Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის წილისთვის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო


"რუსთავი 2"-ის ტელესტუდია
"რუსთავი 2"-ის ტელესტუდია

სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი, რომლითაც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე პრეტენზიას გამოთქვამს და უკან დაბრუნებას ითხოვს. ამასთან, იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია, რა საფუძველზე დაედო ყადაღა ტელეკომპანიის ქონებას და აპირებენ 12 აგვისტომდე სასამართლოს წესით გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება. ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მეწილეებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმაც. რა წერია მათ განცხადებაში და რა ვითარებაა ამჟამად ტელეკომპანიის ირგვლივ სასამართლო დავასთან დაკავშირებით?

ქიბარ ხალვაშის სარჩელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა „სასაცილო“, ხოლო მოსამართლის გადაწყვეტილებას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ტელეკომპანიის ქონებისა და საბანკო ანგარიშებისთვის „შოკის მომგვრელი“ უწოდა. „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში თამთა მურადაშვილისმიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სარჩელი ორი ნაწილისგან შედგება - ერთია ინტელექტუალურ საკუთრებაზე პრეტენზიის ნაწილი და მეორეა უშუალოდ ტელეკომპანიის წილებზე დავის ნაწილი:

„მტკიცებულებად საავტორო უფლებების ნაწილში მას არაფერი აქვს წარდგენილი და სარჩელში მითითებული აქვს, რომ მოწმეებს დაიბარებს და სასამართლო პროცესზე მოწმეებთან ერთად დაამტკიცებს თავის საავტორო უფლებებს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მეორე ნაწილში თანდართული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების ასლები და „რუსთავი 2“-ის ქონების, შენობის, მიწის ნაკვეთის და ზედ არსებული შენობა-ნაგებობის საკადასტრო კოდები. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, როგორ მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება, ასეთი განჩინება ამგვარი სარჩელის საფუძველზე“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო "რუსთავი 2"-ის პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას.

ვინაიდან მედიასაშუალებას შეიძლება მიადგეს ზიანი და ვინაიდან ეს ასევე გამოიწვევს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაზარალებას, ვფიქრობთ, რომ მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა არა მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით...
ანა ნაცვლიშვილი

ყადაღის დადების საფუძველთან დაკავშირებით თავისი პოზიცია განცხადებით გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ორგანიზაციაშიც მიიჩნევენ, რომ სასამართლოს არასაკმარისი საფუძვლები ჰქონდა ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების თაობაზე განჩინების გამოსატანად. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, საიას დასკვნა საქმის წინასწარ შესწავლას ეყრდნობა, ვინაიდან საქმის სრულ მასალებს არ გასცნობიან. ამასთან, მისივე თქმით, რამდენადაც „რუსთავი 2“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, მაღალრეიტინგული ტელევიზიაა, საქმეს, სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური კონტექსტიც აქვს. რაც შეეხება მოსამართლის განჩინებას ყადაღის გამოყენების თაობაზე, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის არ შეესაბამება დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს:

„ვინაიდან მედიასაშუალებას შეიძლება მიადგეს ზიანი და ვინაიდან ეს ასევე გამოიწვევს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაზარალებას, ვფიქრობთ, რომ მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა არა მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ასევე დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსამართლის ზოგადი როლით და ის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც აქვს მედიას და ის შეუქცევადი ზიანი, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში მიადგეს და, შესაბამისად, საჯარო ინტერესს, გაეთვალისწინებინა“.

ამ პროცესმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად, საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა მიიღო...
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი

„რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს 9 აგვისტოს განცხადებით გამოეხმაურნენ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც. მათი თქმით, „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზიაა და საერთო არაფერი აქვს დამოუკიდებელ მედიასთან. ისინი იმედოვნებენ, რომ სასამართლო პროცესი გამჭვირვალე იქნება და გამოავლენს, 2004 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლების ძალადობრივ და დანაშაულებრივ სისტემას და მის ზემოქმედებას მედიაზე.

„ამ პროცესმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად, საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობისა და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით", - ნათქვამია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებაში.

ამგვარი განცხადების გამო „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ისვე ეთერით ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელებს „ხელისუფლების ფსევდონიმები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი სამართლებრივი პრეტენზიები უსაფუძვლოა, სამართლებრივად ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამოც:

„აქიმიძე და დვალი არიან მთავრობის ახალი ფსევდონიმები. არსებითად მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ჭანჭიკის მეშვეობით შეუტევს ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ მედიას და „რუსთავი 2“-ს და, მასთან ერთად, ქართულ დემოკრატიას. ეს ადამიანები შეუერთდნენ სამთავრობო ჭანჭიკების ძველ გვარდიას, როგორიც იყო ე. წ. „რიჟა“ და ქიბარ ხალვაში, რასაც ვულოცავ მათ და, ცოტა არ იყოს, მოულოდნელიც იყო“.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები „რუსთავი 2“-ის ირგვლივ სამართლებრივი დავის მონიტორინგს განახორციელებენ და დავის პოლიტიკურ მდგენელზეც ლაპარაკობენ, რასაც ხელისუფლება გამორიცხავს, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ის წინასაარჩევნოდ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

თავად ტელეკომპანიის იურისტი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით 12 აგვისტომდე გაასაჩივრებს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად. საქმის არსებითი განხილვის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG