Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 23 სექტემბერი


„საქართველოს ექს-პრეზიდენტი პასუხს აგებს საბანკო ანგარიშებით“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების შესახებაა საუბარი. კერძოდ, პროკურატურამ ყადაღა დაადო 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთს ყვარელში და იქვე მდებარე საცხოვრებელ სახლს, სააკაშვილის მეუღლისა და დედის ბინებს თბილისში და ექს-პრეზიდენტის ბებიის, მზია წერეთლის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთებს. „კომერსანტის“ ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა მოქმედებს ბიძინა ივანიშვილის მითითებით, რომელიც, მისივე თქმით, მეწვრილმანე, დაკომპლექსებული და გაბოროტებული რუსი ოლიგარქია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწვეტილებასთან დაკავშირებით რუსული გამოცემა მკითხველს სთავაზობს საქართველოში გამომავალი ყოველკვირეული გაზეთ „პრემიერის“ მიმომხილველის ზურაბ გოგობერიძის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, უწყება მოქმედებს სააკაშვილის რეფორმების ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად. ფრაგმენტი სტატიიდან:

„2005 წელს სააკაშვილმა და მისმა „ახალგაზრდა რეფორმატორების“ გუნდმა მიიღო კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის უპრეცედენტოდ მკაცრი კანონი. იურიდიული ნოვაციის სახით კანონში შევიდა „დაკავშირებული პირის“ ნორმა. ასეთ პირად მიიჩნევა ნათესავი, მეგობარი ან ნებისმიერი პირი, რომლის სახელზეც, პროკურატურის ვარაუდით, გაფორმებულია დანაშაულებრივად მოპოვებული ქონება. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუკი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ექს-პრეზიდენტის მეუღლეს, დედას და ბებიას ქუჩაში დატოვებენ“.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი რუსეთში ინტერნეტის განცალკევებული, ეროვნული ქსელის შექმნის შესახებ წერს. რუსეთში ხმამაღლა ლაპარაკობენ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ქვეყნის გლობალური ქსელიდან გამორთვის შესაძლებლობაზე. გაზეთის მიხედვით, ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის მინისტრმა ნიკოლაი ნიკიფოროვმა, რომლის თქმითაც, ბოლო დროს რუსეთს უხდება ცალმხრივ სანქციებზე რეაგირება: ხან საბანკო ბარათებს ბლოკავენ, ხანაც ევროპარლამენტი იმუქრება SWIFT- ის გათიშვით. „ ამ პირობებში ვამუშავებთ სცენარს, რათა მზად ვიყოთ იმ დროისათვის, როცა ჩვენი პატივცემული პარტნიორები უცბად გადაწყვეტენ ინტერნეტის გათიშვას“, უთქვამს რუსეთის კავშირგაბმულობის მინისტრს, თუმცა „ნეზავისიმაია გაზეტას“ რედაქცია იქვე შენიშნავს, რომ რუსეთს არავინ გაუთიშავს ინტერნეტს, თუკი თავად არ გადაწყვეტს დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებას. გაზეთი ასევე ციტირებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებას: „ცნობილია, თუ ვინ არის გლობალური ქსელის მთავარი ადმინისტრატორი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. ასეთი ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, ამაზე ვფიქრობთ“.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ მიხედვით, ერთ-ერთი პირველი, ვინც გლობალური ინტერნეტის ალტერნატიული ქსელით ჩანაცვლების იდეით გამოვიდა, სენატორი მაქსიმ ქავჟარაძეა, რომლის თქმითაც, დასავლეთის სანქციების პასუხად რუსეთმა უნდა შექმნას ინტერკომუნიკაციური ქსელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნებთან - ბელორუსიასთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან.

რედაქცია მკითხველს ასევე სთავაზობს ბლოგერ ოლეგ კოზირევის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, რუსული ინტერნეტის მოკვლა სავსებით შესაძლებელია. ამისთვის კი საჭიროა აიძულო ყველა პროვაიდერი გადაიტანოს ყველა სერვერი და IP მისამართი რუსეთში ანდა სისხლის სამართლებრივი დევნის მუქარით აკრძალონ ინტერნეტის გამოყენება, ის კი, რასაც სანაცვლოდ სთავაზობენ, ინტერნეტი არააა.

თუმცა „ნეზავისიმაია გაზეტას“ რედაქცია ვარაუდობს, რომ ინტერნეტის გათიშვამდე საქმე არ მივა. უბრალოდ, რუსეთის ხელისუფლება აპირებს დასავლეთთან დაპირისპირება გამოიყენოს ინტერნეტზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების გასამართლებლად.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG