Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ საკონსტიტუციოს დაასწრო


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას 10 ივნისს გამოაცხადებს. თავის მხრივ, მოსამართლე მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს „რუსთავი 2“-ის კონსტიტუციური სარჩელების განხილვის თხოვნითმიმართა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საკონსტიტუციოს დაასწრო და ამ ეტაპზე თეორიულადაც აღარ არსებობს შანსი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გავლენას მოახდენს სააპელაციო სასამართლოზე.

ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ მოსამართლე მერაბ ტურავამ სამართლებრივი მინდორი გაუთავისუფლა სააპელაციო სასამართლოს ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძეა.

“ტურავამ საკუთარი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას 7 დღით, სანამ პლენუმი შეიკრიბება და გადაწყვეტს საქმეს პლენუმი განიხილავს თუ დაუბრუნდება კოლეგიას. ხოლო სააპელაციო სასამართლომ სწორედ იმ ნორმების საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლებიც გასაჩივრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში და რომელზეც შესაძლებელი იყო, თეორიულად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიეღო და გამოეცხადებინა და გამოეცალა სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მოსამართლე მერაბ ტურავამ 8 ივნისს მიმართა, სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვის დასრულებიდან მეორე დღეს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი იმ ცვლილებების ამოქმედებისთანავე, რომელიც მოტივირებული შენიშვნებით პრეზიდენტმა პარლამენტს დაუბრუნა. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში, სამოქალაქო სექტორის თანახმად, არ მოხვდა ისეთი კრიტიკული საკითხი, როგორიცაა პლენუმისათვის საქმის გადაცემა, ანუ ნორმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ნებისმიერ წევრს აძლევს შესაძლებლობას საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს საქმის პლენუმისათვის გადაცემა. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აპირებს ეს და სხვა სადავო ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე კი ამბობს, რომ ნორმა, რომლითაც პირველმა მერაბ ტურავამ ისარგებლა, ერთ კონკრეტულ მოსამართლეს - ამ შემთხვევაში მერაბ ტურავას - პროცესის გაწელვის და გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის ხელის შეშლის ბერკეტს აძლევს:

“კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ის მაგალითი ავიღოთ. საქმე იყო წარმოებაში მიღებული, საქმეზე ჩატარდა სხდომა და სასამართლო გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, მაგრამ ერთ-ერთმა მოსამართლემ მოითხოვა, რომ საქმე გადაეცეს პლენუმს. თუკი პლენუმს გადაეცა ეს საქმე და პლენუმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქმე იყოს მათ წარმოებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თავიდან უნდა დაიწყოს. ანუ ყველაფერი ის, რაც აქამდე მოხდა, გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, პროცესის განხილვა დაიწყება თავიდან“.

პლენუმს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი კვირა აქვს. მერაბ ტურავამ კი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ზემოხსენებული შესწორებით ისარგებლა კიდევ ორ საქმეზე. ეს საქმეებია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, იგივე „კაბელების საქმე“ და გიგი უგულავას საქმე. საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრმა ამ სარჩელების საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის განსახილველად გადაცემის მოთხოვნით წერილობითი შუამდგომლობა დააყენა და, შესაბამისად, ამ საქმეების განხილვა გადაიდო.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესწორებები პოლიტიკური მიზნით, პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გამოყენებულიო, ამბობს სწორედ „კაბელების საქმის“ განხილვის შეჩერებით შეწუხებული ირაკლი ალასანია, „თავისუფალი დემორატების“ ლიდერი:

“განხილვა ამ საკითხის გაიჭიმა იმიტომ, რომ მოსამართლე ტურავამ გამოიყენა ეს კანონი და გააჯანჯლა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა. იგივე ეხება იმ პოლიტიკურ საქმეს, როგორიც არის „რუსთავი 2“.

თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური მანიპულირების ინსტრუმენტად გამოყენებაში ოპონენტებს, ამ შემთხვევაში კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ და უშუალოდ „რუსთავი 2“-ს ადანაშაულებენ. ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საგანგებო პრესკონფერენციაც კი მოიწვია:

“ვაკვირდებით რა ამ პროცესებს, გვაქვს ასეთი განცდა და შეფასება, რომ მცდელობა არის და ეს მცდელობა ხდება ძალიან აშკარად და ძალიან ნათლად, საკონსტიტუციო სასამართლო იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში და ამ პოლიტიკური პროცესის ერთ მხარეს დგას, სამწუხაროდ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ბატონი გვარამია“.

„რუსთავი 2“-ის წილების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ სააპელაციო სარჩელის განხილვა 7 ივნისს დაასრულა. 10 ივნისს, 10 საათზე, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციონაწილს გამოაცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG