმი, ძალაუფლების შენარჩუნების ვნება და სიყალბეა, ამას თუნდაც ორი დღის წინანდელი გახმაურებული ამბავი ადასტურებს - პრეზიდენტის ვიზიტის მომლოდინე, უმწეო მოხუცზე, როზა წყაბელიაზე ძალადობის თავზარდამცემი ფაქტი. ცინიკური პარალელური რეალობა - „ხალხისთვის მეტი სარგებლის“ შესახებ დაპირებების ენერგიულად გამცემი პრეზიდენტი და მისი თვალთახედვის არიდან არამზადების მიერ ძალით გათრეული და სარდაფში გამოკეტილი სასოწარკვეთილი ადამიანი. ეს ამბავი - რომელიც, ალბათ, სხვა მსგავსი ფაქტებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ კამერებმა აღბეჭდეს და ამის გამო დამნაშავეები საჩვენებლად დაიტუქსნენ - მორიგი და უხეში დასტურია, რომ მზრუნველი დაპირებების და ჰუმანური განცხადებების ფასადის მიღმა ძალის პოლიტიკაზე ორიენტირებული, ფარისევლური და „გაპრიალებული“ რეალობა დგას; რეალობა, საიდანაც საგულდაგულოდ განდევნილია სიღარიბის, გაჭირვების, ავადმყოფობის თუ ჩაგვრის ნამდვილი, შემზარავი და დამთრგუნველი სახე.

ამას მხოლოდ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ. ძალიან სერიოზული ღირებულებითი პრობლემები აქვს თავად საზოგადოებას, რომელიც როზა წყაბელიაზე ამ თავაშვებული ძალადობის სცენას უყურებს და ამის აღკვეთას არ, თუ ვერ ცდილობს. გროტესკამდე მისული სოციალური უთანასწორობა და ფაქტი, რომ „საქართველოში ბევრს კვლავაც ძალიან უჭირს“, ჩვენთვის - ყველასთვის - ჩვეულებრივი და ბანალური ამბავი გახდა. კოლექტიურ წარმოსახვაში „ღარიბები“ წარმოგვიდგება ერთ დიდ, უმოქმედო, უუნარო და მთავრობისგან დახმარების პასიურად მომლოდინე ჯგუფად, რომელზეც, საუკეთესო შემთხვევაში, სწორხაზოვანი სენტიმენტალიზმით ვლაპარაკობთ - ისეთით, „ცუდი მთავრობის“ შესახებ ოპოზიციური მედიის სიუჟეტებში რომ გვხვდება ხოლმე. უფრო უარეს შემთხვევაში კი მათზე თუ მათი სახელით საუბრისას ცინიზმს და მანიპულაციას ვაწყდებით - დაახლოებით ისეთს, როგორსაც დროდადრო კოალიციის - „ევროპული საქართველოსთვის“ - წევრები ავლენენ ლტოლვილებთან მიმართებით. ერთ დღეს მათ „თავის დასაწვავ ბენზინსაც“ რომ ამადლიან, სხვა შემთხვევაში კი მედიდური თანაგრძნობით აღწერენ „ძალიან გამწარებულ“ ხალხად, რომელიც იმდენად მოკლებულია რაციონალური აზროვნების თუ ღირსეული ქცევის უნარს, რომ, მაგალითად, კარალეთში, ველური ფორმით, ქვებით და ჯოხებით უსწორდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

და მაინც - ყველაფრის მიუხედავად - თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ახლა უფრო ხშირად ისმის სიტყვები „ჯანდაცვა“, „პენსიები“, „უმუშევრობა“ თუ „სიღარიბე“, მე დადებითი მგონია. რა გაეწყობა - ვხედავთ, რომ სოციალურ უსამართლობაზე, უთანასწორობაზე, ჩვენი, როგორც საზოგადოების, საერთო ინტერესებზე, სოლიდარობაზე, ეთიკის პრინციპებზე სერიოზული დისკუსია ჯერჯერობით არ გამოგვდის - არც პოლიტიკურ, არც ინტელექტუალურ და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მით უმეტეს არ არსებობს უფრო სპეციფიკურ თუ უფრო ტექნიკურ საკითხებზე ლაპარაკის ტრადიცია - საბიუჯეტო სახსრებზე, მათი ხარჯვის მართებულ გზებზე, სახელფასო გადასახადების სამართლიან ფორმებზე, სოციალურად დაუცველი ადამიანების ყოფის შემსუბუქების კონკრეტულ შესაძლებლობებზე, იმაზე, თუ რის გაკეთება შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას. მაგრამ რაღაცით უნდა დავიწყოთ. და სხვა თუ არაფერი გამოგვდის, იქნებ ეს რაღაცა პოპულიზმი იყოს.

ამიტომაც, ამ ბოლო დრომდე სწორედ სოციალური თემებისთვის სიმწვავის შეძენას მივიჩნევდი ოპოზიციურ ფრონტზე „ქართული ოცნების“ გამოჩენით მოტანილ ძირითად დადებით ცვლილებად. კი, კოალიციის და მისი ლიდერის განცხადებებსაც აშკარად დაკრავდა პოპულიზმის ელფერი. თავისთავად ის დაპირებაც, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსული ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი „დააპურებს“, პატერნალიზმის და ქედმაღალი, მამობრივი მზრუნველობის კონტურებს შეიცავდა. მაგრამ რახან ყველაფერი შეფარდებითია, მაინც მომწონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს არ იმეორებდა სხვა უამრავი ოპოზიციონერის მიერ მანამდე გაკვალულ, მოყირჭებულ და იაფფასიან გზას - ეთნონაციონალისტურ მითებზე, რელიგიურ ფარისევლობაზე და „ქართველობის დაკარგვის“ შესახებ შიშების გაღვივებაზე დამყარებულ, ფანტაზმების პოლიტიკას. კი, პატრიარქთან ტელეკამერების თანხლებით მისი ოჯახური ვიზიტებიც მახსოვს და „ქართველების გამოჩეულობაზე“, „წინაპრებისგან გენეტიკით გადმოსულ მუხტზე“ და „ასაკში შესულ ერზე“ გაკეთებული გაუგებარი განცხადებებიც - მაგრამ მაინც ვთვლიდი, რომ მისი რიტორიკის ბირთვს არა ეთნოშოვინიზმი, არამედ ისეთი საკითხები შეადგენდა, როგორებიცაა სამედიცინო დაზღვევა, პენსიების გაზრდა, სოფლის მეურნეობა, განათლება. ხოლო ნაციონალისტური პოპულიზმიდან სოციალურ პოპულიზმზე გადასვლის ეს ნიშნები თავისთავად მიმაჩნდა მნიშვნელოვან ამბად; იმპულსად, რომელსაც შეიძლება დღეს არა, მაგრამ მომავალში მაინც მოეტანა სოციალურ სამართალზე სერიოზული და ღირებული დისკუსიის დაწყება.

თუმცა, მგონი, სულ ტყუილად. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ დისკუსიას - და, მით უფრო, ჩვენი პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებას - დიდად სახარბიელო მომავალი არ უნდა ჰქონდეს. "ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის მიერ ბოლო პერიოდში დემონსტრაციულად და ერთმანეთის მიყოლებით გადადგმული ნაბიჯები სხვა პერსპექტივას აჩენს. ჯერ ერთი, ძალიან მეეჭვება სოციალურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე კომპეტენტური აზრი ჰქონდეს კოალიციის აქტივისტებად გამოყვანილი თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული „კულტურული ელიტის“ - არტისტების, სპორტსმენების თუ სხვა „ცნობადი სახეების“ - დიდ უმრავლესობას. პირიქით. იმ დამტკბარი, ქედმაღალი, პათეტიკური და მელოდრამატული ინტონაციის გახსენებაც კი არ მინდა, რომლითაც ისინი „უბრალო ხალხის გაჭირვებაზე“ ლაპარაკობენ ხოლმე. ამაზე კიდევ უფრო საგანგაშო სიგნალი მგონია მაჟორიტარ დეპუტატებად რესპუბლიკური პარტიიდან ქსენოფობიის გამო გარიცხული, ქართველების „გენეტიკურ სისუფთავეზე“ მოქადაგე მურმან დუმბაძის და „კედელთან მიყუდებული დედაენით“ შეწუხებული შოთა ზოიძის დასახელება. აღარაფერს ვამბობ „ძალიან მყარ დასაყრდენად“, მაგალითად, სანდრო ბრეგაძის გამოცხადებაზე - კაცისა, რომელიც რამდენიმე წლის წინ „სიამოვნებით“ ეთანხმებოდა ადოლფ ჰიტლერს იმაში, რომ მან „რამოდენიმე გემი გაგზავნა ზღვაში და ჩაძირა, სადაც გარკვეული ადამიანები იყო თავმოყრილი.“

მოკლედ, დიდი შანსია, პოლიტიკური კულტურის გაჯანსაღების და სოციალურ სამართალზე არსობრივი დისკუსიის დაწყების ნაცვლად, საქმე სხვაგვარად წავიდეს. სოციალური თემები, სავარაუდოდ, აქტუალური დარჩება - ოღონდ, შესაძლოა ვერ გასცდეს „ხალხთან დგომის“ პოპულისტურ ჩარჩოს. და თან, როგორც სჩანს, ამგვარი სოციალური პოპულიზმი შეერწყმება დუმბაძის და მისი თანამოაზრეების იაფფასიან, სიძულვილით გაჟღენთილ ნაციონალისტურ შოვინიზმს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი შედეგი კი, შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს კიდევ ერთი იდეოლოგიის კარიკატურა თუ პაროდია დაემატება. ოღონდ, ამჯერად ეს კარიკატურულობა და არასერიოზული ფორმა უნდა გვიხაროდეს - რადგან ნამდვილი და სრული სახით ამ იდეოლოგიას ნაციონალ-სოციალიზმის სახელი ჰქვია.

ბლოგის დასასრულს - ბოლო აბზაცში - წესით „შეჯამება“ უნდა შემოგთავაზოთ და რამე „დასკვნის“ გამოტანაც უნდა ვცადო. დაწერა ბევრი რამის შეიძლება - მაგალითად, იმის, რომ პოლიტიკური ელიტის სიყალბის თუ პოპულიზმის მთავარი გამანეიტრალებელი ფაქტორი ჩვენი, საზოგადოების სიფხიზლე და სკეფსისი უნდა იყოს; ან იმის, რომ სწორედ ჩვენ - საზოგადოებამ - უნდა ვაქციოთ სიღარიბის და სოციალური სამართლიანობის თემები საჯარო სივრცისთვის მწვავე და აქტუალურ საკითხებად; ან იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ ამ პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობა ჩვენი საერთო, კოლექტიური ინტერესია - როგორც „მდიდრების“, ისე „ღარიბების“. რადგან უხეშად უთანასწორო საზოგადოება არასტაბილური და გახლეჩილი საზოგადოებაც არის, რომელშიც ნიჰილისტური, ფატალისტური და ქსენოფობიური განწყობები ჭარბობს და ზოგად, დემოკრატიულ განვითარებას ექმნება საფრთხე. მაგრამ ახლა, რატომღაც, ყველა ეს ხმამაღალი განცხადება უადგილოდ მეჩვენება - ყველა ბანალურია და თავისთავად ცხადი. ამიტომ იქნებ დღეს ასე დავამთავროთ - უბრალოდ, დასკვნის გარეშე.

Tags: არჩევნები, პოპულიზმი, სოციალური პოლიტიკა, ნაციონალიზმი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
05.08.2012 18:22
ავტორი: maia საიდან გვწერთ: tbilisi
02.08.2012 15:50
სალომე, ვეთანხმები წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს და ფინალიც მომეწონა–,,დასკვნის გარეშე". ალბად რეალურ გამოსავალს ვერ ხედავ და იმიტომ. მე კი ჩვენი შემხედვარე მეგრელზე ანეგდოტი მახსენდება: სიკვდილით დასჯის წინ ბოლო სურვილის ასრულებას რომ შეჰპირდნენ. მეგრელმა –მიკროფონი მომიტანეთო, მიუტანეს და ამ უბედურმა სასოწარკვეთილი ხმით იყვირა: მიიიიიიიიიშვეეეეეეეეელეეეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!!!! -ეს ანეგდოტი სხვანაირი ინტერპრეტეციით მომისმენია:მისმა გმირმა საბჭოთა ცენტრალური ტელევიზიით მოინდომა გამოსვლა-რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაზეო... არაო უთხრეს, რაიმე ანტისაბჭოთა წამოგცდებაო, კაი მხოლოდ ერთადერთ სიტყვას ვიტყვიო-იფიქრეს ვერაფერს იტყვის ერთ სიტყვაშიო და მიუშვეს მიკროფონთან და ის იყვირა რაც შენ დაწერე...სამწუხაროდ არეაფერი არ შეცვლილა-სატელიტური თეფშების ისტორია ზუსტად ეხმიანება ანეგდოტის წარმოშობის პერიოდს-ყველაფერი ნაცების მიერ საბჭოთა ტრადიციის გაგრძელებაა, იმ სხვაობით, რომ ბელადი ახალგაზრდაა და ორდენებს თვითონ არ იკიდებს ლეონიდ ბრეჟნევის მსგავსად, მაგრამ ყველაფერი ჯერ წინა აქვს.... ინტელექტით მისი მარაზმატიკული მეთოდების პირდაპირი მემკვიდრეა...

ავტორი: ანონიმი
03.08.2012 13:20
საშინლად მაღიზიანებს ჰომომანიური და აზრები და აღფრთოვანებული ვარ ივანიშვილის ჰომო- და არა ჰემოფილიით, მაგრამ უნდა გითხრათ რომ არსენას ლოზუნგები აიტაცა საბჭოთა დიპლომატმა და საბჭოთა საქართველოს პროკურატურის მგონი პარტკომმა შალვა ნათელაშვილმა,ესე იგი კამოც ემზადება სცენაზე გა,ოსასვლელად და ყველაფერი ოკ იქნება თუ მანამდე ზორომ თავისი არ ქნა.

ავტორი: GERMANE
03.08.2012 12:03
ბატონო არმინ, ამაზე გწერთ და არა მარტო ამაზე:

"პირადად მე საშინლად გამაღიზიანა ძიძიგურმა ერთ გადაცემაში თავისი ჰომოფობიური აზრებით. მისგან განსხვავებით ივანიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა სექსუალური და ეთნიკური უმცირესობის ინტერესებს. ასე რომ, ძიძიგურს მოუწევს თავისი შეხედულებების გადახედვა!"

ძიძიგურს რაც მოუწევს, ბურჯანაძეს რაც მოუწევს ან ზოიძეებისტანებს რაც მოუწევთ - ეს უნდა იცოდეთ, თუკი საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორიას თვალს ადევნებთ.
მაგალიტად ზიძიგური ზვიადს ედგა გვერდით და მერე, სამეგრელოში რომ თავისი სასტავი შეკრიბა ძიძიგურმა, ზვიად გამსახურდიაზე ერთ წესიერ სიტყვას არ ამბობდა - ჩმორს ეძახდა. შევარდნაძის დაჭერილი მერე სააკაშვილმა ციხიდან გამოიყვანა და სააკაშვილს დაუდგა საარჩევნო ბლოკში 2003 წელს, სააკაშვილის ყველა მიტინგის ორგანიზატორი იყო და მიშა რომ ხელისუფლებაში მოვიდა, ვერ გამოიცვალა ძიძიგური, ვერ მიიღო დაპირებული მინისტრობა და მიშას აგინა, თუმცა მიშამ მაინც კარგადაც დაუფასა ყველაფერი - ბიზნესი მისცა, ხელშეუხებლობის გარანტია მისცა და ასრულებს კიდეც.
ახლა, ჩემო არმინ, გინდათ რომ ეს 50 წელს მიღწეული ძიძიგური ივანიშვილმა "გადააკეთოს"?
იცით რა მოხდება?
თუკი ივანიშვილმა გაიმარჯვა და ძიძიგურს ან შსს და ან თავდაცვის მინისტრობა არ მისცა, მაშინ ნახეთ რა აზრისა ყოფილა ძიძიგური ივანიშვილზე, მაშინ ნახეთ ხალხის მობილიზირება "რუსეთის აგენტის" ან "მაფიოზის" წინააღმდეგ.
ასევე არის ივანიშვილთან დაახლოებული თითქმის ყველა ძალა - ისინი ან პოლიტიკური ან კიდევ ხელოვნების ან კიდე სპორტის "ლეშები" არიან და ეს მიკვირს, ტუ რაში სჭირდება ივანისვილს ეს ხალხი მაჟორიტარებად? რაში სჭირდება ეს ხალხი წამყვან პოზიციებზე? კი ბატონო, თუ უნდა არჩინოს, უხადოს პენისია - თავისი ფულია, ვინ დაუშლის, მაგრამ, მოასვენოს ქართველი ხალხი ამ "ლეშების" გაცოცხლების მცდელობით, აყროლდა რა საქართველო, მადლი მაინც არააქვს? აქეთ მიშამ დაგვაკაბალა თავისი ეიჯიზმით და იქეთ კიდე ივანიშვილმა აგვაყროლა თავისი ლეშებით.

აი ესაა კრიტიკის საგანი.

მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, ახლა ძალაუნებურად, სწორ არჩევანს გააკეთებს - ვერც სააკაშვილი გაიმარჯვებს, ვერც ივანისვილის ცხედრები გაიმარჯვებენ და გვექნება საქართველოში პირველად ისტორიაში რამდენიმეპარტიული და დემოკრატიული პარლამენტი. ისე მოხდება, რომ 3-4 პარტიის კოალიცია უნდა მოხდეს, ხელისუფლება რომ ჩამოყალიბდეს.
თანაც, ისიც მოხდება, რომ სააკაშვილის ელიტა პარლამენტში შევა (ალბათ ასე 20%-ით) და არ მოხდება მათი ფინანსების გადანაწილება, მათი დაჭერა. ეს საშუალებას მოგვცემს, ერთხელ და სამუდამოდ, მოსულმა ხელისუფლებამ ხელი აიღოს დამარცხებულის განადგურებაზე.
მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ 30%-საც კი ვერ მიაღწევს ვერც ივანიშვილი და ვერც სააკაშვილი.

ავტორი: maia საიდან გვწერთ: tbilisi
02.08.2012 15:50
სალომე, ვეთანხმები წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს და ფინალიც მომეწონა–,,დასკვნის გარეშე". ალბად რეალურ გამოსავალს ვერ ხედავ და იმიტომ. მე კი ჩვენი შემხედვარე მეგრელზე ანეგდოტი მახსენდება: სიკვდილით დასჯის წინ ბოლო სურვილის ასრულებას რომ შეჰპირდნენ. მეგრელმა –მიკროფონი მომიტანეთო, მიუტანეს და ამ უბედურმა სასოწარკვეთილი ხმით იყვირა: მიიიიიიიიიშვეეეეეეეეელეეეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!!!! თქვენი არ ვიცი და მე უკვე მაგ მეგრელის დღეში ვარ.....თუმცა მშველელიც არავინაა, ყველგან სიყალბე და პათეტიზმია

ავტორი: ანონიმი
31.07.2012 13:45
ავტორი კარგი, მაგის საქმეა რომ წეროს, მაგრამ ამხელა კომენტარებს რო ჯღაბნით ნეტა არ გეზარებათ? ან მეტი საქმე არ გაქვთ? :D

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
31.07.2012 11:40
ბიძინას კარგად ესმის იმათი ვინც მიშას გაიძახის იმიტომ რომ ესმის სარგებელის მოლოდინი რას ნიშნავს

თუ ვინმეს ჰგონია რომ დღეს ვინმე ისევ "უანგაროდ" და "იდეისთვის" გაჰკივის სააკაშვილის ქებას მაშინ ბოდიშით მაგრამ ძალიან სცდებით

ერთნი ჰკივიან მიშას სარგებლისთვის და მეორენი შიშით... ყველამ კარგად იცის რაოდენ სპეტაკია ჩვენი ახლანდელი ხელისუფლების წყურვილი ნამდვილი დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვისადმი (!)

ბიძინას დამოკიდებულება პრო- და ანტი- ივანიშვილებისადმი მართლაც ძალიან პროფესიონალურია, და გასაკვირიც კია ქართველი პოლიტიკოსისთვის, ჩვენ ქვეყანაში ხომ უცხო აზრის და მისი ავტორისადმი შემწყნარებლობა ნულის ტოლია

ხოლო ნეო-ნაცისტური და ჰომოფობიური შეხედულებების მქონე რაც ნაკლები გვეყოლება ქვეყანაში და პარლამენტში დამერწმუნეთ მით უკეთესი იქნება. ეგეთი შეხედულებები ქმნიან პრობლემებს და არა თვითონ უმცირესობები - ეს კარგად აჩვენა მსოფლიოს ისტორიამ და სირცხვილიცაა საქართველოზე და ქართველ ხალხზე, როგორც ნაციონალისტ-და-შეუმწყნარებლობის მაგალითზე საუბრობდეს ვინმე და მითუმეტეს ჩვენი მოაზროვნე ნაწილი

მე ჯერ არსად მინახავს ჰომოსექსუალი ვინმეს აყაცაღებდეს, სცემდეს და 20 თეთრის გულისთვის დანას უყრიდეს მუცელში, არც სუფრაზე აშარებული მინახავს ვინმე უმცირესობიდან და არც ბირჟაზე უსაქმურად მდგარი

მაგას ჯობია იმ უსაქმურ ახალგაზრდებს მივხედოთ უბანში ლოთობის მეტი არაფერი რომ არ იციან, ბესეტკის ლომები- წიგნი არ წაუკითხავთ ცხოვრებაში და მინისტრობაზე და დირექტორობაზე ოცნებობს ყველა - აი ეს არის ჩვენი პრობლემა

ავტორი: არმინ
30.07.2012 21:46
გაგრძელება
*******************
სხვათა შორის, „კვირის აზრებშიც“ გაიჟღერა ზოიძის თემამ. არც იქ თქმულა არაფერი სახარბიელო. მე არც ერთს ვიცნობ, არც მეორეს. ამიტომ, ვერაფერს ვიტყვი. კარგი იქნება, თუ ივანიშვილს შეეკითხებით, რატომ მაინცდამაინც ეს ორი კანდიდატი? თუმცა, მაჟარიტარობის კანდიდატები კიდევ ბევრნი არიან.

დღეს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი, თეა წულიკიანი შეხვდა იქ მცხოვრებ ლტოლვიელბს: „ საარჩევნო ბრძოლის პირობებში მე არანარი სხვა ინტერესი არ მაქვს გარდა მათი ინტერესისა. ჩვენ ვიმუშავებთ მათ პრობლემაზე, მოვახდენთ მათ კატეგორიზაციას და ჩემი პირობა არის, რომ თთოელი პრობლემა იქნება მოგვარებული...“
ჩემთვის ეს არ არის პოპულიზმი. არც ივანიშვილის ქველმოქმედება არაა პოპულიზმი. ეს ადამიანი რეალურად ზრუნავს ხალხზე. ამის უამრავი ფაქტი არსებობს.კრიტიკა კი, ყოველთვის საჭიროა. იგივე ზოიძე-დუმბაძის შემთხვევებშიც. მხოლოდ ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი.

ივანიშვილმა თქვა:“მე ხალს მთვარიან ვერ ჩამოვიყვან“. და ვერც მთვარეზე გადავსავთ ვერავის. ვერც იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ტვ9-ის ჟურნალისტებს ავიწროვებენ და მუშაოაბს არ აძლევენ, ვერც იმათ, ვინც კარალეთში, მერეთში და სხვაგან „ქართულ ოცნებას“ დაახვედრეს, ვერც იმათ, ვინც ქართულ ციხეებში პატიმრებს აწამებენ... ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთმანეთს დავეხმაროთ შეცდომების დაძლევაში.
ისეთ პოლიტიკურ ლიდერს ვეღირსე, რომელსაც ბოლოსდაბოლოს საკუთარი სახელის სკანირება არ მოსწონს, რომელიც საუბრობს მიტევებაზე, დაყვავებაზე. ცდილობს „მიშა-მიშა“ -ს მოყვირალ ხალხსაც გაუგოს და ადამიანებს მათდამი სიძულვილი არ გაუღვივოს. მამა-შვილურად ურჩევს ჯურნალისტ-გოგონებს, ჯერ სამშობლოზე იფიქრონ და შემდეგ ტელევიზიაზე... და რამდენი ასეთის ჩამოთვლა შეიძლება.
იმ პირობებში, როცა სააკაშვილი თვითმფრინავში შემხვედრს აეროპორტში დაშვებამდე მინისტრად ნიშნავს, ზოიძე-დუმბაძეზე ასე აღშფოთება და ყველაფერზე ხაზის გადასმა ნამვილად არ ღირს. ვიმეორებ, კარგია, რომ პრობლემებზე წერთ. თუკი, თქვენ და მე მზად ვართ შენიშვნაზე შეცდომები გამოვასწოროთ, ჩვენი ტონი და დამოკიდებულება შევცვალოთ, რატომ არ შეიძელება იგივე გააკეთოს ამ ორ ადამიანმა? არ ვიცი, ისინი ხვალ დარჩებიან კოალიციაში, თუ არა. მთავარია, რას გააკეთებენ. და ამას დავინახვათ.

პირადად მე საშინლად გამაღიზიანა ძიძიგურმა ერთ გადაცემაში თავისი ჰომოფობიური აზრებით. მისგან განსხვავებით ივანიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა სექსუალური და ეთნიკური უმცირესობის ინტერესებს. ასე რომ, ძიძიგურს მოუწევს თავისი შეხედულებების გადახედვა!
რაც პოლიტიკაში მოვიდა ივანიშვილი, მუდამ სოციალურ თემებზე საუბრობს. თუკი მოგბეზრდათ იმის შეხსენება, რა აქვს გაკეთებული მას ქვეყნისთვის, თუკი მისი პროგრამა სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვაზე, პენსიებზე, საარსებო მინიმუმზე... თქვენთის სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი, გქონდეთ და ეს ეჭვი.
ისე კი გახსოვდეთ, რომ მიშამ ძალიან მოამრავლა ზონდერები. ეს კი, უეჭველი. ;) 
პასუხი

ავტორი: სალომე ასათიანი
30.07.2012 21:50
და რატომ დაასკვენით, რომ "ყველაფერზე ხაზი გადავუსვი" და ან კოალიციის კრიტიკაა ვინმეს "თვითმიზანი"? მგონი ვეცადე იმ მხარეებზეც ბევრი მეთქვა, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად დადებითია ივანიშვილის რიტორიკაში. და არც მთვარიდან ვინმეს ჩამოყვანას ვითხოვთ. მაგრამ იგივე დუმბაძის საკითხი მე პრინციპულად მნიშვნელოვანი მგონია - ეს კაცი რესპუბლიკური პარტიიდან გარიცხეს თავისი განცხადებების გამო და ცნობილი იყო იმით, რომ ადამიანს სწორედაც ღირსება შეულახა "გენით არაქართველობის" დაყვედრების გამო. მისი არა მხოლოდ კოალიციაში დაბრუნება, არამედ ბათუმის მაჟორიტარად დასახელება ცუდი სიმპტომია - რომელზეც აუცილებლად არის რეაგირება გასაკეთებელი. არც იმაში გეთანხმებით, რომ პრობლემა მხოლოდ ეს ორი კანდიდატია. თქვენი აზრით, რა ფუნქციას შეასრულებენ საკანონმდებლო ორგანოში მსახიობები, არტისტები და სპორტსმენები? ეს კითხვები რატომ არ უნდა დავსვათ??

ავტორი: მიშა
30.07.2012 12:49
გეთანხმებით, ოპოზიციის კოალიციაში ნამდვილად "გაისმა" საინტერესო შინაარსის სოციალურად ორიენტირებული მესიჯები.

თუმცა ასევე ვიზიარებ აზრს, რომ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების სასწრაფო წესით შერწყმა ამ კოალიციასთან სერიოზულ ქითქხვის ნიშნებს აჩენს.

იმას კი ვისი მოწოდებაცაა, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, ჟურნალისტებმა კითხვის ნიშანი არ დასვან და რომ ამის დრო არ არის გავახსენებდი, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში აფინასებდა "პატივის ამყრელ" მთავრობას, მას ჰქონდა უშუალო და თან მეგობრული ურთიერთობა ერთერთ მთავარ "პატივ ამყრელთან" ბატონ ვანო მერაბიშვილთან.

ასე რომ, თუ ბატონი ივანიშვილი უკვე შეცდა მერაბიშვილში, სააკაშვილში ან ბოკერიაში რა გარანტიას იძლევა რომ პოლიტიკისთვის აშკარად შეუფერებელი პერსონებთან თანამშრომლობა იგივეს ან უარესს არ გამოიწვევს.

ეს საოცარი უნარი აქვთ ადამინებს დაგაჩქარონ და აგიკრძალონ კითხვის დასმა და წესით და კანონით ამ კითხვების მთავარი ადრესატი ქვეყნის მხსნელად მოავლინონ.

კეთილი ენება ბატონ ივანიშვილს და ასევე ბევრ ოპოზიციონერს რომელიც სულ რამოდენიმე წლის წინ ახლო პოლიტიკურ და მეგობრულ ურთიერთობაში იყო და თავად იყო ხელისუფლების ნაწილი თავის დროზე ამოეცნო "პატივის ამყრელი".
ამიტომ ძალიან უსამართლო და არა სწორია აქცენტირება თითქოს ამის დროა არა არის.

ავტორი: არმინ
30.07.2012 02:52
ავტორი: სალომე ასათიანი
29.07.2012 15:40
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
დასაწყისი
მიშას ხელში ღირსება აყრილი მხოლოდ გაღატაკაბული და ფიზიკური გადარჩენისთვის მებრძოლი ხალხია სქართველოში? ესენი არიან მოსწავლეები, მასწავლებლები, ექიმები, ხელოვნების მუშაკები, მუშები, ... რამდენი ერთი ჩამოვთვალო? გლეხებზე, ლტოლვილებზე, სხვა სოციალურად დაუცველებზე, ინვალიდებზე და სხვებზე აღარაფერს ვამბობ. მერე კი, მოევლინება კამერის წინ ერთ-ორ უაღრესად გაჭირვებულს მფარველი ანგელოზი მიხეილი და შექმნის ხალხზე მზრუნველი, ქვეყნის გადამრჩენელი ზეკაცის სახეს.

მიშამ მარტო მაგათ კი არა, საკუთარ მინისტრებსაც დააკარგვინა თავმოყვარეობა: ხან ფარშევანგებს უწოდებს და საერთოდ, როგორც უნდა ისე ელაპარაკება: „ძალიან მიგიქარავთ“, „გაზულუქებულები“... ეს, რასაც საჯაროდ ამბობს და რასაც ვერ ვხედავთ: საფერფლეების სროლა, ყვირილი, ცემა-ტყეპა... კიდევ ცალკე თემაა. ვინც მის დამცირებას არ შეეგუა, უკეთეს შემთხვევაში, სამსახური დაკარგა, ციხეში ჩაჯდა ან დარდისაგან გული გაუსკდა. მიშას ჰარამხანაზე აღარაფერს ვამბობ. თავმოყვარეობა მარტო მათ კი არა, მათ ოჯახებსაც დაკარგული აქვთ. არ ვიცი, ამ სირცხვილს როგორ გაექცევიან.

ჯერ მარტო, მიშას ჯღავილს რომ უსმენთ - თუნდაც, გუშინდელს, გორში - თავმოყვარეობა არ გელახებათ? ან მის ფანტასმაგორიულ დაპირებებზე ვერ გრძნობთ, რომ მიშას ხალხი ნახირი გონია? ასეც რომ იყოს, ქვეყნის მეთაური მათ პატივისცემით და დიდი პასუხსიმგებლობით უნდა ექცეოდეს. მიშას ელემანტარული აღზრდა არ გააჩნია. ბავშვობაში შეუსრულებელი ოცნებების რეალიზაციითაა დღემდე გართული. ჩარჩენილია ბავშვობაში და ხალხს ტანჯავს ეს ავადმყოფი. სულ გათანგა მოსახელობა!

მახსოვს, ბავშვობაში ომობანას თამაშისას, ხან რომის იმპერატორებს ვესხმოდით თავს, ხან ეგვიპტის ფარაონებს, ხან სპარსეთს და ხან კიდევ ვის. რა თქმა უნდა, ყველას ვიპყრობდით და ერთი-ორი კაიზერისთვის თავშიც კი წამოგვირტყამს.

ეს ჩემი ცოდვით სავსე პრეზიდენტიც ასე არ იქცევა? პუტინ-ლილიპუტინს მიუვარდა და სულ „კუდით ქვა ასროლინა“.
კიდევ, მეფობანას ვთამაშობდით. ვისაც რად გვინდოდა, იმად ვნიშნავდით. ასე არაა მიშაც? პრეზიდენტობანა- მინისტრობანას თამაშს ვერ შეეშვა. თუ უნდა, ხვალ ქობალიას უშიშროების მინისტრად გადააქცევს. მდგრადი განვითარების სამინისტრო ხომ გვაქვს? ახლა დასაქმების სამინისტრო ხომ დააარსა. მალე ალბათ სიზმრების მინისტრიც გვეყოლება და ა. შ. დასაქმების სამინისტროს გახსნით თუ იქმნება სამუშაო ადგილები, იქნებ, საერთოდ, თითო კაცზე თითო ბანკი გაგვეხსნა? ასეთ პარადოქსებს საზღვარი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში.


ავტორი: გ. კაციტაძე
30.07.2012 00:22
კარგია, რომ გამოფხიზლდა ხალხი და ხვდება მიშას და ნაციონალების ყალბ დაპირებებს.

ავტორი: მიშა საიდან გვწერთ: თბილისი
29.07.2012 20:16
კიდევ ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა დაბალი სამოქალაქო შეგნება შესაბამისი განათლების არ ქონის გამო, ასევე ზოგადად დაბალი დემოკრატიული შეგნება რაც აისახება სარკესავით დღევანდელ ყოფაში...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
29.07.2012 19:41
ანონიმს ვეთანხმები- ხო გვინდოდა რეკლამისტი, პიარ მენეჯერი, კაცი მქადაგებელი საქართველო ასეთია საქართველო ისეთიაო, თითქოს ვინმეს ბაგეთაგან თუ არ გავიგონეთ ქართველებმა როგორია ჩვენი ქვეყანა ისე არ ვიცით რა საუნჯე გვაბარია

ხოდა მოვიდა, მოვიდა და დაიწყო ქვეყნის მოკაზმვა მოლამაზება, რაც თავის თავად ცუდი არ არის, ოღონდ "ცოტა ტეხავს" იმ ლამაზ სარკმელებს მიღმა შიმშილის ამოღამებული თვალები რომ იმალება

სამაგიეროდ დღეს ყოველმა მოერე უცხოელმა იცის რომ გვყავს ნიჭიერი- ბევრ ენაზე მოლაპარაკე მიშა და რომ საქართველო ლამაზია

ეხლა აღმოვაჩინეთ რომ გვშია??? ხოდა მოდი ან ამას მოვთხოვოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, არა ისე თვითონ როგორც იტყუებიან- არამედ სამუშაო ადგილებითა და ხელფასებით, შრომის კანონის დაცვითა და განათლების დაფასებით

ან კიდევ გადავირჩიოთ ბატონო და ახალი მოვიყვანოთ ვინმე ვისაც ექნება გეგმა ქვეყნის განვითარებისა

და არა ისე, ოღონდ ეს არა და ვინც გინდათ ის იყოსო, რატომ? იმიტომ რომ მერე იმის გადარჩევაშიც ბევრი დრო წავა

მარა ამ გადარჩევებს ჯობია საქმე ვაკეთებინოთ პოლიტიკოსებს, მიტინგებზე ბირჟაობას სულ მოვასწრებთ

ავტორი: დ. ჩუთლაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
29.07.2012 18:46
კარგია, რომ ბოლოსდაბოლოს ცოტა უკვე გამოფხიზლდა ხალხი და უკვე ხვდება, რომ ბ. ივანიშვილი ნაციონალ-სოციალისტია.

ავტორი: GERMANE
29.07.2012 17:32
ბატონებო და ქალბატონებო, მე ხშირად დავფიქრებულვარ იმაზე, თუ როგორ გადავწყვეტთ ერთადერთ პრობლემას - ლიდერომანიას (ანუ ვიღაცის გაფეტისებას და ვიღაცის ეშმაკისეულად დახატვას).
ან კიდევ როგორ გადავწყვეტთ საქართველოს მოქალაქენი მეორე არანაკლებ მწვავე პრობლემას - პოლიტიკის გასუფთავებას პოლიტიკური ლეშებისაგან - ესენია უთვლელი პარტიები, რომლებიც გატითკაცოებულნი და ყველა ჭანჭიკს მორგებულნი არიან - მაგალიტად კუკავა-ბურჯანაძენი და მსგავსნი.
ან კიდევ, როგორ გადავწყვეტთ ასევე დიდ პრობლემას - სამოქალაქო კურაჟის უქონლობა (აქ შედის არამართმლდიდებელთა ნამდვილი ზიზღი და მათი დახატვა "დაღუპულ სულებად", უცხო გვარის ადამიანთა მიმართ ზიზღი და ამგვარნი).

მე მართალი გითხრათ და როცა თბილისის ადგილობრივი არჩევნები მოდიოდა, იმ აზრზე ვიყავი, რომ უმჯობესია არავინ არავისთან გაერთიანდეს, ყველა თავისი იდეებით და ყველა პარტია საკუთარი პროგრამით წარუდგეს ხალხს და მერე, არჩევნების მერე, ვისაც უნდა გაერთიანდნენ კოალიციად-მეთქი.
ამ არჩევნებში ნაცებმა გაიმარჯვეს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ რაღაცით მაინც მოახერხა ძალების გაერთიანება - თუმცა იმ სახიტ არა, როგორც ეს ბევრს უნდოდა - აშკარა ლიდერ-ავტორიტეტის - ალასანიას გარშემო.

ამ არჩევნების შემხედვარე და როცა ივანისვილის პირველ ორი სახალხო განცხადება ვიხილე, ვიფიქრე - აი, ივანისვილს კი ნამდვილად დავუწერდი-მეთქი მხარს, როგორც ერთპიროვნულ ლიდერს, რომელიც ყველა გამჭვირვალე და სააკაშვილთან არაკოალირებულ ოპოზიციას წინ წარუძღვება-მეთქი.
სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ივანიშვილმა მისი კურისი 2-3 კვირაში შეცვალა და გვერდით ყველა დაიყენა, ვისაც კი პიროვნულად სააკაშვილი სძულდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან 5000 ლარიანი პენსია არ დაუნიშნა სსრკ-ს სახალხო არტისტობის გამო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ივანისვილმა თავად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ შუა უნდა გაიკრიფოსო - ეს კი ნიშნავს: ვინც ჩვენ არ დაგვიდგება გვერდით, ის ჩვენს წინააღმდეგაა.
ასე იწყება ლიდერის აღზევება, განდიდება და მერე ამ განდიდებულის გადიქტატორება.

ალბათ ასე ყოფილა საჭირო - რაღაც ძირითადი პრინციპების ერთგული მაინც უდა დარჩე და ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ვერც სააკაშვილის ალიანსის და ვერც ივანისვილის ალიანსის მოგება ვერ გადაარჩენს. საქართველოს გადაარჩენს მხოლოდ ე.წ. გაურკვეველი ლიდერი ანუ ის მდგომარეობა, როცა ნაცები ასე 20-25% ს მოაგროვებენ, ივანიშვილისიანებიც ამდენივეს და დანარჩენები დაახლოებით ნახევარს.
საქართველოსნაერ ქვეყანას ღუპავს ორი პოლუსი - ღუპავს სავი და თეთრი. საქართველოსნაერ ქვეყანას რამდენიმე პოლუსი სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ივანიშვილიც - როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, ალასანიაც - როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი თავის ალიანსთან ერთად და კიდევ რამდენიმე სხვა. მე ვთვლი, რომ ალასანიებმა თავი ძიძიგურ-კუკავა-ბურჯანაძეების გვერდით არ უნდა დაიყენონ და არც გადაცხედრებული ე.წ. "კულტურული ელიტის" გვერდით. მათ უნდა შექმნან თავიანთი ხედვა, გზა და მიმართულება.
სწორედ იტალიისმსგავსი პარლამენტი თუ იქნება ჩვენი ხსნა, როცა თვეები სჭირდება 3-4 კაციანი საპარლამენტო ფრაქციების მოლაპარაკებას, რომ როგორმე ხელისუფლება ჩამოაყალიბონ.

ერთპიროვნულად გამარჯვებული - გინდ სააკაშვილი იყოს და გინდაც ივანიშვილი - საქართველოს საბოლოოდ დაღუპავს, საქართველოს მოსახლეობის მომხმარებლურ-ლეთარგიულ მენტალიტეტს საბოლოოდ გაამყარებს და ბოლოს ისე მოხდება, რომ მოხუცებისა და ბავშვების მერე ნებისმიერი ზრდასრული მოითხოვს უფსო სამედიცინო დაზღვევას, ცხოვრებისათვის აუცილებელი თანხის სახელმწიფოსაგან მიღებას, მერე უფასო გაზს და დენს, მერე ავტობუს-მარშუტკებით უფასო მგზავრობას, მერე მიწის გადასახადის გაუქმებას ქართველებზე და ა.შ.
სწორედ ამ მიმართულებით მიდის ორივე მხარის -სააკაშვილისა და ივანისვილის დაპირებათა კასკადი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თავისუფალ არჩევანშია. იმ დაპირებების წყალობიტ კი, ასე უხვად რომ იძლევა ახლანდელი ორივე პოლუსი, ზედმეტია საუბარი თავისუფალ არჩევანზე.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: paris68
29.07.2012 16:19
"გადადექი" და დემონსტრაციები არაეფექტური ქვის ხანაა, რომელთაც მაქსიმუმ რუსეთის სამხედრო ბაზების რამდენიმე კილომეტრით ჩრდილოეთით გამწევი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოყვანა შეუძლიათ. გარდაქმნა უნდა მოხდეს აზროვნებაში, კომუნიკაცია ინტერნეტში. თუ ხალხი ითხოვს ნაპოლეონს, ოდესმე ოლანდიც იქცევა ნაპოლეონად. ჩვენ სააკაშვილისგან დემოკრატიულობას კი არა რეკლამას ვითხოვდით, რომელიც გვეუბნება, რომ კარგად ვართ, მაშინაც კი, როცა ცუდად ვართ.
დასასრულს ორიოდე პარალელი: http://www.youtube.com/watch?v=_OZ3SOFJOGk&feature=youtu.be
http://www.youtube.com/watch?v=Rgmh3GyfJs4&feature=relmfu

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
29.07.2012 13:50
არმინ

თავის დროზე შევარდნაძის გასაგდებად სააკაშვილის ვინაობა და რაობა არ ვიკითხეთ, ოღონდ ედიკა არ იყოსო და მიშა სულ შალახოს ცეკვით მოვიყვანეთ, 96% და ცრემლმორეული ჩაკოცვნა-დახვედრებით

ისე დაიწყო ამ უკანასკნელმა პრეზიდენტობა რომ არც კი უთქვამს რა ტიპის ქვეყანას ვაშენებდით, ფასადების და შადრევნების შენებისას მშიერ ადამიანებზე საუბარიც კი აღიზიანებდა და აღიზიანებს ეხლაც

ეხლაც იგივე გავაკეთოთ? ოღონდ მიშა არა და მერე რამე იქნებაო? ხო არ აჯობებდა უფრო აზრი დაგვეტანებია საქციელისთვის და მომავალი მთავრობისთვის სამოქმედო გეგმები და მათი შესრულების გარანტიები მოგვეთხოვა?

თორემ ეჭვი მაქვს ისეთივე "გადადექი" გვექნება ახალი მთავრობის პირობებში როგორიც მიშას არჩევიდან 6-7 თვეში გვქონდა

ხოდა ვიყოთ ასე მოდი-წადი-მოდი რეჟიმში და ოდესმე ბანანის ხეც გაიხარებს ჩვენში

ავტორი: არმინ
29.07.2012 12:59
სალომე, სოციალურ თემები კი არა, ღირსება აყარა შლეგმა მიშამ ყველას. თქვენი ვარაუდები ზოიძე-დუმბაძის ჩარჩოებს ვერ სცდება. ესაა დღეს მთავარი? ძალიან კარგია, რომ აკრიტიკებთ. ძალიან ბევრმა არც იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ხვალ ისინი, შეიძლება კოალიციაში აღარ იყვნენ. როცა მიშა გყავს პრეზიდენტად, ჯერ იმაზე იზრუნეთ, რომ ეს ჭირი მოშორდეს ქვეყანას.
გულუბრყვილობა იქნება, პოლიტიკა და პოპულოზმი ერთმანეთისგან რომ გაყო.
"და თან, როგორც სჩანს, ამგვარი სოციალური პოპულიზმი შეერწყმება დუმბაძის და მისი თანამოაზრეების იაფფასიან, სიძულვილით გაჟღენთილ ნაციონალისტურ შოვინიზმს."
გაუგებარია, რას გულისხმობთ. შეერწყმება თუ უკვე ჩანს?

"იმ დამტკბარი, ქედმაღალი, პათეტიკური და მელოდრამატული ინტონაციის გახსენებაც კი არ მინდა, რომლითაც..." სალომე, შეიძლება ეს მართლაც ასე იყო. არ გეკამათებით, მაგრამ , უკაცრავად და ასეთი ტონი ზუსტად თქვენთვისაა დამახასიაებელი.
"მგონი, სულ ტყულიად..." "მე ეჭვი მაქვს..." ძალიან ბევრი "მე"-ებია თვქენს ნაწერებში. ძალიან ნუ აპროფესორებთ, რა. ეს ჩემი რჩევა იქნებოდა. ისე კი, მოიქეცით, როგორც გენებოთ.
პასუხი

ავტორი: სალომე ასათიანი
29.07.2012 15:40
"ღირსების აყრას" და სოციალური თემების უგულებელყოფას - მაგალითად, გაღატაკებული ხალხის ფონზე გრანდიოზული შადრევნების გახსნას - შორის მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ფიზიკური გადარჩენისთვის მებრძოლი და სასოწარკვეთაში დატოვებული ადამიანები სწორედაც ღირსებააყრილნი არიან, ჩემი აზრით. რაც შეეხება ზოიძე-დუმბაძეს - დღეს ისინი კოალიციაში არიან, და ამაზე აუცილებლად უნდა დაიწეროს. ხვალ თუ აღარ იქნებიან, ძალიან კარგი. ან რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ქსენოფობი ხალხი აღარ იქნება? იქნებ პირიქით მოხდეს და პროგრესული და პროფესიონალი ადამიანების გავლენა შესუსტდეს, "კულტურული ელიტის" წარმომადგენლების და ასლან აბაშიძის ყოფილი თანამებრძოლების როლის გაზრდის ფონზე? დღევანდელი მთავრობის უამრავი ნაკლი არანაირად არ აფერმკრთალებს იმ პერსპექტივას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის მოსურნე პოლიტიკოსებმა საქართველოს მოქალაქეებს ეთნიკური და გენეტიკური "სისუფთავე" გაურჩიონ და დააყვედრონ. წერის ტონი გემოვნების ამბავია. ბლოგი - როგორც ჟანრი - გულისხმობს სუბიექტური პოზიციის და "მეს" ხაზგასმას. მელოდრამაზე კი ნამდვილად დავფიქრდები. ძალიან საწყენია თუ ასეთად მოგეჩვენეთ - ვეცდები მომავალში გამოვასწორო.

ავტორი: ავტორი :))))
28.07.2012 23:56
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
23.07.2012 22:34 კიდევ არის ბევრი ნიუანსი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

მაგალითად ის რომ ქართველებმა არ ვიცით და არც გვინდა ვისწავლოთ კამათი

საკმარისია ვინმეს არ დაეტანხმო და ის უკვე მზადაა ტყვია დაგახალოს შუბლში, შეწინაარმდეგება აღიქმება პირად შეურაცხყოფად

აქედან გამომდინარე სარი აზრის წარმოჩენა შეუძლებელია, ან ვის სჭირდება საღი აზრი

მთავარია ჩემი აზრი გამეფდეს და სხვა რას ფიქრობს და რას გირჩევს ეგ მხოლოდ ლანძღვის საგანია

ასე იქცევა ერიც და ბერიც და შესაბამისად მთავრობაც

ეს ფორუმიც და მისი კომენტარებიც ამის სასწაული მაგალითია

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: tbilisi
28.07.2012 22:36
ძალიან სასაცილოა ბიძინას კაცთმოყვარეობაზე საუბარი, პირველი იმიტომ რომ ამ კაცს ფაქტია ძალიან ბევრი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული და ეხლა იმის მტკიცება რომ კეთილი კაციაო სისულელეცაა მე რომ მკითხოთ

ასევე აძახეს მიშაზეც- კაცთმოყვარეაო, კეთილიაო, სათნოაო, ედიკა სძულსო, გადააგდოო და ეხლა ქართველ ხალხს დაუბრუნა მმართველობაო- ლამის იყო წმინდანად შერაცხეს ჯერ კიდევ მანამ სანამ 96%ით გავამარჯვებინეთ არჩევნებში

ამაშია ზუსტად ჩვენი ხალხის სისუსტე რომ პატერნალური დამოკიდებულება აქვს ყველასთან ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს რომ ხალხს უნდა მივხედოთ

ბიძინა იქნება თუ მიშა თუ ობამას გვაჩუქებენ ამერიკელები: თუ ჩვენ თვითონ არ ვმართეთ ჩვენი ხელისუფლება ისე არავინ არაფერს გააკეთებს ჩვენთვის

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: paris68
28.07.2012 21:42
ძალიან მომეწონა სტატია. მიხარია, რომ არ ჩათვალე,თ რომ "წყაბელიაზე უკვე ითქვა საკმარისი" და ეხმიანებით ამ ამაზრზენ ინციდენტს. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ რიგითი შემთხვევა იყო, მაგრამ სწორედაც რომ რიგითი ეპიზოდები ცვლიან ისტორიას, როგორც საკკო და ვანცეტი აშშ-ში, ფორმოსუს პროცესი რომში და იმედია ფუსი რაიოტი რუსეთში.
პასუხი

ავტორი: სალომე ასათიანი
28.07.2012 23:16
დიდი მადლობა. ამბავს რაც შეეხება, იმდენად თავზარდამცემია, რომ არ ვიცი ოდესმე თუ შეიძლება "საკმარისი" ითქვას. პირიქით. ბევრად მეტს და ბევრად უფრო მწვავედ უნდა ვლაპარაკობდეთ ამაზე. ყველანი.

ავტორი: კახა საიდან გვწერთ: თბილისი
28.07.2012 15:51
ჩვენი პრობლემა არ არის რელიგია და ტრადიციები. ჩვენი პრობლემაა მთავრობა.

ავტორი: ავტორი
28.07.2012 14:31
ძალიან მიხარია, როგორც კი ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა და მისი საუბარი გავიგეთ, ყოველ დღე გვემატება იმედი. მასზე ბევრმა არც არაფერი იცოდა. გვეგონა მიშა აკეთებდა ყველაფერს... ახლა გავიგეთ სიმართლე და ივანიშვილის ხმაც. მისი საუბარი ძალიან პოზიტიურია იმიტომ, რომ ამ კაცს პირველ რიგში ადამიანი უყვარს.

ავტორი: ანონიმი
28.07.2012 13:03
კარგი სტატიაა. ალტერნატივის პრესსპიკერი საკმაო განაცხადია ამ მოძრაობის ეჭვის ქვეშ დასაყენებლად.

ავტორი: maradi საიდან გვწერთ: tbilisidan
28.07.2012 10:49
სალომე, კარგი სტატიაა და ანალიზიც მშვენიერი, მაგრამ ალბათ ჯობდა უფრო თამამად დაგერქმია სახელები მოვლენებისთვის. ერთ მხარეს არის სრული ერთმმართველობა, საშინელი უსამართლობა, ადამიანის უფლებების უკიდეგანო დარღვევა, ცინიზმი და ტყუილი, ხოლო მეორე მხარეს არის ისეთი ღირებულება, როგორიც არის ჰუმანიზმი და ადამიანების სიყვარული. დანარჩენი დროის და ტექნიკის საქმეა და იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა დალაგდება. აბა რა გინდათ, უცებ ვერ ვიქცევით უმაღლესი დემოკრატიის ქვეყნად. საზოგადოება ამისთვის ნამდვილად არ არის მზად. დრო და მოთმინებაა საჭირო და თქვენნაირი ადამიანების უფრო აქტიური მონაწოლეობა პროცესებში.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.07.2012 10:28
ძალიან მეცინება, როგორც კი ივანიშვილმა ხმა ამოიღო მომენტალურად ყველას ყველა იმედი გაუქრა რაც ამ ადამიათან მიმართებაში ქონდათ :)

თან განა რამე ისეთი თქვა, ან ნატოზე ან ევროკავშირზე :) არა უბრალოდ ფულის ნაცვლად თვითონ ამეტყველდა და...

ვაი ჩვენ დღეს

ავტორი: GERMANE
28.07.2012 03:13
სალომე, მართალია, რომ ორივე მხარე აკრძალულ ხერხებს მიმართავს მანიპილაციისათვის, მაგრამ, ერთი რამეა განსაკუთრებული:
ხელისუფლება აშკარა უკანონობას ჩადის, როცა აYადაღებს დამოუკიდებელი და კომერციული ფირმების საქონელს - მაგალიტად მაესტროს სატელიტებს - სატელიტს რომ ჩუქნის რომელიმე ტელევიზია, ეს მისი რეკლამაა და ამით თავის მსმენელ-მაყურებელს ავერბოვკებს, რითაც ავტომატურად რეკლამის ფასებს ზრდის (მეტი მაყურებელი-უფრო ძვირი რეკლამა). ამიტომაც ამგვარის პოლიტიკურში განხილვა და წარმოჩენა როგორც ამომრჩევლია მოსყიდვად - ეს უკანონობაა და დანაშაულებრივია. ეს ფაქტი არის მომხმარებლის მოსყიდვა, გამოიყენოს პროდუქტი "მაესტრო" და ამის უფლება ყველა მეწარმეს აქვს - მოგცეს შეღავათი, რომ იყიდო რაღაც. გაჩუქოს 5 ლარი და ამით ასი გამოიმუშავოს - ეს ჩვეულებრივი ბიზნესია.

მეორე დანაშაულებრივი საქმეა საბანკო ანგარიშების დაყადაღება. გინდ კალაძე და გინდ ვინც უნდა იყოს, სამართლებრივად კონფორმი ბანკის ანგარისიდან საკუთარ ფულს გინდ გამოიტანს და გინდაც გადარიცხავს - ეს არავისი საქმე არაა. სენ თუ დაუმტკჯიცებ რომ ეს ფული ამომრჩეველს მისცა და უთხრა ამის საფასოდ ხმა მომეციო - ეს კიდევ სხვაა. ნებისმიერ პირს აქვს უფლება საკუთარი საბანკო ანგარიში გააუქმოს და ფული მუთაქაში შეინახოს. სახელმწიფო, რომელიც მოსახლეს და მოქალაქეს ამას უკრძალავს არის ყაჩაღი და კრიმინალი, უბრალოდ რეკეტიორი და არა რაიმე პოლიტიკურად დიქტატორული. ეს უბრალო დაყაჩაღებაა და ამას მხედრიონის ყაჩაღობებს თუ შევადარებთ.

ამიტომაც, სახელმწიფოს საქციელის შედარება ივანიშვილის ან საერთოდ ოპოზიციის თვალთმაქცობასთან ან პოპულიზმთან უბრალოდ არის სახელწიფო ყაჩაღობის რელატივირება და უბრალო ლაპალიად წარმოჩენა.
ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ნაც-მოძრააობის ხალხს რომ ახლა ჭკუა ჰქონდეს, არ იყვნენ ისე გონებაჩაკეტილნი, როგორიც არიან, ახლა ქუჩაში უნდა გამოდიოდნენ სამართლიანობის მოთხოვნებით. მათ ხომ კარგად იციან - ხვალ მათი ჯერი დადგება. ამიტომაც, თუკი ისინი დღეს ივანიშვილის ქონების გადარჩენისათვის იბრძოლებენ, ეს არის ბრძოლა მათივე ქონების დასაცავად.

მაგრამ, ამდენი ტვინი ვინ მისცა არათუ მიშას ნაცებს, არამედ საერთოდ ქართველებს? იმ დუმბაძისა არ იყოს, ალბათ გენეტიკაში გვიზის სიბეცე, მონათმორცილი ქცევა, ვიღაცისადმი (გინდ ეკლესია იყოს და გინდ მეფე-დიქტატორი) დამონება. იმ ბატონ დუმბაძეს ვურჩევდი ქართველობის ეს ერთ-ერთი უეჭველი მადასტურებელი თვისება - სიბეცე და ორივე თვალით დაუნახაობა გამოიყენოს ქართველობის გენის არსებობის დამადასტურებლად - აი ეს უფრო აჯობებდა. პროცენტუალურად მეტ ქართველს გამოარჩევდა ამ "გენეტიკურად აღრეული" ქართველი მოსახლეობის მასიდან და ეცოდინებოდა ვინაა ნამდვილი ქართული გენის მატარებელი.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.07.2012 00:12
სალომე, ძალიან ძალიან დიდი მადლობა რომ ამ უაზრო პოლიტიკურ რეალობას რაც საქართველოში ხდება, ასე ლამაზად და თანწყობილად მოუკარი თავი და ამ წერილად აქციე

მთელი ჩვენი უბედურებაც იმაშია რომ მიშას მოსვლიდან რამდენიმე თვეში "შეწყდეს წუწუნი" გაისმა სამთავრობო არხებიდან

ამას მოყვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ: თქვენ წყნარად იყავით, ჩვენ მივხედავთ საქმეს- დამოკიდებულება, ვინ ჩაგახედებს ბიუჯეტის ხარჯვის საკითხებში, საიდან მოაქვთ და სად მიაქვთ თანხები არავინ იცის, ან იცის და ვერ ამბობს

ყველაზე მტკივნეული მაინც ჩვენი ხალხის დამოკიდებულებაა "საწყალი როგორ უჭირს"- ამგვარი ოჯახებისადმი- სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი- დამოკიდებულება რომელიც სამარცხვინოა

ბიძინას "ბუმაჟნიკობამ" და "დაგაპურებთ ნუ გეშინიათ" პოლიტიკამ საერთოდ სასაცილო ზღვარს მიაღწია

დიდი გაუგებრობაა ჩვენ სამშობლოში და ყველაზე ცუდი ის არის რომ დრო მიდის და ღირებულს ვერაფერს ვშვრებით ქართველები საქართველოსთვის

ყველაზე პოპულარული