Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართვის პრობლემა თუ რიგითი საკადრო ცვლილებები?


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ინიციატივით გამოდიან, მიზეზად კი ისინი დედაქალაქის მერიაში საკადრო მენეჯმენტთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ, რის გამოც, მათი თქმით, ფერხდება სოციალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება. მერიის საკადრო პოლიტიკას იწუნებენ სხვა ოპოზიციონერებიც.

თბილისის მერიის 7 საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს: ტექნოლოგიური განვითარების ფონდს, სასწრაფოს, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსების მოვალეობას სამსახურის უფროსის მოადგილეები ასრულებენ. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის თქმით, მერიაში საკადრო გადაწყვეტილებებს სპეცსამსახურები იღებენ, ვითარებას და საკადრო მენეჯმენტს დავით ნარმანია არ მართავს, თანამდებობეზე კადრები ნათესაობის ნიშნით ინიშნებიან და, შესაბამისად, ის თანამდებობიდან უნდა წავიდეს:

„უმოქმედო, უგნური, კორუფციაში ჩაფლული და უპასუხისმგებლო - ეს არის დავით ნარმანიას მაღალანაზღაურებადი, მაღალი სახელფასო დანამატებით და სხვადასხვა საბიუჯეტო სიკეთეებით განებივრებული თბილისის მთავრობა, რომელმაც თავისი უმოქმედობით დედაქალაქში სრული კრახი განიცადა“.

პროცესები, რომელიც ახლა მერიაში მიმდინარეობს, სავსებით ლოგიკურია. გარკვეული ეტაპი უკვე დაიძლია თბილისში, ზოგიერთმა სამსახურმა ამოწურა თავისი თავი. სწორედ ამას ვგულისხმობ მე ეტაპის დაძლევაში და მერიაში უკვე კადრების შერჩევა მიმდინარეობს...
გიორგი ალიბეგაშვილი

საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებს, დედაქალაქის მთავრობის საკადრო პოლიტიკის გარდა, პრეტენზიები აქვთ გაუქმებული კომუნალური ვაუჩერების, ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი გზებისა და ხერგილების გამოც.

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კომუნალური ვაუჩერებისა და სხვა თემებით სპეკულირებს და რეალურად მათ ამ განცხადებებს საფუძველი არ გააჩნია. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას თქმით, არ არსებობს მერის გადადგომისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი:

„მსგავსი ცვლილებები ყოველთვიურად მიდიოდა წინა მთავრობის პირობებში და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესი ნებისმიერ მთავრობაში. ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ ცდილობენ თავისი ბინძური მეთოდებით საზოგადოებას კიდევ რაღაც ახალი პრობლემა მოახვიონ თავზე“.

თბილისის მერიაში არსებული საკადრო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი გია ჟორჟოლიანი. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები შესაძლოა მართვის ახალ სტილთან იყოს დაკავშირებული, ვინაიდან აქამდე მერიაში პროცესი ინერციით მიდიოდა.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, მერიაში არსებულ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები გადაჭარბებულია, მაგრამ ცვლილების საფუძველი შესაძლოა არსებობდეს:

„ჭიქაში ქარიშხალია ამ შემთხვევაში. პროცესები, რომელიც ახლა მერიაში მიმდინარეობს, სავსებით ლოგიკურია. გარკვეული ეტაპი უკვე დაიძლია თბილისში, ზოგიერთმა სამსახურმა ამოწურა თავისი თავი. სწორედ ამას ვგულისხმობ მე ეტაპის დაძლევაში და მერიაში უკვე კადრების შერჩევა მიმდინარეობს, სამ პოზიციაზე უკვე გამოცხადდა კონკურსი და უფრო კვალიფიციური კადრებით შეივსება“.

მერის გადადგომის მოთხოვნას არ იზიარებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, თუმცა აუცილებლად მიიჩნევს დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლას და განმარტებების მიცემას მთავრობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

დედაქალაქის მერიაში არსებულ საკადრო ცვლილებებთან მიმართებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მოკლე კომენტარი გააკეთა, თუმცა საქალაქო სამსახურების უფროსების გადადგომის მიზეზებზე კონკრეტული არაფერი თქვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებები თბილისს სასიკეთოდ წაადგება:

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

„შექმნილი აჟიოტაჟი არის სრულიად უსაფუძვლო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ დედაქალაქის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული. ასე რომ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობდი და თანმიმდევრულად და ეფექტიანად განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს“.

„სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CIDA) აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, საკადრო ცვლილებები მერიაში უჩვეულო არ არის, მაგრამ ცუდია, როცა თანამდებობიდან პირთა გათავისუფლების საფუძველს არ განმარტავენ:

„როგორც წესი, ამ ტიპის ცვლილებების დროს ხელმძღვანელი მადლობას უხდის სამსახურის უფროსს გაწეული საქმიანობისთვის, თითქოს გავიდა რაღაც ეტაპი და არავითარი დარღვევა, არავითარი საქმიანობის არაეფექტურობა, არამედ თითქოს დრო გავიდა და ახლა ვიღაც ახალს უნდა მიეცეს შანსი“.

ზვიად დევდარიანი არ მიესალმება თანამდებობაზე არჩეული პირის ვადამდე გათავისუფლების პრაქტიკას, თუ სისხლის სამართლის დანაშაულები არ იკვეთება. „ნაციონალური მოძრაობა“ მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ აპირებს, ისინი მხოლოდ მერის გადადგომის მოწოდებით შემოიფარგლნენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG