Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 8 აპრილი


„ევროპისთვის „თურქულ ნაკადს“ „გაზპრომის“ მეგობართა კლუბი ააშენებს“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე ახალი გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობაზე. სტატიის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის შედეგად ჩაიშალა „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობა, ევროპაში იქმნება „გაზპრომის“ მოკავშირეთა ახალი კოალიცია ალტერნატული გაზსადენის, „თურქული ნაკადის“, ასაშენებლად, შემდეგი ქვეყნების მონაწილეობით: საბერძნეთი, სერბეთი, მაკედონია, უნგრეთი და თურქეთი. ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 7 აპრილს გამართეს შეხვედრა ბუდაპეშტში და ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის ეკონომიკურად სამართლიანი გზების შესაქმნელად, რომლის მიზანი ბუნებრივი აირის თურქეთიდან ევროპაში ტრანსპორტირებაა. დეკლარაციაზე ხელის მოწერით, ამ ქვეყნებმა ფაქტობრივად დაადასტურეს თავიანთი სურვილი ჩაერთონ პროექტში, რომელსაც საფუძვლად უდევს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უნგრეთში სტუმრობისას შეთავაზებული მარშრუტი - რუსეთიდან შავი ზღვის ფსკერით, თურქეთის გავლით, ავსტრიულ ბაუმგარტენამდე, თუმცა, „კომერსანტის“ ცნობით, ამ ინიციატივის საპასუხოდ, ევროკომისია უკვე ამზადებს არასასურველი ენერგეტიკული პროექტების ბლოკირების მექანიზმებს.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ წერს. სტატიაში „ფასები უკიდურესად გაიზარდა“ ლაპარაკია იმაზე, რომ ინფლაციამ რუსეთში უკვე მიაღწია პიკს და სულ მალე მისი ტემპი შენელებას დაიწყებს. გამოცემა იშველიებს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალეკსეი ულუკაევის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, მარტში წლიურმა ინფლაციამ მიაღწია 16,9 პროცენტს, რაც 2002 წლის შემდეგ რეკორდულად მაღალია, თუმცა თვიური ინფლაცია თებერვალ-მარტში შემცირდა თითქმის ორჯერ - 2,2 პროცენტიდან 1,2 პროცენტამდე. ამასთან, დაიწყო სურსათის ფასების შემცირებაც. გაზეთი ციტირებს „რაიფაიზენბანკის“ ანალიტიკოსის მარია პომელნიკოვას ანალიზს, რომლის მიხედვითაც, მარტში ინფლაციის ზრდა გამოიწვია არა სურსათმა, არამედ ტანსაცმელმა და საყოფაცხოვრებო ნივთებმა, ასევე სხვადასხვა სახის მომსახურებამ, რომელთა ფასები ნელა იცვლება და დაგვიანებით რეაგირებს რუბლის კურსის ცვლილებაზე. რუსი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ რუბლის გამყარება და სამომხმარებლო მოთხოვნილების შემცირება, უმუშევრობის დონის მატებასთან ერთად, შეაკავებს ფასების შემდგომ ზრდას.

„აეროფლოტი“ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს უფასო მგზავრობას სთავაზობს - იუწყება გაზეთი „იზვესტია“, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული შეღავათებით - ბიზნესკლასის მომსახურებითა და სხვა პრეფერენციებით - ისარგებლებენ საბჭოთა კავშირის გმირები და დიდების ორდენის სრული კავალერები. სტატიაში საუბარია იმ ვეტერანთა მგზავრობაზე, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, დესეთეს ტერიტორიაზე, ბალტიისპირეთსა და საქართველოში და გამოთქვამენ სურვილს, მონაწილეობა მიიღონ 9 მაისს გამარჯვების სამოცდამეათე წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, რომელთაც რუსეთის დედაქალაქი უმასპინძლებს. სტატიის თანახმად, შეღავათიანი ბილეთების გაფორმება შესაძლებელია 7 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG