Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაემუქრა თუ არა საფრთხე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ - ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიანიშნებენ და მოუწოდებენ, არ დაუშვან როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დარღვევა. მათი განცხადებით, 18 და 19 ივლისს თბილისში გამართულ ორ სხვადასხვა აქციაზე პოლიციელების ქმედება სწორედ ამ ფუნდამენტური უფლების შეზღუდვად შეიძლება შეფასდეს.

გიგა მაქარაშვილი 19 ივლისს „პანორამა თბილისის“ პროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე პატრულის თანამშრომლებმა მაშინ დააკავეს, როცა მან აქციის მონაწილეების მწკრივი რამდენიმე წუთით დატოვა და მოსაწევად გავიდა. პოლიციელებმა უთხრეს, რომ იმ პლაკატის შინაარსით, რომელიც გულზე ეკიდა, საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებდა. ის ჯერ საგამოძიებო განყოფილებაში წაიყვანეს, შემდეგ ნარკოლოგიურში. გიგას დაკავების შემდეგ მის მიმართ სოლიდარობის ნიშნად იმავე შინაარსის წარწერა აქციის სხვა მონაწილეებმაც დაიკავეს ხელში. პოლიციამ ისინიც დააკავა. 20 ივლისს სასამართლოც შედგა. გიგა და ამავე აქციაზე დაკავებული აქციის კიდევ 9 მონაწილე განაჩენს 23 ივლისს ელოდებიან.

სწორედ ეს და ბოლო დროს მომხდარი კიდევ რამდენიმე ფაქტი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენციის მიზეზი 21 ივლისს, როდესაც ოთხი ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაცია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეზე ალაპარაკდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ თუ სამართალდამცველები კვლავაც განაგრძობენ უსაფუძვლოდ მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სასჯელის გამოყენებას, ამან, შესაძლოა, სერიოზული დარტყმა მიაყენოს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.

პოლიციამ წვრილმან ხულიგნობად განმარტა და განსაზღვრა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულ საგნად აცხადებს.
ანა ნაცვლიშვილი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილს მოჰყავს 18 ივლისის აქციის მაგალითი, როდესაც სამართალდამცველები, მისი თქმით, უსაფუძვლოდ ჩაერივნენ STOP RUSSIA-ს აქციის მიმდინარეობაში. პოლიციელები აქციის მონაწილეებს სცენის დადგმის უფლებას არ აძლევდნენ, ამ აკრძალვის დასასაბუთებლად კი კანონის ვერც ერთ ნორმას ვერ ასახელებდნენ. მართალია, აქცია საბოლოოდ მაინც ჩატარდა, მაგრამ, როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, მისი წინმსწრები მოვლენები მაინც შეიძლება გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვად შეფასდეს. პოლიცია ჩაერია უფლებადამცველების აქციაში 12 ივნისსაც, როდესაც მათ ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერში მშვიდობიანი აქციის ჩატარების ნება არ მისცეს - მაშინ დემონსტრანტები აზერბაიჯანის მთავრობის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ. იგივე მოხდა „პანორამა თბილისის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. არც ამ შემთხვევაში არსებობდა დაკავების სამართლებრივი საფუძველიო, აცხადებს საიას თავმჯდომარე. პოლიციამ მოიშველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს:

„პოლიციამ წვრილმან ხულიგნობად განმარტა და განსაზღვრა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულ საგნად აცხადებს“.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, პოლიცია ასევე ხშირად იყენებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან კიდევ ერთ, 173-ე, მუხლს, რომელიც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. თუმცა საქმეც ისაა, რომ როდესაც პოლიციელი უკანონოდ ზღუდავს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას, მას ამ ნორმის გამოყენების უფლება არ გააჩნია. არაერთი მსგავსი შემთხვევა უკვე იყო თბილისის გარეთაც, ამბობს ანა ნაცვლიშვილი:

„თუ ასე გაგრძელდა და მოქალაქეებს არ შეეძლებათ გამოიყენონ თავიანთი კანონიერი შესაძლებლობა - მშვიდობიანი ფორმით, მათთვის მისაღები ტერმინებით, მათთვის მისაღებ დროს და ადგილას დააფიქსირონ თავიანთი პროტესტი, ეს ძალიან ცუდად აისახება დემოკრატიის ხარისხზე ამ ქვეყანაში სწორედ იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება ეკუთვნის ყველა მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, რა მესიჯის გადაცემა სურს მას ( და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს მესიჯი არ არის მოწოდება ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისაკენ). ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზეც დემოკრატია დგას“.

არ არსებობს ქვეყანაში პოლიციის საქმიანობის კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმ პოლიციელების მხრიდან იმ გადაცდომების წახალისებას, რაც დღეს, შესაძლოა, არ იყოს ძალიან მასშტაბური, მაგრამ შექმნას საფრთხე...
სოფო ვერძეული

გამოხატვის ფორმა, თუნდაც უცენზურო გამონათქვამი, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, შესაძლოა არ მოსწონდეს მთავრობას, აბრაზებდეს ცალკეულ პოლიტიკოსებს, აღიზიანებდეს საზოგადოებას, მაგრამ ასეთ გამონათქვამებსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი სოფო ვერძეული რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება პოლიციელთა მხრიდან არაერთი თვითნებური ქმედებისა და მანიფესტაციაში დაუსაბუთებელი ჩარევის მომსწრე გახდა. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ რჩება ის სისტემური პრობლემები, რაც ხელს უწყობს პოლიციელების თვითნებურ მოქმედებას - მოძველებული კანონმდებლობა პოლიციას აძლევს ფართო შესაძლებლობას მოქალაქეების ქმედებები ხან წვრილმან ხულიგნობად შეაფასოს, ხან დაუმორჩილებლობად, რასაც, საბოლოოდ, ადამიანების დაკავება მოჰყვება:

„არ არსებობს ქვეყანაში პოლიციის საქმიანობის კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმ პოლიციელების მხრიდან იმ გადაცდომების წახალისებას, რაც დღეს, შესაძლოა, არ იყოს ძალიან მასშტაბური, მაგრამ შექმნას საფრთხე, რომ უხეშ დარღვევებში გადაიზარდოს, როცა ამის პოლიტიკური ინტერესი იქნება. თუ დღეს ვერ ვხედავთ დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების მასობრივ ფაქტებს, რისი მომსწრეც წლების განმავლობაში ვიყავით, გამორიცხული არ არის, მსგავსი რამ ისევ განმეორდეს“.

სოფო ვერძეული თავისი კოლეგების სახელით აცხადებს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფრო ეფექტურად დაგეგმოს პოლიციის მოქმედებები მასობრივი შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, სწორედ იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ძალის გადამეტების შემთხვევები და თვითნებური ჩარევა. და, რაც მთავარია, არასამთავრობო სექტორი რეკომენდაციას იძლევა გადაიხედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც, როგორც სოფო ვერძეულიც ამბობს, მოძველებული კანონია: ის 1984 წელსაა მიღებული და მას შემდეგ ამ კანონის რევიზია არ მომხდარა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG