Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბავშვო ბაღი გასული საუკუნიდან


ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღი
ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღი

ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღი, სადაც ათობით ბავშვი თითქმის მთელ დღეს ატარებს, რეკონსტრუქციას საჭიროებს. გასული საუკუნის დასაწყისში აშენებულ ორსართულიან შენობაში დღემდე მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოები თუ ჩატარებულა. წლების კვალი შენობის ყველა ოთახს ეტყობა, დაწყებული შესასვლელით, რომლის კედლებიდან და ჭერიდან ბათქაში ცვივა, დამთავრებული სველი წერტილით, რომელსაც შიგადაშიგ შემორჩენია საბჭოთა კავშირის პერიოდში გაკრული ფილების კვალი. შენობის ამ პატარა ზომის განყოფილებას სველი წერტილი მხოლოდ სიმბოლურად შეიძლება ეწოდოს, რადგან მას წყალი არ მიეწოდება. ბავშვებთან ერთად მძიმე პირობებში მყოფ აღმზრდელებს, დაკისრებული მოვალეობის პარალელურად, წყლის ზიდვა უწევთ მოპირდაპირედ მდებარე რესტორნიდან.

„პირველი და უმთავრესი პრობლემა ჩემს ბაღში არის ის, რომ დევნილები ცხოვრობენ,14 ოჯახი ცხოვრობს და გვაქვს ფართის პრობლემა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ბაღში ძილი. ერთი კვირაა ჭაში წყლის დონემ დაიწია, შემდეგ კი დაშრა. არის იქ პრობლემები და ამიტომ გვითხრიან ახალ ჭას“, ამბობს ბაღის გამგე ხათუნა გულორდავა.

იმის დასტურად, რომ, პრობლემების მიუხედავად, ბაღის ადმინისტრაცია ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნას ცდილობს, გამგე ჰყვება, რომ რამდენიმე დღის წინ „შემოდგომის ზეიმი“ ჰქონდათ. ხათუნა გულორდავას განცხადებით, პრობლემების დაძლევაში ხშირად მშობლებიც ეხმარებიან.

„მულტფილმებით, რაღაც „მაშა და მედვედით“ არ არის ბავშვის აღზრდა. აქ ამ ხალხს ყურადღება სჭირდება. ბავშვებს სათამაშოები სჭირდებათ, გასართობი სჭირდებათ“, ამბობს მშობელი, დათო შამუგია.

ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღი
ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღი

ეზოში, სადაც მზიან ამინდში ბავშვები რკინის კონსტრუქციებისგან აწყობილ საქანელასა თუ სასრიალოზე თამაშობენ, ათამდე მიუსაფარი ძაღლი დარბის. გამგე ამბობს, რომ პრობლემას საკუთარი ძალებით ვერ აგვარებს. არაერთხელ მიუმართავს ზედამხედველობის სამსახურისთვის, გაუყვანიათ კიდეც ძაღლები, მაგრამ მათი რაოდენობა არ იკლებს.

ქალაქ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობა და ბავშვების „ღირსეულ“ გარემოში აღზრდა მათი უმთავრესი პრიორიტეტია:

„ქალაქ ზუგდიდის ბაღების უმეტეს ნაწილში აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ცხოვრობენ და ბაღების უმეტესობა ფართის სიმცირეს განიცდის. რთულია, რა თქმა უნდა, ამგვარ ვითრებაში მუშაობა. შენობა-ნაგებობები დაუყოვნებლივ რემონტს საჭიროებს, თუმცა ქალაქის მერია ეტაპობრივად რემონტს ბაღებიდან დევნილი მოქალაქეების გაყვანის შემდეგ განახორციელებს, რადგან, სამწუხაროდ, ადგილობრივი ბიუჯეტი არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, ბაღები ორჯერ გარემონტდეს“, უთხრა რადიო თავისუფლებას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაია ღუბელაძემ.

ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღი
ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღი

თუ როდის გახდება შესაძლებელი #1 საბავშვო ბაღში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება,არ იციან აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში. სამმართველოს უფროს მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით:

„გაზაფხულზე ცხადდება აპლიკაციების მიღება ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ბინის მისაღებად. შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია და ბინა მიიღონ, ჩვეულებრივ, ქულის მიხედვით“.

მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩის კორპუსებში, ფართის მიღების პარალელურად, დევნილებს შეუძლიათ ისარგებლონ პროგრამით „სახლი სოფლად“, სადაც განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია. სამმართველოს ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები სულ ათ საბავშვო ბაღში ცხოვრობენ, საიდანაც მათი გადაყვანა ახალ ბინებში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG