Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარყოფილი მინდობილობა


„რუსთავი 2“
„რუსთავი 2“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დროებითმა მმართველებმა დავით დვალმა და რეზო საყევარიშვილმა ზედა ინსტანციებში სააპელაციო დავების დასრულებამდე საკუთარი უფლებამოსილება ტელეკომპანიაში არხის გენერალური დირექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს გადასცეს. გადაწყვეტილების მიზეზი, მათი განმარტებით, გახდა ერთგვარი ვაკუუმი, როცა დროებითი მმართველები უფლებამოსილების განხორციელებას ვერ ახერხებენ, არხის მოქმედ ხელმძღვანელებს კი კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის საჭირო იურიდიული და ფინანსური ბერკეტები აღარ აქვთ. ზაალ უდუმაშვილმა სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველების შეთავაზება არ მიიღო და იგი აბსურდად და კანონდარღვევად შეაფასა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დანიშნულმა დროებითმა მმართველებმა ზაალ უდუმაშვილისთვის თავიანთი უფლებამოსილების დელეგირების მთავარ მიზეზად არხის საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშგების ვალდებულების დროულად შესრულების ამოცანა დაასახელეს. როგორც დროებითი მმართველი რევაზ საყევარიშვილი ამბობს, ვინაიდან „რუსთავი 2“-ის საქმეზე ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივი დავა მიდის, სავარაუდოდ, პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს, დრო კი არ ითმენს:

“ამ დროს, ვიცით ერთი ძალიან კონკრეტული თარიღი, ეს არის 15 ნოემბერი და ეს ვიცით ყველამ, როდესაც უნდა მოხდეს ტელეკომპანიის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამეურნეო სუბიექტის მხრიდან საგადასახადო ორგანოებში შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა. თუ ეს არ მოხდა, ტელეკომპანია ხდება კანონდამრღვევი, ის ხდება ურჩი გადამხდელი, ის ხდება არასათანადო ურთიერთობაში მყოფი სახელმწიფოსთან და მას შეიძლება დაეკისროს გარკვეული სანქციები. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც ჩვენ, პირველ რიგში, ვუსვამთ ხაზს“.

დავით დვალი
დავით დვალი

„რუსთავი 2“-ის დროებითმა მმართველებმა გადაწყვეტილება თავიანთი უფლებამოსილების „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილისთვის გადაცემის თაობაზე, დავით დვალის თანახმად, შესაბამისი პროცედურების გზით ცალმხრივად განახორციელეს:

“აი, ეს არის ქაღალდი, რომლითაც ჩვენ ცალმხრივად, ჩვენი მხრივ, მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებები გადავეცით ზაალ უდუმაშვილს. მას აქვს ეს ოფიციალურად. დღეს ეს გადაიგზავნება ოფიციალური მექანიზმებით, როგორც უნდა განხორციელდეს. მას აქვს უკვე ეს უფლება მინიჭებული, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, ნოტარიუსთან დამოწმებულია, ანუ სრულფასოვნად შეუძლია მას განახორციელოს. აქედან გამომდინარე, მე მინდა ხაზგასმით ვთქვა: არანაირი პრობლემა დღეიდან სასამართლოს განჩინების გასაჩივრების განხილვამდე „რუსთავი 2“-ს აღარ ექნება. მოხსნილია ეს საკითხი ჩვენი მხრიდან და მე მინდა მოვუწოდო მეორე მხარეს, რომ გაგებით მოეკიდოს ამას“.

თუმცა, დავით დვალის მოწოდების მიუხედავად, მეორე მხარე არც პრობლემას მიიჩნევს ამოწურულად და ვერც გაგებით ეკიდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული კრიზისის დაძლევისა და კომპანიის გადარჩენის იმ გზას, რომელიც სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველებისგან მოდის. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ უფლებამოსილების დელეგირების დოკუმენტი უკანონოა:

“მე ძალიან მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულებების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ისე, რომ მასზე ჩემი ხელმოწერა არ ყოფილიყო. მე გავიარე იურისტებთან კონსულტაცია და ვიცი, რომ ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა და, შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის ბათილი, ანუ უკანონოა. მე ვარ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მე მაქვს კონკრეტული ფუნქციები. მე ვხელმძღვანელობ არხის საინფორმაციო პოლიტიკას. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ვერც ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემს თავზე ვერასოდეს“.

იმავე განჩინებით, სადაც თქვენ დაინიშნეთ, აღნიშნულია, რომ თქვენი მთელი ქონებით აგებთ პასუხს ყველაფერზე, რაც „რუსთავი 2“-ში ხდება, ვერ გადააკისრებთ ამ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანებს, ვერასოდეს ვერ დაამტკიცებთ იმას, რომ აქ ვერ შემოხვედით და ამიტომ ვერ ასრულებთ თქვენს მოვალეობებს...
ნიკა გვარამია

ზაალ უდუმაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს მოუწოდებს, თუკი ოფისში შესვლა არ უნდათ, ტელეკომპანია „დისტანციურად მართონ“. თავის მხრივ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილებაშეჩერებული გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომპანიის დროებით მმართველებს დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდებს:

“იმავე განჩინებით, სადაც თქვენ დაინიშნეთ, აღნიშნულია, რომ თქვენი მთელი ქონებით აგებთ პასუხს ყველაფერზე, რაც „რუსთავი 2“-ში ხდება, ვერ გადააკისრებთ ამ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანებს, ვერასოდეს ვერ დაამტკიცებთ იმას, რომ აქ ვერ შემოხვედით და ამიტომ ვერ ასრულებთ თქვენს მოვალეობებს. თქვენ გაქვთ აბსოლუტური წვდომა ჩვენი ანგარიშების მიმართ და ჩვენი საგადასახადო ბარათების მიმართ. სრულიად უკანონოდ საგადასახადო სამსახურმა ჩვენს ბუღალტერიას ეს წვდომა გაუუქმა, საერთოდ, და მხოლოდ თქვენა გაქვთ ეს წვდომა. ამიტომ კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში“.

ვითარების სირთულეზე, თავის მხრივ, მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროცესის მონიტორინგში ჩართვის თხოვნით მათ „რუსთავი 2“-ის დროებითმა მმართველებმაც მიმართეს. მათ შორის, პირველ რიგში, დასახელდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომლის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, კითხვაზე, არის თუ არა კანონიერი ცალმხრივად გაფორმებული უფლებამოსილების გადაცემის დოკუმენტი, პასუხობს:

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

“მე მაინც ვფიქრობ, რომ უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნები რომ არ გაჩენილიყო და ყოფილიყო უდუმაშვილის თანხმობა. ნოტარიუსთან არ იყო აუცილებელი, მაგრამ ის, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ახლა არის ის, რომ თუ ბატონი უდუმაშვილი არ ეთანხმება ამ უფლებამოსილებების მიღებას, ზეპირი განცხადება საკმარისი არ იქნება და მან ამის შესახებ წერილობით უნდა განაცხადოს, ნოტარიული წესით“.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით კი, ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე განცხადება უწყებაში საერთოდ არ შესულა. შესაბამისად, „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის მიერ ზაალ უდუმაშვილზე გაცემული მინდობილობა საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა.

რაც შეეხება ზოგადად ბუნდოვანებისა და კითხვის ნიშნების თემას, როგორც 11 ნოემბერს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, პოზიციების რადიკალური დაპირისპირების ფონზე, არის საკითხი, რომელშიც „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები და მოქმედი ხელმძღვანელები ერთმანეთს ეთანხმებიან, კერძოდ, დავით დვალმა განაცხადა, რომ იგი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება ნაჩქარევად იქნა მიღებული და მასში გვხვდება საკამათო ფორმულირებები. დავით დვალი და რეზო საყევარიშვილი „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად სწორედ ამ განჩინების ძალით დაინიშნენ. მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ ტელეკომპანიაში მისვლას და მოვალეობის შესრულებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ, რაც საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის. განჩინება ქრონოლოგიურად მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, წარმოებაში მიეღო „რუსთავი 2“-ის ადვოკატების სარჩელი დაუყოვნებელი აღსრულების ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მიიჩნია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG