Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წლის 12 აგვისტო


„საქართველოში ეშინიათ კვლავ არ დაკარგონ რუსეთის ბაზარი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია ოფიციალური მოსკოვის შესაძლო განზრახვაზე კვლავ დაადოს ემბარგო საქართველოში წარმოებულ ალკოჰოლურ ნაწარმს. სტატიის მიხედვით, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საერთაშორისო მედიაში საქართველო მოიხსენიეს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს. სწორედ ამ ცნობის პასუხად გაავრცელა „როსპოტრებნადზორმა“ განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ქართველი მეღვინეების მიერ დაშვებულ სისტემატურ ტექნოლოგიურ დარღვევებზე, რომლებიც საეჭვოდ ხდის რუსეთის ბაზარზე საქართველოდან შეტანილი ღვინის ხარისხს. არადა, როგორც ოფიციალური თბილისი ირწმუნება, საქართველო არ შეერთებია ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. ლაპარაკია 15-დან ერთ სანქციაზე, რომელსაც საქართველო ერთი წლის წინ შეუერთდა და რომელიც გულისხმობს მხოლოდ ყირიმში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას.

სტატიის მიხედვით, ქართველი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ბაზარი, ძალიან მაღალი პოლიტიკური რისკების გამო, ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური ბაზარია მსოფლიოში. ამასთან, რუბლის დევალვაციის შემდეგ, მიმდინარე წლის განმავლობაში, ქართული ღვინის ექსპორტი ყოველგვარი ემბარგოს გარეშეც მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

სტატიის დასკვნით ნაწილში „კომერსანტი“ აქვეყნებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ქართულ ღვინოზე ემბარგოს მოხსნიდან ორი წლის თავზე რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 400 პროცენტით გაიზარდა და 50 მილიონ ბოთლს მიაღწია.

„თუ ემბარგო განახლდება, საქართველოს ეკონომიკა ძლიერ დარტყმას მიიღებს, რადგანაც მთავრობას მოუწევს ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი სუბსიდიების გამოყოფა როგორც მეღვინეების, ასევე მევენახეების დასახმარებლად“,წერს „კომერსანტი“.

რუსეთის ბაზრის არასტაბილურობის შესახებ აქვეყნებს სტატიას „გაზეტა“, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ეკონომიკის ვარდნა მეორე კვარტალში დაჩქარდა და კრიზისი აღმოჩნდა უფრო ღრმა, ვიდრე ამას რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვარაუდობდა. უწყების ხელმძღვანელმა ალეკსეი ულუკაევმა სტატისტიკური მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, ყველა მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ გადაიხედოს მიმდინარე წელს ეკონომიკის შემცირების საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც 2,8 პროცენტს შეადგენსო. მინისტრის ვარაუდით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2015 წელს 3,7 პროცენტით შემცირდება. „გაზეტა“ აქვეყნებს ასევე მსოფლიო სავალუტო ფონდის ექსპერტთა კომენტარს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ეკონომიკის ვარდნის პროვოცირებას იწვევს პოლიტიკური რისკები: შეუძლებელია ანგარიში არ გაეწიოს კონფლიქტის მოსალოდნელ გამწვავებას როგორც უკრაინასთან, ასევე დასავლეთის ქვეყნებთან.

რუსეთის ეკონომიკის მსგავსად, უჭირს ეკონომიკის ცალკეულ დარგებსაც. გაზეთმა „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ შედგენილი სია, რომელიც ყველაზე დეფოლტური დარგების ჩამონათვალისგან შედგება. სტატიიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 ივლისამდე პერიოდში ვადაგადაცილებული დავალიანებების მოცულობა თითქმის ორჯერ გაიზარდა სამ სფეროში - იგულისხმება მშენებლობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. ამასთან, ერთი წლის განმავლობაში ბანკების მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება გაიზარდა 60 პროცენტით: 1,1 ტრილიონი რუბლიდან 1,7 ტრილიონ რუბლამდე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG