Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო ვალი და მისი მართვის პერსპექტივა


ავტორი: ირინა გურული

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 13.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მშპ-ს 81.4 პროცენტია. აქედან სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 35.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.2 მლრდ აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის ვალდებულებები 251.8 მლნ აშშ დოლარია, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, - 829.3 მლნ აშშ დოლარი და 578.7 მლნ აშშ დოლარი. საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.7 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისმა ვალმა - 2.8 მლრდ აშშ დოლარი.

მთლიანი საგარეო ვალის 93.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

ვალის მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია. საქართველოს მთავრობის საგარეო ვალს მშპ-სთან მიმართებაში კრიტიკულ ზღვრამდე არ მიუღწევია, თუმცა მისი მუდმივი ზრდა ცხადყოფს, რომ საჭიროა სტრატეგიის განსაზღვრა. ევროკავშირი, მაასტრიხტის კრიტერიუმის შესაბამისად, ევროზონის წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს სახელმწიფო ვალი არ აღემატებოდეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 60 პროცენტს. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, ქვეყნის საგარეო მდგრადობის უზრუნველსაყოფად საგარეო ვალის მოცულობა ქვეყნის ექსპორტის 150 პროცენტს, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლების 250 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. თუ საქართველოს ვალის მონაცემებს ამ მაჩვენებლებს შევადარებთ, ცხადია, რომ ჯერჯერობით გამოუვალ სიტუაციაში ქვეყანა შესული არ არის.

თუმცა დამაფიქრებელია ის, რომ, მაგალითად, 2014 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 160.4 მლნ აშშ დოლარით (289.3 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ვალმა 399.8 მლნ აშშ დოლარით (721.1 მლნ ლარით) იმატა ოპერაციული ცვლილებების გამო, ხოლო სხვა ცვლილებების გამო - 36.8 მლნ აშშ დოლარით (66.5 მლნ ლარით). ამავე კვარტალში,კურსის ცვლილების გამო, მთლიანი საგარეო ვალი 176.1 მლნ აშშ დოლარით (317.6 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო ფასის ცვლილებების გამო - 100.2 მლნ აშშ დოლარით (180.7 მლნ ლარით).

მიგვაჩნია, რომ, ზოგადად, სახელმწიფო ვალი არ უნდა განიხილებოდეს როგორც პრობლემა ქვეყნის ეკონომიკისთვის. დღეს არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც საგარეო ვალი არ ჰქონდეს. თუმცა მნიშვნელოვანია ვალის აღება და გამოყენება მიზნობრივი და სტრუქტურიზებული იყოს, რათა სახსრები გამოყენებული იქნეს განვითარებისთვის და არ მიგვიყვანოს დეფოლტის მდგომარეობამდე. ამისთვის კი აუცილებელია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნას.

საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიული დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ მუხლებს: ვალის აღებისა და მართვის ორგანიზაციული პროცედურების უზრუნველყოფა, ვალის დაფინანსების წყაროს მოძიება და გრაფიკის განსაზღვრა, ასაღები ვალის ოდენობის განსაზღვრა, რისკების შეფასება, მართვა და ხარისხიანი სტატისტიკური მონაცემების წარმოება.

მთავრობის მიერ სესხის აღება აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა სამთავრობო დაწესებულებასთან და შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებთან. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორის მიერ სესხის აღებისას შეზღუდული იყოს სახელმწიფო გარანტიის გაცემა. განსაზღვრული უნდა იყოს ვალის მოზიდვასა და მართვაზე პასუხისმგებელი ორგანო და ვალის აღების ან მომსახურების პროცედურები დეტალურად უნდა იყოს მოცემული, ყველა მონაწილე და პასუხისმგებელი ორგანოს მონაწილეობით.

ეკონომიკურ სექტორებსა თუ პროექტებს, რომელთაც სახელმწიფო ვალი უნდა მოხმარდეს, უნდა ჰქონდეთ სესხის დანახარჯებზე უფრო მაღალი ამონაგები. აუცილებლად შესწავლილი უნდა იყოს ამ პროექტების მიზანშეწონილობა. სოციალური ან ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც ვალი უნდა მოხმარდეს, უნდა შეფასდეს ეგრედ წოდებული cost/benefit ანალიზით. იმ პროექტებისთვის, რომელთაც აქვთ სწრაფი პოზიტიური შედეგი, შესაძლებელია ვალი აღებული იქნეს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან, ხოლო სოციალური მომსახურებისთვის სესხის აღება მიზანშეწონილია გაცილებით შეღავათიანი პირობებით შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG