Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბავშვო ბაღში რეგისტრაციის სირთულეები


თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღი
თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღი

10 ივლისს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია შეფერხებებით დაიწყო. იმის გამო, რომ მანამდე საბავშვო ბაღებში არსებული ვაკანსიები აღსაზრდელების დედმამიშვილების, შემდეგ კი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, დანარჩენი მსურველებისთვის ადგილების მხოლოდ 30% დარჩა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ რეგისტრაციის დროს წარმოშობილი შეფერხება აღმოფხვრილია, თუმცა ამასობაში ბაღებში ადილებიც აღარ დარჩა. პროცესით უკმაყოფილო მშობლებმა სააგენტოსთანაც მოიყარეს თავი.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შენობაში შუადღით უკმაყოფილო მშობლების რიგი დაგვიხვდა. ბავშვის საჯარო ბაღებში დარეგისტრირების წარუმატებლად დასრულებული პროცესის გამოსწორებას ითხოვდა მცირეწლოვანი ბავშვით ხელში სააგენტოში მისული ქალბატონი:

„შარშანაც ასე იყო, მაგრამ გადავყლაპე, არაფერი ვთქვი, მაგრამ წელს ისევ იგივე განმეორდა. დილიდან გათიშულია, წუხელაც გათიშული იყო პროგრამა. მე მარტო ვზრდი ბავშვს, არავინ დამხმარე არ მყავს. მიხედონ, როგორც უნდათ. დევნილებით არის სავსე ბაღები“.

ნინო ნადირაშვილმა ბავშვი კი დაარეგისტრირა, მაგრამ, მისი თქმით, პროგრამული შეცდომის გამო, სასურველი ბაღის ნაცვლად, ბავშვი სამი მიკრორაიონით მოშორებულ ბაღში აღამოჩნდა რეგისტრირებული:

„გლდანის მე-3 მიკრორაიონში ვცხოვრობ. მე-100 ბაღი მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის მე-6 მიკროში დარეგისტრირებული. ეს არ მაწყობს არც ტერიტორიულად და არც სურვილი მქონდა ამ ბაღში ტარების. ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის. ძალიან დიდი უთანასწორობაა. მესმის, ძალიან ბევრი დევნილია და სოციალურად დაუცველი, მაგრამ ჩვენ უმცირესობაში ვართ, ჩვენ 11-12 ადგილი დაგვრჩა და ამ ადგილებზე მაგდენი ხალხი ვხოცავთ ერთმანეთს“.

გაუმართლა და შვილიშვილის სასურველი არა, მაგრამ ტერიტორიულად ახლომდებარე საბავშვო ბაღში დარეგისტრირება მოახერხა მარინა საგანელიძემ. თუმცა, მისი თქმით, რეგისტრაციის პროცესში ოჯახის ყველა წევრთან ერთად მისი თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ:

„დედა, მამა, დეიდა, ყველანი ჩართული ვიყავით და როგორღაც ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მოახერხა, რომ ბავშვი დაერეგისტრირებინა. ასეთი პირობები არ უნდა შეუქმნა ადამიანს, რომ ამხელა ნერვიულობა გადაიტანო ბავშვის ბაღში დარეგისტრირებაზე. კი ბატონო, დავრეგისტრირდეთ, მაგრამ ხომ შეიძლება წყნარად და მშვიდად დავრეგისტრირდეთ“.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, გიორგი თურქიაშვილის თქმით, სარეგისტრაციო საიტზე შეფერხება გამოიწვია სერვერის გადატვირთვამ, რაც დაკავშირებული იყო ერთბაშად ბევრი მომხმარებლის შესვლით, თუმცა ამას კოლაფსი არ გამოუწვევია და რეგისტრაცია გაგრძელდა.

„11 საათისთვის 3 200 ბავშვი იყო დარეგისტრირებული, მას შემდეგ , რაც 9 საათზე დაიწყო რეგისტრაცია. შემდეგ ერთ საათში იყო უკვე 4 ათას 300, შემდეგ ერთ საათში - 5 200. ასე რომ, პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდა, თუმცა გარკვეულმა კონტინგენტმა მაინც ვერ მოახერხა ბაღებში დარეგისტრირება, რამეთუ ვაკანსიები შეზღუდულია საჯარო ბაგა-ბაღებში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს, რომელთაც ვერ მოახერხეს ბავშვების დარეგისტრირება ბაღებში სტანდარტულ ვაკანსიებზე, აქვთ საშუალება მიმართონ მათთვის სასურველ კონკრეტულ ბაღს, სადაც დირექტორების მიერ სათათბირო ორგანოს მეშვეობით ხდება დამატებით ბავშვების დარეგისტრირება იმის მიხედვით, თუ როგორი ინფრასტრუქტურული პოტენციალი გააჩნია კონკრეტულ ბაღს“.

გიორგი თურქიაშვილის თქმით, ბაღების სისტემაში, ანუ 166 საბავშვო ბაღში, დაახლოებით 50 ათასი ბავშვია. წელს ორი ახალი ბაღი დაემატა ქალაქს - დიდუბესა და აეროპორტის დასახლებაში. უკვე ჩატარებულია ტენდერები და კიდევ სამი ბაღი დაემატება თბილისის ბაღების სისტემას - ისანში, სამგორსა და ნაძალადევში. ეს, გიორგი თურქიაშვილის თქმით, ის რაიონებია, სადაც განსაკუთრებით საჭიროა ვაკანტური ადგილები საჯარო ბაღებში. მისივე სიტყვებით, ბაღებში თითქმის თანაბარი ინფრასტრუქტურული პირობებია. მისი შემოწმება, ისევე როგორც კვებისა და ჰიგიენური ნორმებისა, სააგენტოს მიერ სისტემატურად ხორციელდება. გიორგი თურქიაშვილის სიტყვებით, ასევე სისტემატურად ხდება პედაგოგთა გადამზადება და სააგენტო ცდილობს ყველა ბაღში თანაბარი პირობები იყოს შექმნილი. გიორგი თურქიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ბავშვების მაქსიმალურ რაოდენობას ჯგუფში, ანუ 40 ბავშვს, აბსოლუტურად ჰყოფნის ერთი პედაგოგი და ერთი აღმზრდელი. თუმცა მშობელთა ნაწილი სწორედ ბავშვების დიდი რაოდენობითა და აღმზრდელთა სიმცირით გამოწვეულ უყურადღებობას უჩივის.

ანა გოგუა, რომლის 4 წლის ელენე გლდანულაში მდებარე ერთ-ერთ ბაღში დადის, ამბობს, რომ ბაღებს შორის განსხვავებაა:

“თავიდან, სადაც დამყავდა ელენე, არ ჩერდებოდა, ტიროდა, ვერ შეეჩვია და, ვფიქრობ, მასწავლებლების ბრალი იყო იმიტომ, რომ ვერ აქცევდნენ ყურადღებას თუ რა ხდებოდა იქ, არ ვიცი. რამდენჯერმე მივედი, ისეთი განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია, მაგრამ ჩემ არყოფნაში არ ვიცი, რა ხდებოდა. ხშირად მირეკავდნენ, რომ ტირის ბავშვი და წაიყვანეთო. ამის გამო გადავიყვანეთ სხვა ბაღში და იქ არანაირი უკმაყოფილების მიზეზი არ მაქვს. პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG