Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რუსთავის გზებზე მოძრაობა არც ისე უხიფათოა


რუსთავში ავარიების მომრავლებაზე საუბრობენ. რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა სულაც მსხვერპლით დასრულდა. ზოგი შუქნიშნებისა და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების სიმცირეზე ჩივის, ზოგიც ავტომანქანების სწრაფ მოძრაობაზე ამახვილებს ყურადღებას.

რუსთავში ავტოავარია ბოლოს 20 ივლისს მოხდა. მეგობრობის გამზირზე საღამოს ერთმანეთს "ოპელისა" და მერსედესის"მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც ადგილობრივი დამოუკიდებელი სააგენტო „ინფო რუსთავი“ ფლობს, 2015 წლის პირველი იანვრის შემდეგ თავად რუსთავში და რუსთავი-თბილისი ავტომაგისტრალზე 31 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 6 ადამიანი.

„ინფო რუსთავი“ ქალაქში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს ყოველთვის ეხმაურება და ფეისბუკში მოკლე ინფორმაციებს აქვეყნებს.
გიორგი ჩომახაშვილი, ამ სააგენტოს ხელმძღვანელი, ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევების გაშუქებაც მოუხდა, როცა ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დასჯახებია.

საღამოს რომ გახვიდეთ ქალაქში... ასე მგონია, რალის ტრასაზე ვარ, ძალიან ჩქარა დადიან. არ ვიცი, ეს ახალგაზრდები ეჯიბრებიან თუ არა ერთმანეთს...
გიორგი ჩომახაშვილი

„ძირითადად ისეთ ადგილებში ხდება ავარიები, სადაც არ არის შუქნიშანი, შემაკავებელი ჯებირი, რომელსაც „მწოლიარე პოლიციელს ეძახიან“, ან ისეთ ადგილებში ხდება ავარიები, სადაც არ არის გადასასვლელი ან მძღოლები არ აჩერებენ“.

ბოლო ასეთი შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. შარტავას მოედანზე 66 წლის მამაკაცი მსუბუქმა ავტომანქანამ იმსხვერპლა. რაღა თქმა უნდა, საქმეზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გიორგი ჩომახაშვილის დაკვირვებით, ავარიების მიზეზი მაინც გადაჭარბებული სიჩქარეა:

„საღამოს რომ გახვიდეთ ქალაქში... ასე მგონია, რალის ტრასაზე ვარ, ძალიან ჩქარა დადიან. არ ვიცი, ეს ახალგაზრდები ეჯიბრებიან თუ არა ერთმანეთს. ყველას ჰყავს მანქანა და ყველას აქვს მართვის მოწმობა“.

ადგილიც არ გვაქვს, რომ შევეჯიბროთ, თორემ სიამოვნებით, ქალაქში არ „ვიგონკავებთ“, სხვაგან... კი ბატონო, ქალაქშიც გვიწევს ხოლმე [სწრაფად მოძრაობა], მაგრამ როცა ქალაქში ვმოძრაობ, ქალსაც ვუთმობ გზას და ბავშვსაც...

მართლაც, რუსთავში ბევრი ახალგაზრდა დადის მანქანით. აღმოჩნდა, რომ ქალაქში ავტომოყვარულების რამდენიმე ჯგუფი არსებობს. ვისაც ფული აქვს და როცა აქვს, რუსთავის ავტოდრომზე მიდის და მოჭარბებული ადრენალინისგან იცლება. ვისაც საათობრივად 20 ლარის გადახდის საშუალება არ აქვს, გვიან ღამით ქალაქის ქუჩებში ან ქალაქგარეთ რომელიმე ავტომაგისტრალზე ცდილობს გართობას.
აი, რას ამბობენ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ერთ-ერთი ჯგუფის წევრები, რომლებიც ხანდახან მერიის შენობის წინ იკრიბებიან, რათა ერთად დაიგულონ თავისუფალი ტრასა:

„ადგილიც არ გვაქვს, რომ შევეჯიბროთ, თორემ სიამოვნებით, ქალაქში არ „ვიგონკავებთ“, სხვაგან... კი ბატონო, ქალაქშიც გვიწევს ხოლმე [სწრაფად მოძრაობა], მაგრამ როცა ქალაქში ვმოძრაობ, ქალსაც ვუთმობ გზას და ბავშვსაც. მისასალმებელი იქნება, რომ გვქონდეს ადგილი, სადაც როცა მოგვაწვება ადრენალინი და ბევრნი ვიქნებით, გავიდეთ სადმე და გავერთოთ ისე, რომ ფულის გადახდა არ მოგვიწიოს“.

საგულისხმოა, რომ ქალაქის საპატრულო პოლიციაში გზებზე პრევენციული ზომებისა და ავარიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვეს. ის კი არა, კომენტარის მოცემაც არავინ ისურვა.

თუმცა რუსთაველებს ერთგვარი შვება შეიძლება იმან მოჰგვაროს, რომ გახშირებული ავარიების გამო და იმ მიზნით, რომ სკვერები ხელმრუდებისგან დაიცვან, რუსთავის მერია წლის ბოლომდე ქალაქში სათვალთვალო კამერის დამონტაჟებას აპირებს. ორასამდე კამერას ქალაქის შემოსასვლელში, ცენტრალურ ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში დააყენებენ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG