Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გონიოში 271 ოჯახი ელოდება მიწაზე საკუთრების უფლების აღდგენას


გონიო
გონიო

გონიოს ადგილობრივი მოსახლეობა მიწის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს. 14 ივნისს მათ ბათუმის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისინი ითხოვენ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გონიოს მიწების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. კომისიის წევრები გონიოს ადგილობრივ მცხოვრებთ საკითხის გადაჭრას მომდევნო კვირაში, 21 ივნისს, დაჰპირდნენ. მიუხედავად ამისა, გონიოელები ამ დრომდე ბათუმის საკრებულოსთან რჩებიან.

15 ივნისს ბათუმის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა მოსახლეობის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. გონიოში მცხოვრები მოქალაქეები მოითხოვდნენ იმ დოკუმენტის გაუქმებას, რომლის მიხედვით, 2010 წელს მათ ხელისუფლებამ მიწები ჩამოართვა. კომისიის წევრები დოკუმენტის გაუქმებაზე შეთანხმდნენ. საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ ლევან კინწურაშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და მას მომდევნო კვირაში გააფორმებენ:

„ჩვენი გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნება ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის დადგენილება. ეს ყველაფერი დაიწერება ოქმში. რამდენიმე დღეში მიწის კომისიის საბოლოო სხდომა გაიმართება და ამ ოქმს მოეწერება ხელი“, განაცხადა ლევან კინწურაშვილმა.

საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება საკრებულოს შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს გააცნო, თუმცა გონიოს მოსახლეობისთვის ეს დაპირება საკმარისი არ აღმოჩნდა. ისინი საკრებულოს შენობასთან ე. წ. მჯდომარე აქციას მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე საკუთრების აღიარების კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტურად არ დაადასტურებს:

„დაშლას არა, მომატებას ვაპირებთ! ორასი, სამასი კაცი დაგვემატოს უნდა. იმიტომ რომ ჩვენ მივესალმებით, სამშაბათს რომ იქნება გადაწყვეტილება, იმიტომ არის აქ ხალხი და ღამეებს ათენებს, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა”...

„აქ უნდა ვიჯდეთ სამშაბათამდე, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება“...

„აქამდე წელავდნენ დროს, რეალურად მონდომებულები რომ იყვნენ, პროცესის დასრულება ამ კვირაშიც შეიძლებოდა. დღეს შეჯერდნენ. ხვალ საბოლოო სხდომა ჩაეტარებინათ, მოეწერათ ხელი“...

„ ვოცნებობდით, რომ მიწებს დაგვინაწილებდნენ და ერთი-ორი ლუკმა პურის ფული ჩვენც გვექნებოდა, წესიერად და ნამუსიანად ვიშრომებდით, მაგრამ ტყუილის მეტი არაფერი გაგვიგონია ამ მთავრობისგან. დავიღალეთ! გზაც გადავკეტეთ, ვიშრომეთ, ვიომეთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ველოდებით, იქნებ ვინმემ ინამუსოს“.

„ჩვენ გვინდა ლეგალურად ვიცხოვროთ. ეს ყველა ქვეყანაში მოხდა, ამას ამნისტია ჰქვია.. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფლობს მიწას საკუთრებაში, ტოლფასია საკუთრების. პირდაპირ წერია, ხელი ამათ მოაწერეს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

გონიოში მცხოვრებ ენვერ ირემაძეს კუთვნილი მიწა ექვსი წლის წინ ხელისუფლებამ ჩამოართვა, მას შემდეგ მიწის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს. საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში დავის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, პასუხი კი წერილობით მიიღო:

„მომივიდა სტრასბურგიდან შეტყობინება, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაამყარა კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფოსთან და აცნობა, რომ შემოსულია საჩივარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მორიგებას მომჩივანთან, ამიტომ დაამყარეთ კომუნიკაცია მომჩივანთან და მიიღეთ გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მეც მაცნობა სტრასბურგის სასამართლომ, სადაც წერია, რომ იგი დაელოდება სახელმწიფოს პასუხს და მაცნობებს მე და ამის შემდეგ მე უნდა ვაცნობო, ვაგრძელებ დავას თუ არა, რომ გადაეცეს ზედა პალატას განსახილველად. მე მეგონა, რომ რადგან სტრასბურგის სასამართლომ ასეთი შეტყობინება მოგვწერა, ხელისუფლება დააჩქარებდა საქმის განხილვას და მეც მივწერდი სტრასბურგის სასამართლოს, რომ ვწყვეტ დავას სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვინაიდან სახელმწიფომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა. ეს სახელმწიფოს პლუსიც იქნებოდა, დემოკრატიულიც იქნებოდა და ადამიანურიც იქნებოდა“, ამბობს ენვერ ირემაძე.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გარდა, გონიოელებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმეორედ მიმართეს. ქვეყნის ორი ინსტანციის სასამართლომ გონიოს მიწების საკითხის განხილვა ბათუმის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას დაავალა, თუმცა კომისიამ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში 7 ივნისს გაასაჩივრა. გონიოელების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ნინო სიორიძე იცავს, რომელიც ამბობს, გაუგებარია რატომ მიმართა კომისიამ სასამართლოს, თუ მოქალაქეებისთვის მიწების დაბრუნებას აპირებს.

„აბსურდულია, პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებას ვაწარმოებდეთ მხარესთან და თან დავა გვქონდეს გვერდით. ან ერთი უნდა არსებობდეს, ან მეორე. ერთმანეთის გამომრიცხავი ორი მდგომარეობაა. იმ შემთხვევაში, თუ კომისია იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს სამშაბათს გადაწყვეტილებას, მაშინ მან უნდა გაიხმოს საკასაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ძალიან სერიოზული რისკი. დავუშვათ, დააკმაყოფილა ამ კომისიის საჩივარი, გამოდის, რომ კომისია ამ ადამიანებს რაღაცას უკმაყოფილებს და აგერ უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ არასწორად იქცევა. თუ დარჩება დავა უზენაეს სასამართლოში, მაშინ აბსურდული იქნება მათი დაპირება და გადაწყვეტილებაც. ან ერთი გზით უნდა იმოქმედონ, ან მეორეთი, რომ არ დააბნიონ მოქალაქეები“, ამბობს ნინო სიორიძე.

გონიოში მიწის საკუთრებაში დაბრუნებას 271 ოჯახი უკვე ექვსი წელია ელოდება. მიწები, რომლითაც ისინი იჯარით სარგებლობდნენ, 2007 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებამ საკუთრებაში გადასცა, სამი წლის შემდეგ კი, ხელვაჩაურის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის დადგენილებით, მესაკუთრეებს მიწები ჩამოართვეს. სწორედ ეს დადგენილება უნდა გააუქმოს ბათუმის საკრებულოში შექმნილმა კომისიამ 21 ივნისს ჩანიშნულ სხდომაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს გონიოს მოსახლეობა მიწა საკუთრებაში დაარეგისტრიროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG