Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გლეხების ნაწილის აზრით, წლევანდელი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სახელმწიფოს დახმარება მწირია


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხვნა-თესვის სამუშაოები დაიწყო. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 48 სოფლიდან 30-ში ეს პროცესი დასასრულს უახლოვდება და, თუ ცუდმა ამინდმა არ შეუშალა ხელი, ხვნა თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პარალელურად, დაწყებულია ასევე სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემა.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0,25 ჰა-დან - 1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის ნაკვეთები და მათ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად იყენებენ, გადაეცემათ ნაკვეთის პროპორციული ღირებულების სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათი, 1 ჰექტარზე 140 ლარის დაანგარიშებით, ხოლო მოსარგებლეებს, რომლებსაც იმავე მოცულობის ნაკვეთზე გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურების ნარგავები, „აგრობარათზე“ დაერიცხებათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ქულების რაოდენობა, 1 ჰექტარზე 140 ქულის გადაანგარიშებით.

გლეხები ამბობენ, რომ სახელმწიფოსგან ამ დონის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისთვის საკმარისი არ არის, რადგან ნიადაგის მოხვნის შემდგომი დამუშავება და მოსავლის მოყვანა საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ზუგდიდის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ფინანსების უქონლობის გამო მიწა ხშირად დაუმუშავებელი რჩებათ:

„მარტო სახნავის ბარათი მომცეს, სასუქის - არა. მეტი დათესვა მათთან არ შედის და...“ - ამბობს სოფელ კახათში მცხოვრები ნუგზარ ჩემია.

„პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთს არ აქვს საშუალება საწვავი იყიდოს, ტრაქტორს ფული გადაუხადოს და რჩება ზოგს ან სხვას აძლევს სანახევროდ, რომელსაც აქვს მაგის საშუალება, რომ ეს გააკეთოს. აი, ხვნის ბარათი ეხმარება მარტო ხვნაში და მერე მაგას ფარცხვა და დათესვა უნდა“, - გვითხრა ინგირში მცხოვრებმა მაგდა ლომაიამ.

„ბარათები ვისაც ეკუთვნოდა, დაურიგეს, ჩვენც მოგვცეს, მაგრამ რა ვიცი, არაფერი არ არის, არაფერი არ მუშაობს და ძლივს ვართ... რა ვიცი, რა, რა არის ეს ბარათები, რა...“ - ამბობს ასევე ინგირში მცხოვრები ნაზო შედანია.

„ახლა უნდა მოესწროს ეს ხვნაც და თესვაც, თორემ მერე გახმება ეს მიწა და ტრაქტორი ვერ იზამს. აი, ახლა ვინც აკეთებს, ის დროულად აკეთებს“, - ამბობს სოფელ ოირემის მცხოვრები ემზარ ჯგერენაია, რომელიც საკუთარი ეზოს დასამუშავებლად ჯერ კიდევ ტექნიკის მოლოდინშია.

სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის ლერი დოჩიას განცხადებით, მიწის დასამუშავებლად საჭირო ტექნიკა საკმარისია და პრობლემები ამ მხრივ არ შეიქმნება. ამასთან, ლერი დოჩიას სიტყვებით, ყოველწლიურად იზრდება სოფლის მოსავალიც:

„თავიდან, სამუშაოები როცა დავიწყეთ, უამინდობა იყო, წვიმები უშლიდა ხელს სამუშაოების შესრულებას. დღეისთვის მუშაობა ნორმალური ტემპით მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყო. დღეის მდგომარეობით, დამუშავებულია 14 26 ჰექტარი. სამუშაოებში ჩართულია შპს „მექანიზატორი“ და ინდმეწარმეები, ასევე, ამხანაგობა. მთლიანობაში, ჩართულია 54 ერთეული ტრაქტორი, დამატებით ხვალ ან ზეგ ველოდებით 12 ერთეულს, რომელიც, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადაც დაგვჭირდება, შეგვიძლია გადასროლა“.

სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის განცხადებით, თანდათანობით მცირდება სახნავი მიწის ფართობი, მის ხარჯზე კი გახშირდა მრავალწლიანი კულტურების მოშენება. თხილის შემდეგ სამეგრელოში განსაკუთრებით პოპულარული ხდება კივისა და ფეიხოას კულტურები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG