Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაქციები პრეზიდენტის 3 ინიციატივაზე


ოპონენტები ცინიზმად, პლაგიატად და პოპულიზმად მიიჩნევენ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გახმაურებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რაც ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ გარანტიებს უკავშირდება. რა უდევს საფუძვლად პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივებს?

პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს ეკონომიკაში ”საგანგაშო ტენდენციებს” ხედავს და, მაგალითად, ინვესტორების დასაბრუნებლად და ქვეყანაში ბიზნესაქტივობის გასაძლიერებლად ”განსაკუთრებული ზომების” საჭიროებაზე ლაპარაკობს. სწორედ ამას უკავშირდება მისი პირველი საკანონმდებლო ინიციატივაც:

”ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩემმა მთავრობამ გამოაცხადა ეკონომიკური ამნისტია. მე ვთავაზობ საქართველოს მთავრობას ახლაც, საგანგებო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, გამოაცხადოს სრული ეკონომიკური ამნისტია ყველა საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე, 2013 წლამდე არსებულზე, და, ამავე დროს, ამის პარალელურად, მოახდინოს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რომ არ იყოს საპატიმრო სანქციები გამოყენებული არც ეკონომიკურ დანაშაულზე და არც, მით უმეტეს, წინასწარი პატიმრობა“.

პრეზიდენტის მიერ 17 იანვარს გახმაურებული ინიციატივის მიღმა რისკებს ხედავს ფინანსთა სამინისტრო. როგორც მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ უთხრა ჟურნალისტებს 18 იანვარს, ამგვარი განცხადებები გადასახადის გადამხდელებს ურჩობისკენ უბიძგებს:

”როდესაც მოსალოდნელი ამნისტიის თაობაზე კეთდება განცხადება ეკონომიკურ საკითხებთან, საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, ეს ძალზე უარყოფითი შედეგის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს... იმიტომ, რომ საგადასახადო ვალდებულებები ძალიან დიდ ნაწილს დაგროვილი აქვს და ამით, გარკვეულწილად, პროვოცირებას ვუკეთებთ იმას, რომ საზოგადოების ამ ნაწილმა დაამუხრუჭოს, ეს გადასახადები არ გადაიხადოს და ამით უფრო სერიოზულ პრობლემებს ვუქმნით ეკონომიკას. ამიტომ ასეთი ტიპის განცხადებები არის ძალზე ნეგატიური”.
პრეზიდენტს გული რომ შესტკიოდეს სამართალზე და ზნეობაზე, კადრების მოსპობის ინიციატივით კი არ გამოვიდოდა, არამედ კადრების შექმნის ინიციატორთა დასჯით გამოვიდოდა ...
ზაქარია ქუცნაშვილი

პრეზიდენტის ამ ინიციატივას ”ცინიკურს” უწოდებენ ”ახალი მემარჯვენეები”. პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური პარტია საზოგადოებას შეახსენებს, რომ ეკონომიკურ დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის აკრძალვის ინიციატივით ისიც არაერთხელ გამოსულა და თანაც იმ პერიოდში, ”როცა მიხეილ სააკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ჰყავდა და ყველანაირ ბერკეტს ფლობდა კანონმდებლობაში ამ ცვლილებების შესატანად”, მაგრამ ცვლილებები არ განხორციელებულა. ”ახალი მემარჯვენეების” მიერ 18 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წინა ხელისუფლებამ არათუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა, არამედ ”მუდმივ ტერორსა და სახელმწიფო რეკეტის პირობებში ამყოფებდა ბიზნესს”.

პრეზიდენტის მხრიდან ქართული ბიზნესის გულშემატკივრის პოზიციიდან ლაპარაკს ”შიშველ პოპულიზმად” მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლება მეწარმეებს მიზერული დავალიანებების გამო სჯიდა და ციხეში სვამდა. ქუცნაშვილი ეჭვით უყურებს პრეზიდენტის მეორე ინიციატივასაც, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უკავშირდება და რომელსაც პრეზიდენტი ძირითადად პროკურატურის მიერ ორიოდე დღის წინ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერების კონტექსტში განიხილავს. საუბარია, პროკურატურის განმარტებით, წინა ხელისუფლების დროს შანტაჟის მიზნით გადაღებულ მასალაზე, სადაც ასახულია სექსუალური კავშირი მამაკაცებს შორის. მართალია, პრეზიდენტი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შემგროვებელთა დასჯაზეც ლაპარაკობს, მაგრამ ზაქარია ქუცნაშვილისთვის მიუღებელია, რომ ძირითადი აქცენტი მაინც ფარულად მოპოვებული მასალების გავრცელებაზე ისმება:

”პრეზიდენტს გული რომ შესტკიოდეს სამართალზე და ზნეობაზე, კადრების მოსპობის ინიციატივით კი არ გამოვიდოდა, არამედ კადრების შექმნის ინიციატორთა დასჯით გამოვიდოდა, იმიტომ რომ - ვინ არის დამკვეთი ამ კადრების შექმნისა? - ის არის მთავარი დამნაშავე საზოგადოების და სამართლის წინაშე”.
საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 13 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც იზრუნებს ვეტერანების პირობების გაუმჯობესებაზე ...
ვაკო ავალიანი

რაც შეეხება პრეზიდენტის მესამე ინიციატივას: მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარებაზე ლაპარაკობს, პარალელურად აღნიშნავს, რომ იმავე სახელმწიფოს შეუძლია უკეთ დააფინანსოს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური გარანტიები. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს შესწევს ძალა, მაგალითად, დაუნიშნოს პენსია სამხედროს, რომელიც გავა პენსიაზე და პარალელურად განაგრძობს მუშაობას. აქვეა სოციალური გარანტიების სხვა წახნაგებიც:

”ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაიღუპება (მიუხედავად იმისა, მარჩენალი იყო ის თუ არ იყო მარჩენალი), მიეცეს პენსია და არა კომპენსაცია (დღეს ეძლევა ერთჯერადი კომპენსაცია). ამის საშუალება დღეს სახელმწიფოს უკვე აქვს, რამდენიმე წლის წინ არ ჰქონდა. მეორე: გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და მინიმალური ზღვარი იყოს სახელმწიფო პენსიის მინიმალური ოდენობის ორმაგი (ოდენობა)”.

სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებული ინიციატივები პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავდაპირველად წლის დასაწყისში ავღანეთში სტუმრობისას გაახმაურა, თუმცა მის ამ ინიციატივებს ჩვენთან საუბარში მაშინვე ”პლაგიატი” უწოდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. მან თქვა, რომ პრეზიდენტი ეჯიბრება ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობას, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ საკითხებზე. მუშაობა რომ მართლაც მიმდინარეობდა, ამას თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ვაკო ავალიანიც ადასტურებს:

”საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 13 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც იზრუნებს ვეტერანების პირობების გაუმჯობესებაზე. აქ საუბარია სრულ სოციალურ პაკეტზე - არა მხოლოდ პენსიაზე, არამედ დაზღვევაზეც. შესაბამისად, პრეზიდენტმა გაიმეორა საქართველოს მთავრობის განკარგულების მხოლოდ მცირედი ფრაგმენტი, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ პენსიები უნდა გაიზარდოს”.

იმაში, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საკანონმდებლო აქტიურობა რეალური პროგრესის სურვილს ეფუძნება, ეჭვი ეპარება რამაზ საყვარელიძეს. ანალიტიკოსის ვარაუდით, პრეზიდენტი ცდილობს სიტუაციის კონტროლისა და მართვის დემონსტრირება მოახდინოს და, ამასთან, მაგალითად, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის ინიცირებით, ის, შესაძლოა, ცდილობდეს დაიცვას თავის გარემოცვაში შემავალ პირთა ინტერესები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG