Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი პატიმრობა ექს-პრეზიდენტისთვის


საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მმართველი კოალიციის წევრები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ამ ქმედებით ხელისუფლებას დაქვემდებარებულმა სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მაამებლური გადაწყვეტილება მიიღო, მმართველ გუნდში კი გამოძიების გამჭვირვალედ და დასაბუთებულად წარმართვის იმედი აქვთ და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავენ. მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა 1 აგვისტოს, გვიან ღამით, გამოიტანა მიხეილ სააკაშვილისა და ორი ყოფილი მაღალჩინოსნისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ექს-პრეზიდენტს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს 28 ივლისს წაუყენა ბრალი 2007 წელს მომიტინგეთა მასობრივად დარბევაში, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებაში.

იმაზე უკეთეს საჩუქარს პუტინს აგვისტოს ომის წლისთავზე ვერაფერს გაუკეთებენ, ვიდრე ჩემი დაპატიმრების ბრძანება იქნებოდა, - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც შეერთებულ შტატებშია ჩაწერილი და რომელიც 1 აგვისტოს მანადე გავრცელდა, სანამ მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა და მიხეილ სააკაშვილს წინასწარ პატიმრობას შეუფარდებდა.

„აგვისტოს ომის წლისთავის წინ უფრო სასურველ საჩუქარს პუტინი ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა გასცეს ჩემი დაპატიმრების ბრძანება. მე პირველად დამაპატიმრა საბჭოთა კავშირის კა-გე-ბემ უნივერსიტეტის პირველ კურსზე პოლიტიკური საქმიანობისთვის და მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა. შემდეგ იანუკოვიჩმა გამომაცხადა პერსონა ნონ გრატად გასული წლის დეკემბერში და ორ თვეში იანუკოვიჩი თვითონ იქცა საერთაშორისო ძებნილად. პუტინი მთელი ეს პერიოდი ითხოვს ჩემ მოკვლას და დაპატიმრებას და პუტინს მთლად კარგად არ აქვს საქმე. ის ხალხი, ვინც ბრძანება გასცა დღეს, მე ვფიქრობ, რომ ეს, გარდა იმისა, რომ იქნება ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში, მე ვფიქრობ, მათაც ისევე მოევლებათ, როგორც იანუკოვიჩს და მათ სხვა მოკავშირეებს“.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის იქნება ყოველთვის ძალიან შორს, როდესაც „გაზპრომის“ ერთ-ერთი მსხვილი მოწილე დაიბარებს, და იქნება ძალიან ახლოს, როდესაც ქართველი ხალხი იხმობს.

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად საქმეზე, რომელსაც პროკურატურა იძიებს და რომელიც 2007 წელს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების გამოა აღძრული, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს. ამავე საქმეში ბრალდებული კიდევ ორი პირის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ კი სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან ისინი ისედაც პატიმრობაში იმყოფებიან სხვა ბრალდებებით.

ადვოკატთა განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის თქმით, საქმეში მტკიცებულებათა ნაკლებობაა:

„ნინო ბურჯანაძის გარდა, ივანე ჩხარტიშვილი ჰყავთ მოწმედ, რომელიც რაღაცებს ადასტურებს. სინამდვილეში, ბრალის დადგენილების გამოტანის დროს საქმეში მტკიცებულებები საერთოდ არ იყო და შემდეგ დაიწყეს ამ საქმის, ასე ვთქვათ, შეკერვა. სამწუხაროდ, პროკურატურა გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი, პოლიტიკური დევნისთვის და ამ ინსტრუმენტს ძირითად შემთხვევებში მხარს უჭერს სასამართლო ხელისუფლებაც“.

ის, რომ ბრალდებას თითქოს მხოლოდ ნინო ბურჯანაძის ჩვენება ჰქონდეს მტკიცებულებებად, არის სიცრუეო, განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა მედიასთან საუბარში:

„ბრალდების მხარემ სასამართლოზე წარადგინა უამრავი ვიდეოსიუჟეტი, სადაც თვითონ, თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა განცხადებებს თავის დროზე. აქ ლაპარაკია 2007 წლის 7 და 8 ნოემბრის განცხადებებზე, სადაც, ფაქტობრივად, თვითონვე ადასტურებდა იმ ბრალდებას, რომელიც ჩვენ მიერ იქნა წაყენებული. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად შეთანხმებულად, კოორდინირებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დანაშაულებრივი ბრძანებების შესასრულებლად აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხა შტოები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო“.

პოლიტიკურ შურისძიებად, ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევად და სტრატეგიული პარტნიორების საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმად შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. ამ ნაბიჯით ახალ ეტაპზე გადადის წინა ხელისუფლების მიმართ ბრძოლა და დევნა, ეს ნაბიჯი მოიტანს ქვეყნის გამთლიანების ნაცვლად მეტ პოლარიზაციას და დაპირისპირებასო, დასძინა დავით ბაქრაძემ:

„ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ეს ნაბიჯი ჩვენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირეებისგან გადაგვიყვანს წყალგამყოფის მეორე მხარეს, სადაც არის რუსეთი და სინამდვილეში ერთადერთი მხარე, რომელიც ამ ნაბიჯს შეხვდა მოწონებით და აპლოდისმენტებით, გახლავთ სწორედ რუსეთი და ვლადიმირ პუტინი“.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დასკვნის კონტექსტში განიხილა მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საგანელიძემ. დასკვნის მიხედვით, რომელიც 1 აგვისტოს გამოქვეყნდა, საქართველოს ხელისუფლებას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს მეტი ძალისხმევა მიმართოს 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებისკენ. აქ იგულისხმება 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებებიც, ციხეში არაადამიანური მოპყრობა, ქონების ჩამორთმევის საკითხები და სხვა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნის იმგვარ წაკითხვას, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიმართ დევნას მწვანე შუქი მიეცეს, ეწინააღმდეგება ოპოზიციური გუნდი, დავით საგანელიძე კი არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ დევნაზე სვამს აქცენტს:

„ზუსტად სამართალდამცავი სტრუქტურები ყველა ამ ფაქტს იძიებენ. ის, რომ სამართალში არიან მიცემული ყოფილი მმართველი მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი; ის, რომ, პირველ რიგში, პრეზიდენტმა უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში; ის, რომ პრეზიდენტმა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი, რა კითხვებიც არსებობს მისი და მისი ყოფილი გუნდის მიმართ - ეს არის ამ სირცხვილის და ამ შელახული იმიჯის გამოსწორების ერთადერთი გზა და სწორედ ამაზე საუბრობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ეს დასკვნა“.

გაეროს სულისკვეთებას იზიარებენ ადამიანის უფლებათა დამცველებიც. მათი განცხადებით, პირის პასუხისგებაში მიცემა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და ყველა კითხვას ისე უნდა გაეცეს პასუხი, რომ არ დარჩეს ეჭვი საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობასთან მიმართებით.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG