Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო, ნატო და ევროკავშირი ერთმანეთს ერთგულებას უდასტურებენ


ირაკლი ღარიბაშვილი, დიმიტრის ავრამოპულოსი
ირაკლი ღარიბაშვილი, დიმიტრის ავრამოპულოსი

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, შემადგენლობის განახლების შემდეგ პირველად მართავს შეხვედრებს ბრიუსელში – ევროკავშირისა და ნატოს სარბიელებზე. ცალკეული ორმხრივი შეხვედრების გარდა, 17 ნოემბრის დღის წესრიგში იყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან.

ნატოს გენერალური მდივანი კმაყოფილია საქართველოს პრემიერის „გასაგები“ განმარტებით, რომ საქართველო მტკიცედ მიისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის. 17 ნოემბერს ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა საქართველო ერთგულ და პასუხისმგებლობით აღსავსე პარტნიორად მოიხსენია; გარკვევით თქვა, რომ ალიანსის ბოლო სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტი“ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანთან დააახლოებს. ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ძალაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, როცა ის დააკმაყოფილებს ალიანსის სტანდარტებს. ამ ჭრილში აღინიშნება, რომ, ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოს კვლავაც მოეთხოვება დემოკრატიული რეფორმების პროცესის გაგრძელება, რაც მოიცავსკანონის უზენაესობის განმტკიცებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას.რაც შეეხება არსებით პაკეტს, ამ შემოთავაზების შესახებ მეტის თქმა 2015 წლის თებერვალში, ნატოს მინისტერიალის კვალდაკვალ გახდება შესაძლებელი. მანამდე კი ნატოს გენერალური მდივანი მტკიცე პრინციპულ შეთანხმებაზე ლაპარაკობს:

„ვაპირებთ განვახორციელოთ პაკეტი, რაზეც შევთანხმდით უელსის სამიტზე. ეს პაკეტი გააძლიერებს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს. ის შეეხება ტრენინგებს, ის შეეხება წვრთნებს, ის შეეხება ნატო–საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნას... ჩვენ ამას იმის გამო ვაკეთებთ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს. ეს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაა და მათ უნდა გადაწყვიტონ როგორ განავითარებენ თანამშრომლობას“.

მინდა გამოვხატო ღრმა შეშფოთება და წუხილი, რომ, რუსეთისადმი ჩვენი კონსტრუქციული მიდგომების მიუხედავად, რუსეთის მხარე არ პასუხობს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით...
ირაკლი ღარიბაშვილი

სამომავლო თანამშრომლობისთვის მტკიცე მზადყოფნა გამოხატა საქართველოს პრემიერ–მინისტრმაც და იქვე ხაზი გაუსვა იმედს, რომ ალიანსი ყურადღებას არ მოადუნებს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მისამართით. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, არის რუსეთ–საქარეთველოს აგვისტოს ომის გაგრძელება და, ამასთან, რუსეთი საქართველოში კვლავაც განაგრძობს ძველებურად მოქმედებას:

„მინდა გამოვხატო ღრმა შეშფოთება და წუხილი, რომ, რუსეთისადმი ჩვენი კონსტრუქციული მიდგომების მიუხედავად, რუსეთის მხარე არ პასუხობს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით. რუსეთი განაგრძობს დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რაც მიზნად ისახავს აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო ანექსიას და, სავარაუდოდ, ასეთივე ვითარებაა ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ ალიანსის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“.

ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავდნენ, ასევე ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს თავიანთი კეთილგანწყობა. ისინი მიესალმნენ საქართველოს გადასვლას ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე იმ ფაქტის კვალდაკვალ, რომ ქვეყანამ წარმატებით დაასრულა სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა. ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ დასკვნაში 17 ნოემბერს აღნიშნეს, რომ საბჭო კვლავაც ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის მიზნისადმი, რისთვისაც უნდა შესრულდეს სამოქმედო გეგმაში ასახული პირობები კარგად ორგანიზებული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და, კერძოდ, სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას მიესალმება ასევე ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი, რომელიც ამ პოსტზე მუშაობას 1 ნოემბრიდან შეუდგა. 17 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მან მზადყოფნა გამოხატა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის წარმატებით განხორციელების საქმეში.

ჩვენ 24 ნოემბერს უკვე გამოგვიგზავნიან შეფასების პირველ მისიას მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც შეამოწმებს, თუ როგორია ჩვენი დოკუმენტები – არის თუ არა ისინი უსაფრთხო, როგორ ვიცავთ პერსონალურ მონაცემებს...
თეა წულუკიანი

საქართველოს მონდომების დასტურად გადადგმულ ნაბიჯებში ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმისა თუ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის დამტკიცება.

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას საქართველოს მთავრობა უკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგ სამიტს, რომელსაც მომავალი წლის გაზაფხულზე ლატვიის დედაქალაქირიგა უმასპინძლებს. მართალია, ამ სამიტის შემდეგ მაშინვე არ დაიწყება უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ამ პროცესამდე დიდი დრო აღარ იქნება დარჩენილი. წინასწარი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ეს 2016 წლიდან იქნება შესაძლებელი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც 29 ოქტომბერს საქართველომ წარმატებით დახურა ვიზების ლიბერალიზების პროცესის პირველი ფაზა, მთავრობა ახლა ახალი ეტაპის წარმატებაზე ზრუნავს:

„ჩვენ 24 ნოემბერს უკვე გამოგვიგზავნიან შეფასების პირველ მისიას მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც შეამოწმებს, თუ როგორია ჩვენი დოკუმენტები – არის თუ არა ისინი უსაფრთხო, როგორ ვიცავთ პერსონალურ მონაცემებს. ამას მოჰყვება კიდევ ორი ან სამი დამატებითი მისია გაზაფხულამდე“.

ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების პერსპექტივებზე მსჯელობდნენ 17 ნოემბერს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. საბჭოს სხდომას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფრედერიკა მოგერინი უძღვებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, დღის წესრიგში იყო მსჯელობა რეფორმებისა და სამომავლო გეგმების ეფექტიანად განხორციელების მექანიზმებზე.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა.
განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ასოცირების შესახებ შეთანხმების სეგმენტის – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის - ეფექტიანად დანერგვის პერსპექტივები, რის შედეგადაც საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ იოლად უნდა გაიკვლიოს გზა და დაიმკვიდროს ადგილი ევროკავშირის ბაზარზე. 3–წლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას ჰპირდება.

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის გარდა, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში კიდევ ორი ახალი მინისტრია: თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე. დელეგაციაში არიან ასევე: ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG