Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო დაძაბულობა და საფრთხე საქართველოსთვის


დებალცევო, 2015 წლის 10 თებერვალი
დებალცევო, 2015 წლის 10 თებერვალი

საერთაშორისო თანამეგობრობამ დიპლომატიური ძალები გააერთიანა რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად, თუმცა უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დიალოგის გზით შეჩერების იმედი სულ უფრო მცირდება რუსეთის მხრიდან აგრესიის ყოველი მომდევნო ფაქტის გამოვლენის შემდეგ. რა მოხდება, თუკი შეერთებული შტატები თავდაცვით იარაღს მიაწვდის უკრაინას და ადგილობრივი სამხედროების გასაწვრთნელად ამერიკელ სამხედროებსაც გაუგზავნის? რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო და რა მოეთხოვება მას შექმნილ სიტუაციაში?

თუკი რუსეთი დასავლეთის მოწოდებებს კვლავაც სრულ იგნორირებას გაუკეთებს და მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს, სიტუაცია დაიძაბება და, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა იწინასწარმეტყველა შაბათს, მოსკოვში ყოფნის დროს, შესაძლოა ყველაზე მოსალოდნელი სცენარი ომამდე მივიდეს. ჯერჯერობით შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თაობაზე, მაგრამ ბარაკ ობამამ გარკვევით თქვა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ეს მოხდება:

„თუ დიპლომატია მიზანს მართლა ვერ მიაღწევს, მაშინ ჩემს გუნდს დავავალებ, რომ განიხილოს ყველა ვარიანტი, ყველა შესაძლებლობა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ შევაცვლევინოთ ჩანაფიქრი ბატონ პუტინს. ერთ-ერთ განსახილველ ვარიანტთა შორის საბრძოლო თავდაცვითი იარაღის მიწოდებაც იგულისხმება, მაგრამ ამის თაობაზე გადაწყვეტილება მე ჯერ კიდევ არ მიმიღია“.

ეს განცხადება ბარაკ ობამამ 9 თებერვალს გააკეთა, როცა ის თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, მასპინძლობდა. 10 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, რასაც, წინასწარი ინფორმაციით, 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბარაკ ობამამ დაურეკა ვლადიმირ პუტინს, შეშფოთება გამოხატა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლენილი მზარდი ძალადობის გამო და, როგორც თეთრი სახლი იტყობინება, ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ ასეთი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში რუსეთისთვის საფასური გაიზრდება.

ფაქტია, რომ ომის თავიდან არიდების მიზნით, არაერთხელ გაწბილებული დასავლეთი მაინც აძლევს დროს რუსეთს. მაგალითად, ევროკავშირმა 16 თებერვლამდე გადადო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ამოქმედება. როგორც სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკრაინის ხელისუფლების თხოვნით, რათა რუსეთს ჰქონოდა ნაკლები შესაძლო მიზეზი უარი ეთქვა მოლაპარაკებებზე ანდა წარემართა ეს მოლაპარაკებები არაკონსტრუქციულად.

მოსკოველი მიმომხილველის ვადიმ დუბნოვის აზრით, გულითაც რომ უნდოდეს, პუტინი ვერ შეჩერდება, რადგანაც მას ყოვლისმომცველი დამპყრობლური თამაში აქვს წამოწყებული. როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზასთვის“ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტს არავინ ენდობა და სწორადაც იქცევიან, რადგანაც დღეს შეჩერებული პუტინი ხვალ შესაძლოა შეტევაზე გადავიდეს. ვადიმ დუბნოვი თვლის, რომ საქართველო კვლავაც წარმოადგენს რუსეთის სამიზნეს, სწორედ ის საქართველო, რომელიც ცდილობს მოსკოვს „უკმაყოფილებისთვის მცირედი საბაბი არ მისცეს“, და რომ მოსკოვისთვის მიმზიდველია მიითვისოს საქართველოს მეტი ტერიტორია, მით უმეტეს, როცა მას ამისთვის „არავინ დასჯის“:

„მოსკოვი ნაბიჯ-ნაბიჯ აფართოებს სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს და ვის ახსოვს სარკოზი და მისი ხელმოწერა შესაბამისი გეგმის ქვეშ? ვის ადარდებს დღეს საქართველოს საზღვრისპირა სოფლები, როცა ცეცხლის ალშია გახვეული დებალცევო? გასაგებია, ვისაც. ეს კრემლია. მას შეუძლია დაძრას ტანკი და რასაც დღეს მსოფლიო, უბრალოდ, არ მიაქცევს ყურადღებას, ხვალ იმას მოსკოვი გადააქცევს ფსონის შემდგომი გაზრდის საგნად. რას იტყვის თბილისი დუმილის მერე, იმის მერე, რაც ცდილობდა ეჩვენებინა ქვეყნისთვის ლოიალურობის უპირატესობა, წინამორბედთა წინდაუხედავ ომის მოსურნეობასთან შედარებით?“

გამართლებულია თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული დათბობის პოლიტიკა რუსეთის მისამართით? ამ შეკითხვაზე, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პასუხი აქვს ოპოზიციის ერთ ნაწილს და, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც რუსეთის მისამართით უფრო პრინციპული ქმედებებისა და რიტორიკის მომხრეა.

დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ არაერთხელ გამოხატა საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და რომ ახლა სახელმწიფოს ვალია ნაკლები დანაკარგით - საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით - გამოვიდეს საერთაშორისო სარბიელზე გართულებული ვითარებიდან:

„საქართველო არის საკმაოდ მოწყვლად მდგომარეობაში, ანუ მას არა აქვს არანაირი დაცვის გარანტიები იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, რუსეთი სამხედრო აგრესიას განახორციელებს. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ზედმეტად არ გააღიზიანოს რუსეთი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ჯერჯერობით არის დაუცველი. ჩვენ არა ვართ არც ერთი სამხედრო–პოლიტიკური ალიანსის წევრი, არც ერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს არა აქვს იმის ვალდებულება, რომ ჩვენ სამხედრო დახმარება აღმოგვიჩინოს და, მით უმეტეს, ახლა, უკრაინის მოვლენების ფონზე, ამის ალბათობა კიდევ უფრო მცირდება“.

ზაალ ანჯაფარიძე მოელის, რომ უკმაყოფილო რუსეთის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება დესტრუქციული ქმედებები ნატოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებას საქართველოში, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ იმავე საწვრთნელმა ცენტრმა შესაძლოა რუსეთის აგრესიის შემაკავებელი ფაქტორის როლიც შეასრულოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG