Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო ვაჭრობა და ფულადი გზავნილები


საბაჟო-გამშვები პუნქტი "გარდაბანი"
საბაჟო-გამშვები პუნქტი "გარდაბანი"

ავტორი: ირინა გურული

გასულ პარასკევს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემები, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მეზობელ ქვეყნებში არსებული ომი და ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის ასახული საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელზე.

კერძოდ: 2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 324 მლნ. აშშ დოლარი იყო (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1,1 მლრდ. აშშ დოლარი (2 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-თებერვალში 786 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა. გასულ წელს უარყოფით სავაჭრო სალდოს მოცულობა 695 მლნ. აშშ დოლარი იყო.

ეს ნიშნავს, რომ გრძელდება ქვეყანაში სავალუტო ნაკადების შემცირების ტენდენცია.

ამ ტენდენციის მაჩვენებელია გზავნილების ნაკადების მოცულობაც, რომელიც 2015 წლის იანვარში (ეროვნული ბანკის მონაცემებით) 75.5 მილიონი ამერიკული დოლარია, რაც 23 მლნ აშშ დოლარით, ანუ 23.3 პროცენტით, ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება სწორედ იმ ქვეყნებზე მოდის, რომლებიც, ტრადიციულად, ფულად გზავნილების მხრივ მოწინავე ადგილებზე იყვნენ, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაზე.

მიმდინარე წლის იანვარში, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში ჩაირიცხა 25, 8 მლნ დოლარი, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21 მლნ დოლარით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ, 2014 წლის დეკემბერთან შედარებითაც, ეს რიცხვი თითქმის ორჯერ არის შემცირებული. გასული წლის ბოლო თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილმა 46, 9 მლნ დოლარი შეადგინა.

უკრაინიდან 2015 წლის იანვარში სულ 2 მილიონი ამერიკული დოლარი გადმოირიცხა. ამასთან, საქართველოდან უკრაინაში გადაირიცხა 1,5 მილიონი აშშ დოლარი, რამაც რეალურად უკრაინის ადგილი გადმორიცხვებში საკმაოდ დააკნინა. ეს არც არის გასაკვირი: ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და მოსალოდნელი იყო, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის როგორც შემოსავლები, ისე მსყიდველუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

ევროპიდან გზავნილებთან დაკავშირებითაც გარკვეული პრობლემებია. მაგალითად, 2015 წლის იანვარში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული საბერძნეთიდან გზავნილები. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთშიც დღეს საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური კრიზისია.

ყველა ზემოთ მოყვანილი მონაცემი ცხადყოფს, რომ როგორც ევროპაში, ისე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის როგორც სავაჭრო ბალანსზე, ისე ქვეყანაში შემომავალ სავაჭრო ნაკადებზე. ამ ეტაპისთვის ეს ვითარება საქართველოს ეკონომიკის სასარგებლოდ არ მეტყველებს.

XS
SM
MD
LG