Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია


ალგირდას ბუტკევიჩიუსი და ირაკლი ღარიბაშვილი
ალგირდას ბუტკევიჩიუსი და ირაკლი ღარიბაშვილი

26-27 იანვარს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ლიტვის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსის ხელმძღვანელობით. წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, რომელშიც 30-მდე ლიტველი ბიზნესმენიც შედიოდა, მონაწილეობა მიიღო 27 იანვარს სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ბიზნესფორუმში, სადაც საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაისში დაგეგმილი რიგის სამიტის ფონზე, საქართველოსთვის ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ლიტვისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს. ამით გაიხსნა კიდეც 27 იანვარს თბილისში ბიზნესფორუმი, რომელსაც100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ლიტვასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ საქართველოში არსებობს ხელსაყრელი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და რომ ქვეყანას აქვს დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რაც ხელს შეუწყობსრეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომაც ჩატარდება:

“საქართველოში არსებული ხელსაყრელი პირობები ბიზნესის საწარმოებლად, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის მტკიცე რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ქვეყნის მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე უნდა გახდეს ინტენსიური ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი. რაც შეეხება საქართველო-ლიტვას შორის არსებულ სავაჭრო ორთიერთობებს, სავაჭრო ბრუნვა ლიტვასთან 30.5 პროცენტით გაიზარდა და 76 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტი თითქმის 46 პროცენტით - 32 მილიონ დოლარამდე -გაიზარდა; იმპორტი 21 პროცენტზე მეტით -45 მილიონ დოლარამდე გაიზარდა“.

მე ჩამოვედი საქართველოში, რომ სტიმული მიმეცა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ბიზნესფორუმი პროდუქტიული იქნება.
ალგირდას ბუტკევიჩიუსი

ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე ლიტვის პრემიერ-მინისტრმაც ილაპარაკა. ალგირდას ბუტკევიჩიუსის განცხადებით, საქართველოსა და ლიტვას საერთო ეკონომიკური ინტერესები აქვთ და ლიტველი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით.

„მე ჩამოვედი საქართველოში, რომ სტიმული მიმეცა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ბიზნესფორუმი პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა ლიტვის პრემიერმა და თავისი ქართველი კოლეგა ვილნიუსშიც დაპატიჟა. მისივე სიტყვებით, ლიტვის დელეგაციის წევრებმა ქართველ კოლეგებთან საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრები გამართეს, რის შედეგებიც მომავალში გამოჩნდება. ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ვიზიტის პირველ დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტიორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„სიმბოლურია ჩვენი ქვეყნების მრავალწლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის. იმედია, ეს მეგობრობა და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა.

ვისაუბრეთ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, ლიტვასა და საქართველოს შორის საკონტეინერო მატარებლის მიმოსვლა, ასევე ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელ პროექტებზე. ლიტვის მხრიდან საქართველოს ექნება სერიოზული მხარდაჭერა...
გიორგი კვირიკაშვილი

იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს უფრო კონკრეტულად ლიტვისგან ეკონომიკური მხარდაჭერა, მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც:

„ვისაუბრეთ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, ლიტვასა და საქართველოს შორის საკონტეინერო მატარებლის მიმოსვლა, ასევე ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელ პროექტებზე. ლიტვის მხრიდან საქართველოს ექნება სერიოზული მხარდაჭერა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარების საქმეშიც“.

ლიტვა მნიშვნელოვან კონსულტაციებს უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროშიც - კერძოდ, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აღნიშნავს, ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის სფეროებში.

საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობებზე მეტყველებს გასულ თვეში თბილისში, პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის ხელმძღვანელობით, ლატვიის წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობაც. ცოტა ხნის წინ კი ქვეყანას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი და ესტონელი ბიზნესმენებიც სტუმრობდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერის დასტური იყო იანვარში თბილისში გამართული კიდევ ერთი ღონისძიება, კერძოდ, ლიტვისათვის უმნიშვნელოვანესი „თავისუფლების დამცველთა დღის“ აღნიშვნა.

საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში არაერთი ექსპერტი შენიშნავს, რომ ეს მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამჟამინდელ ფონზე: ლატვია მალე დაიკავებს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პოსტს, მაისში კი სწორედ ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტი, რომელსაც საქართველოს განსაკუთრებული მოლოდინი უკავშირდება - ამ სამიტზე მოელის საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დადასტურებას. როგორც საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, მაისში დაგეგმილი რიგის სამიტისათვის საქართველო განსაკუთრებულად ემზადება, რათა იქ წარდგეს კონკრეტული შედეგებით, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, და აჩვენოს, რომ საქართველო წარმატების მაგალითია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG