Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იცის სახელმწიფომ თავისივე საკუთრების შესახებ


ასფალტის ერთ-ერთი ქარხანა
ასფალტის ერთ-ერთი ქარხანა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანიების, შპს-ებისა და სააქციო საზოგადოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეისწავლა. ანგარიშში მოხვდა ის 264 კომპანია, რომლებიც სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია. რა იცის სახელმწიფომ თავისივე საკუთრებაში არსებული კომპანიების საქმიანობისა და მართვის შესახებ?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევაში მოხვდნენ კომპანიები, რომელთაც სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო განკარგავს. კვლევაში საუბარია ამ საწარმოებში მენეჯერული რგოლის დანიშვნაზე, საწარმოების ონლაინგამჭვირვალობაზე, შიდა რეგულაციებზე, რომლებიც, ანტიკორუფციული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დოკუმენტებია. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე ამბობს, წლიდან წლამდე მცირდება იმ საწარმოების მოგება, რომელთაც სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო მართავს. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს, ერთი მხრივ, მკაფიო რეგულაციების შემოტანაზე, მეორე მხრივ, იმ საწარმოების ლიკვიდაციასა და კერძო სექტორში გადატანაზე, რომლებიც პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს, მით უმეტეს, რომ საუბარია, ჯამში, დაახლოებით მილიარდი ლარის ქონების საწარმოებზე:

„სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე საქართველოში არ არსებობს მკაფიო დოკუმენტები, რომელიც ამ საწარმოების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, არ არსებობს დეტალური ანგარიშგების სისტემა. საუბარია ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის და ღიაობის თვლსაზრისით: არ ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაცია. ეს რომ პრობლემაა, აღიარებული აქვს თავად სახელმწიფოს და ანტიკორიფციულ სტრატეგიაში ჩადებულია როგორც ვალდებულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწარმოების დიდი ნაწილი არის წამგებიანი და ამ საწარმოების შენახვა ცალკე მნიშვნელოვანი ხარჯია სახელმწიფოსთვის და ასევე არ არსებობს ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ საწარმოებში. ეს მუდმივად ცვალებადი ციფრებია და როდესაც აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი, საწარმოებში ცალკე პრობლემები გამოიკვეთა, რომლებიც ამ საწარმოების ეფექტურობასთან არის დაკავშირებული“.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანიების მართვის კუთხით მუშაობის ეფექტიანობაზე საუბრისას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი წიწილაშვილი ამბობს, რომ 2014 წელს ჩატარებული ეფექტიანობის აუდიტის საფუძველზე გამოიკვეთა პრიორიტეტულობის პრობლემა, ანუ რა შემთხვევაში უნდა ფუძნდებოდეს და რა შემთხვევში არა სახელმწიფო საწარმო, ეს გააზრებული არ არის. არის მეორე პრობლემაც. ეს შეეხება ანგარიშგების სისტემას, ანუ არის თუ არა ინფორმირებული სახელმწიფო იმის თაობაზე, თუ რა ქონებას ფლობენ ეს საწარმოები, რა მოგება აქვთ და, საერთოდ, რას საქმიანობენ ისინი. აუდიტის თანახმად, 76 საწარმო საერთოდ არ იყო ქონების მართვის სააგენტოს ნუსხაში შეტანილი, ამბობს ირაკლი წიწილაშვილი.

ეფექტიანობის აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო რეპორტინგის სისტემა, რომელიც დანერგილი უნდა იყოს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსა და ცალკეულ უწყებებს შორის. ეს რეპორტინგის სისტემა დანერგილია და ხდება ინფორმაციის მოძიება მართვის უფლებით გადაცემულ საწარმოებთან დაკავშირებით...
გიორგი ზღუდაძე

„სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, ჩვენ მიერ გაცემული, იმისკენ მიმართული, რომ ანგარიშვალდებულება და ანგარიშგების სისტემა ამუშავდეს. დღევანდელი რეალობით, არის საწარმოები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროში წარადგენენ ფინანსურ ანგარიშგებებს, მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც ამას არ აკეთებენ ან არც აქვთ კომპეტენცია, რომ გააკეთონ. სწორედ ამაშია საქმე, რომ ინფორმაცია იყოს კონსოლიდირებული ეკონომიკის სამინისტროში კვარტალურად და ყოველწლიურად, რომ იყოს საშუალება მათი შედეგების შესაფასებლად. პრობლემა კომპლექსურია, მაგრამ იწყება ეკონომიკის სამინისტროდან ამ ყველაფრის გადაწყვეტა და ინიცირება უნდა დაიწყოს თავიდან და ეს თავი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს, სახელმწიფო საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ზღუდაძე კვლევაში მოცემულ ინფორმაციას ობიექტურს უწოდებს და ამბობს, რომ სააგენტოში წლების განმავლობაში დაგროვდა პრობლემები, თუმცა ბევრი პოზიტიური შედეგია მიღწეული ამ საწარმოების მართვის თვალსაზრისით სახელმწიფო მართვაში. გიორგი ზღუდაძის თქმით, სახელმწიფო აპირებს იმ კომპანიების მაქსიმალურად შემცირებას, რომლებიც პროფილურად არ მუშაობენ და მათი მოგება მხოლოდ ქონების იჯარაზეა დამოკიდებული:

„ეფექტიანობის აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო რეპორტინგის სისტემა, რომელიც დანერგილი უნდა იყოს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსა და ცალკეულ უწყებებს შორის. ეს რეპორტინგის სისტემა დანერგილია და ხდება ინფორმაციის მოძიება მართვის უფლებით გადაცემულ საწარმოებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მომგებიან საწარმოებს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო მუშაობს ამ საწარმოების მომგებიანობის გაზრდის კუთხით, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ საწარმოების პრივატიზების კუთხითაც აქტიური მუშაობა ხორციელდება“.

სახელმწიფოს კუთვნილი და არამომგებიანი კომპანიების პრივატიზაციის პროცესში არსებული პრობლემების გარდა, მომგებიანი კომპანიების სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალებულების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი. მისი თქმით, 100 პროცენტით სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ფოსტა“ 2011 წლის შემდეგ სახელმწიფოს საერთოდ არ აწვდიდა ინფორმაციას ფინანსური ანგარიშების თაობაზე:

„თავის დროზე მოთხოვნილი გვქონდა „საქართველოს ფოსტის“ ბალანსები და აღმოჩნდა, რომ „ფოსტა“, უბრალოდ, არ აგზავნიდა ამ ბალანსებს და ან სხვა ანგარიშებს ეკონომიკის სამინისტროში. ეს არის 100 %-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია. ინფორმაცია მხლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ იქ შევიდა სახელმწიფო აუდიტი. მაგრამ არ შედიოდა, ესეც ხომ ფაქტია, ანუ კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობდა ამ სექტორზე. ეს გამიზნული იყო თუ არა, სხვა საკითხია“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთვის უცნობია, თუ რამდენი თანამშრომელია დასაქმებული მის კუთვნილ საწარმოებში და რამდენი მათგანია მომგებიანი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG